დიდი 10. XIV ტურის წინ: შეხვედრები არატრადიციულ დროს

AutoSharing Option
© ანი რეხვიაშვილი

დიდი 10-ის მე-14 ტურის შეხვედრები არატრადიციულ დროს, შუა კვირაში გაიმართება. ორი თამაში ხუთშაბათს, ორიც კი პარასკევსაა ჩანიშნული, ხოლო ერთი შეხვედრა კვირას დაიგეგმა.

ამის მიზეზი "ბორჯღალოსნების" შეკრებაა, რომელიც წელსაც ეწვევა ინგლისს და პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთობლივ წვრთნებს გამართავს, საიდანაც ბრიუსელში ჩავა და 2 მარტს ბელგიის ნაკრებს შეხვდება.

ტური 21 თებერვალს, 15 საათზე ქუთაისში გაიხსნება, სადაც "აია" თბილისის "ლელო-სარასენსს" უმასპინძლებს. ბოლო ორ ტურში გუნდებს წარუმატებელი თამაშები ჰქონდათ, რის გამოც მათი პლეი-ოფში მოხვედრის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და
მომავალი მატჩის შედეგს ამ კუთხით უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

"ლელო-სარასენსმა" თებერვალში ორივე თამაში დათმო - ჯერ ბათუმში (11:21) და მერე თბილისში უშუალო კონკურენტ გორის "ჯიქთან" (9:29). შედეგად, ის 28 ქულით ექვსეულს მიღმა აღმოჩნდა და უკან დასახევი გზა აღარ შერჩა, მით უმეტეს, რომ "აია" უშუალო კონკურენტია. ქუთაისელები თებერვლის დასაწყისში შინ "აკადემიასთან" მოულოდნელად დამარცხდნენ (3:13), მერე რუსთავში "ხარებს" ფრედ ეთამაშნენ (22:22) და "ლელო-სარასენსს" მხოლოდ 4 ქულით უსწრებენ (32 ქულა და მე-4 ადგილი).

გუნდების ტრადიციებისა და შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, გერმანელთა სტუმრობამდე (10 მარტი) ქუთაისელ გულშემატკივარს საინტერესო ბრძოლის ხილვის შანსი აქვს. პირველ წრეში თბილისელებმა მეტოქე "ლელო არენაზე" 23:13 დაამარცხეს.

დიდი ჯახია მოსალოდნელი გორშიც, სადაც ადგილობრივი "ჯიქი" ლიდერ "ბათუმს" 17 საათზე დაუხვდება. ახალი წლის შემდეგ გორელებმა თამაშის ხარისხი გააუმჯობესეს, სამიდან ორი თამაში ბონუსით მოიგეს ("აკადემიასთან" 31:5 და უშუალო კონკურენტ "ლელო-სარასენსთან" 29:9), "ხარებთან" კი გარდასახვა ვერ გაიტანეს და მხოლოდ ქულას დასჯერდნენ - 22:23. 11-მა მოპოვებულმა ქულამ და კონკურენტების წარუმატებლობამ, მათ საპლეიოფო ექვსეულში შესვლის შესაძლებლობა მისცა და ახლა იქ ფეხის მოკიდებას ეცდებიან. ამჟამად "ჯიქი" 30 ქულით მეხუთეა.

"ბათუმი" 50 ქულით პირველია, უახლოეს მდევარს 7 ქულით უსწრებს და თავს კომფორტულად გრძნობს. ზღვისპირელებმა წელი ცუდად დაიწყეს. მათ "ხარების" კომპლექსი ვერ დაძლიეს, მიმდინარე სეზონში სულ მეორე მარცხი იწვნიეს და მეორედაც რუსთაველებისგან (8:13), თუმცა მერე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ და ორი თამაში მოიგეს, მეორე პატარძეულის "ვეფხვებთან" ბონუსით. პირველ წრეში ამ გუნდებმა ბათუმში ითამაშეს და მასპინძლებმა 24:20 მოიგეს.

პარასკევს, 22 თებერვალს, პატარძეულში "ვეფხვები" მარნეულის "არმაზს" 15 საათზე მასპინძლობს. დიდი 10-ის დებიუტანტმა სახელის მოხვეჭა კი მოასწრო, მაგრამ 2019 წელს სამივე თამაში წააგო. მან ორი შეხვედრა ("ლელო-სარასენსთან" 16:22 და "არმიასთან" 20:23) ბოლო წუთებზე გაშვებული ქულებით დათმო, "ბათუმს" კი კონკურენცია ვერ გაუწია (10:38). შედეგად, ის 16 ქულით მე-9 ადგილს კი ინარჩუნებს, მაგრამ გასავარდნი ზონის სიმხურვალე უკვე 1 ქულამდე დავიდა.

სეზონი კარგად დაიწყო მარნეულის "არმაზმაც", მაგრამ ბოლო დროს საკადრო პრობლემები შეექმნა და ეს შედეგებზე მკვეთრად აისახა. მარნეულელებმა წელს სამივე თამაში წააგო და ქულაც ვერ აიღო, სულ კი, ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი წააგო, ერთი ფრედ დაასრულა და ჯამში მონაგარს 3 ქულა შემატა. "არმაზი" 29 ქულით მე-6 ადგილზეა, თუმცა ასე გაგრძელების შემთხვევაში მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. პირველ წრეში "არმაზმა" "ვეფხვებს" 55:15 მოუგო.

პარასკევს საღამოს, 17 საათზე, ცენტრალური მატჩია "ავჭალაზე" - ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "ლოკომოტივი" რუსთავის "ხარებს" მასპინძლობს. ეს გუნდები მეორე-მესამე ადგილზე არიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა. მოგეხსენებათ, რეგულარული გათამაშების მეორე ადგილზე დასრულება, პლეი-ოფში უპირატესობას იძლევა და ამრიგად, მომავალი შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს.

წლის პირველი ორი მატჩი ორივე გუნდმა მოიგო, გასულ ტურში კი, ფეხი ორივეს დაუცდა. "ხარებმა" "აიას" დამარცხება ვერ შეძლო და მასთან ქულები გაიყო, ხოლო "ლოკომოტივი" "აკადემიასთან" 25:26 დამარცხდა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა. პირველ წრეში რუსთაველებმა რკინიგზელებს 13:7 აჯობეს.

ტური კვირას, "ავჭალაზე" დედაქალაქური დერბით დასრულდება. "არმია" "აკადემიას" 14:30 საათზე ეთამაშება. ბოლო დროს ორივე გუნდი წარმატებით თამაშობს და ბუნებრივია, მადაც მოემატათ. "არმიამ" დრამატულ მატჩში ჯერ უშუალო კონკურენტ "ვეფხვებს" სძლია (23:20), მერე "არმაზი" 28:5 დაამარცხა და უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი გაუჩნდა. "არმია" 15 ქულით ბოლო ადგილზე კი რჩება, მაგრამ ახლა პატარძეულელებს მხოლოდ ქულით ჩამორჩება და წარმატებული სერიის გაგრძელებით მის აღმოფხვრას ეცდება.

ორი თამაში მოიგო "აკადემიამაც". "მხატვრებმა" ქუთაისში "აიას" დამარცხების (13:3) შემდეგ, გასულ ტურში საქართველოს კიდევ ერთ ტიტულოვან კლუბ "ლოკომოტივს" 26:25 სძლია და ექვსეულში შესვლის შანსი გაუჩნდა. "აკადემია" 24 ქულით მე-8 პოზიციაზე რჩება, თუმცა ექვსეულს მხოლოდ 5 ქულა აშორებს და წინ კიდევ 5 თამაშია. პირველ წრეში "აკადემიამ" "არმიას" 28:12 მოუგო.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული