კონტინენტის ფარი: "ბათუმი" რუმინეთში ოპტიმისტური განწყობით გაემგზავრა

AutoSharing Option
დღეს გამთენიისას საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ‘ბათუმი’ რუმინეთში გაემგზავრა, სადაც ქვეყნის ჩემპიონ ‘ტიმიშოარა-სარასენსთან’ რევანშის აღებას და ევროპული რაგბის კონტინენტის ფარის ნახევარფინალში გასვლას ეცდება.

პირველი მატჩი გასულ შაბათს ბათუმში, წვიმიან ამინდში გაიმართა და სტუმრებმა 5-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს - 11:6. ამ თამაშამდე ერთი თვით ადრე, ‘ბათუმმა’ ‘ტიმიშოარა-სარასენსს’ ჯგუფურ ეტაპზე უმასპინძლა და 20:17 სძლია. ამ გომცდილების ფონზე, ზღვისპირელთა მწვრთნელი დავით გუგუშვილი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი გასვლით შეხვედრას სასურველი შედეგით დაასრულებს, ანუ 5-ზე მეტი ქულის სხვაობით მოიგებს:

„რუმინეთში რევანშის ასაღებად მივდივართ. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე იანვარში
ბევრად უფრო ძლიერი შემადგენლობით გვეწვია, ვიდრე დეკემბერში, თავი ბევრი ვერაფრით დაგვამახსოვრა. სამწუხაროდ, ჩვენ პრაქტიკულად ყველა ასპექტში ტექნიკური წუნი გვქონდა, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და მარცხი ამან განაპირობა“.

„ვარჯიშებზე ამ შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშავეთ. იმედია, რუმინეთში უკეთესი ამინდი და მოედნის საფარი დაგვხვდება, რაც ჩვენი მიზნების განხორციელებაში დაგვეხმარება. შანსები თანაბარია, ვეცდებით სწრაფი ლელოთი ანგარიში დებიუტშივე გავათანაბროთ და უფრო დალაგებული თამაში ვაჩვენოთ, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს“.

რა ხდება თანაფარდობის შემთხვევაში

თუ ბათუმმა ‘ტიმიშოარა-სარასენსი’ 20 იანვარს 5 ქულის სხვაობით დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში თანაფარდობა დაფიქსირდა, ამოქმედდება დებულების 2.5.3 და 2.5.4 მუხლები, ასევე მე-2 და მე-3 დანართები, რომლის თანახმად:

შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებიდან 5 წუთში დაიწყება დამატებითი დრო - ორი 10-წუთიანი ტაიმი 1-წუთიანი შესვენებით;

თუ ამის შემდეგაც ფრეა, შედარდება ორივე მატჩის 180 წუთში (80+80+20) გატანილი ლელოები და შემდეგ ეტაპზე გავა გუნდი, რომელსაც მეტი ლელო ექნება გატანილი;

თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარია, მოეწყობა შუთაუთი:

თითო გუნდი გამოჰყოფს სამ-სამ მოთამაშეს, რომლებიც კარში 22 და 40 მეტრიანიდან, სამი პოზიციიდან - კარის პირდაპირ და ორივე კიდიდან 15 მეტრზე - რიგრიგობით დაარტყამენ;

თუ საწყისი 6-დარტყმიანი სერიაც ფრედ დასრულდა, შეჯიბრი გამარჯვებულის გამოვლენამდე გაგრძელდება, თითო დარტყმით - 40 მეტრიდან კარის პირდაპირ.

ეს ყველაფერი არ გახდება საჭირო, თუ ‘ბათუმმა’ ძირითად დროშივე 6 და მეტი ქულის სხვაობით იმარჯვა. მარცხის, ფრის, ან 4 და ნაკლები ქულის სხვაობით მოგების შემთხვევაში, შემდეგ ეტაპზე ‘ტიმიშოარა-სარასენსი’ გავა.

თითქმის იგივე შემადგენლობით

თამაში არა ‘ტიმიშოარა-სარასენსის’ მშობლიურ ქალაქ ტიმიშოარაში, არამედ კლუჟში გაიმართება და საქართველოს დროით 16 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ, ტრავმა ვერ მოიშუშა და განმეორებით მატჩსაც გამოტოვებს ბექა ურჯუკაშვილი. გუგუშვილის თქმით, სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება იქნება:

„ექიმებმა კარგად იმუშავეს და ტარიელ დონაძე უმოკლეს დროში ფეხზე დააყენეს. ტრავმა მოიშუშა და ითამაშებს ალექსი ტუჩაშვილი. ბევრად უკეთ გრძნობს თავს ბექა მამრიკიშვილი და რუმინეთში თამაშს ის დაიწყებს“.

ბათუმური მატჩის შემდეგ გუნდი გონიოში დაბრუნდა, სადაც გასული კვირა გაატარა და ოთხშაბათამდე, ანუ თბილისში გამომგზავრებამდე შეკრებაზე დარჩა.

„ვიდეო-ანალიზის შემდეგ, ეს სამი დღე ჩვენი შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ. ვფიქრობთ, რომ კარგ ფორმაში ვართ და რუმინეთიდან რაგბის ქართველ ქომაგს გავახარებთ“ - ამბობს გუგუშვილი.

სასურველი სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში ‘ბათუმი’ კონტინენტის ფარის ორრაუნდიან ნახევარფინალში გერმანული ‘ჰაიდელბერგისა’ და იტალიური ‘კალვიზანოს’ წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი მასპინძელმა გერმანელებმა 34:29 მოიგეს.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
Stimi icit vinmem
mate
13:01 19-01-2018
0

სიახლეები პოპულარული