საქართველო XV: ლევან მაისაშვილისა და ლევან ობოლაძის შეფასებები

AutoSharing Option
გოგიტა ბუხაიძის ფოტო

"ბორჯღალოსნების" დაცვის მწვრთნელი და "ლელო-სარასენსის" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, ასევე, საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებისა და რაგბის კლუბ "აკადემიის" მთავარი მწვრთნელი ლევან ობოლაძე, "რაგბის ზაფხულის თასსა" და საქართველო XV-ის მიერ ჩატარებულ პირველ შეხვედრას დადებითად აფასებენ.

ორივე თვლის, რომ გუნდის დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტება სწორი გადაწყვეტილება იყო და ეს ჩვენი შიდა ჩემპიონატის დონეს აამაღლებს.

"იმ მოთამაშეებისთვის, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში საკმარისი სათამაშო დრო არ ჰქონდათ, ასეთი ტიპის ტურნირები უმნიშვნელოვანესია. ეს გააფართოებს იმ მოთამაშეთა სიას, რომელთაც საერთაშორისო დონის გამოცდილება ექნებათ. სამწუხაროდ,
ჩვენი ლეგიონერების ერთ ნაწილს კლუბში სისტემატურად არ უწევს თამაში, რაც ნაკრებისთვის დიდი პრობლემაა. დიდი კლუბის ესპუარებში თამაში ტრამპლინისთვის ძალიან კარგია, რათა მერე მოთამაშე პირველ გუნდში დაწინაურდეს, თორემ ეს დონე სანაკრებო მოთხოვნებისთვის არასაკმარისია.

არგენტინის ამ ფორმაციის, საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან თამაშმა კი დაგვანახა, რომ დიდი 10-ის მორაგბეები ასეთ მოთამაშეებს არაფრით ჩამოუვარდებიან - არც თავდადება აკლიათ და არც ტექნიკური და ტაქტიკური მომზადება. ქართული რაგბის კიდევ უფრო განვითარებისთვის აუცილებლად გვჭირდება უფრო მაღალი დონის შიდა ჩემპიონატი, ასევე, საერთაშორისო დონეზე მეტი თამაში და ეს ტურნირი ამ მხრივ ძალიან ბევრის მომტანი იქნება" - ამბობს მაისაშვილი.

მას ეთანხმება ობოლაძეც, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი თამაშები დიდი 10-ის მოთამაშეების მოტივაციას გაზრდის:

"საქართველო XV ეროვნულ ნაკრებამდე მისასვლელი გზაა და მოხარული ვარ, რომ ის დიდი 10-ის მოთამაშეებით დაკომპლექტდა. ძნელია, ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობას მხოლოდ ვარჯიშებით მოაწონო თავი და ამ ფორმაციის გუნდის შემადგენლობაში თამაში მწვრთნელებს მათ რეალურ ძალას დაანახებს რეალური წნეხის ქვეშ. განსაკუთრებით კარგია, რომ ვეთამაშებით ისეთ ძლიერ გუნდებს, როგორებიც არგენტინა XV და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებები არიან, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად პროგრესირებს და აშშ-ის ნაკრებიც კი დაამარცხა.

სამწუხაროდ, საკლუბო დონეზე საერთაშორისო თამაშებით განებივრებულნი არ ვართ და ეს ნაკრები გაზრდის დიდი 10-ის მოთამაშეთა მოტივაციას. გარდა იმ ბიჭებისა, რომლებიც უკვე ვარჯიშობენ ეროვნულ გუნდთან ერთად, საქართველო XV-ში გამოძახებულია 34 მოთამაშე და ვიღებთ ძალიან დიდ ციფრს იმ მორაგბეებისა, რომლებიც ამ გამოცდილებას შეიძენენ. ახლა უკვე ყველას მოუნდება ამ გუნდში მოხვედრა და ინდივიდუალურად, მოთამაშეები საკუთარ თავს მეტ ყურადღებას დაუთმობენ. კარგია ისიც, რომ საქართველო XV-ში თამაშობენ როგორც ახალგაზრდა, ასევე 35 წლის მორაგბეები, რაც იმის ხაზგასმაა, რომ შანსი ყველას ექნება".

პირველი თამაშის შემდეგ
საქართველო XV-მა "რაგბის ზაფხულის თასის" პირველ მატჩში არგენტინა XV დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. პირველ ტაიმში 15-ქულიანი (7:22) ჩამორჩენის შემდეგ გუნდმა მობილიზება შეძლო, მეორე ნახევარში 16 უპასუხო ქულა აიღო და 23:22 იმარჯვა.

მაისაშვილი იმ სირთულეებზე საუბრობს, რომლებიც ასეთ შეზღუდულ ვადებში მომზადებისას იჩენს ხოლმე თავს და ამ ფონზე ასეთ გამარჯვებას კიდევ უფრო დიდ მიღწევად აფასებს:

"იმ დროში, რაც ჩვენს მწვრთნელებს ჰქონდათ გუნდის მოსამზადებლად, ეს იყო მაქსიმუმის მაქსიმუმი. სტატიკური ფაზებიდან უმარტივესი ლელოები მივიღეთ, რაც სწორედ დროის სიმცირის და შეუთამაშებლობის შედეგი იყო. მაგრამ შესვენებისას მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა სწორი ანალიზი გააკეთეს და თამაშის შემოტრიალება მოახერხეს.

ჩემთვის სასიამოვნო სანახავი იყო ის სულისკვეთება და ბრძოლის ჟინი, რამაც მოთამაშეთა მოტივაცია პიკში აიყვანა. აგრესიული თამაშით გუნდმა მეტოქე წნეხში მოაქცია. აქ იყო თავისუფალი გადაწყვეტილებებიც, ძალისმიერი და გაშლილი თამაშიც, რაც წარმატების საწინდარია.

ცალკე უნდა აღინიშნოს თედო აბჟანდაძის ბრწყინვალე თამაში, რომელიც არაორდინარული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა და მიუხედავად ასაკისა, არ აქვს შეცდომის დაშვების შიში. ის წლიდან წლამდე იზრდება და დარწმუნებული ვარ, ასაკის მატებასთან ერთად პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება".

მოსამზადებელი დროის სიმცირეზე საუბრობს ობოლაძეც და ამის ფონზე ამ გამარჯვებას მოულოდნელს უწოდებს:

"ჩემთვის მოულოდნელი იყო ეს გამარჯვება, განსაკუთრებით, პირველი ტაიმის შემდეგ. 10 დღეში ყველა ნიუანსის დახვეწა და ტოლ-სწორად თამაში ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც არგენტინა XV-ია, ძალიან ძნელია. არასაკმარის დროს, როგორც ჩანს, ემოციური ფონიც დაემატა და პირველ ტაიმში ბიჭებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს. შეცდომების ფონზე ისინი კიდევ უფრო ჩაიკეტნენ, თუმცა მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. მოთამაშეებმა დავალებები შეასრულეს, ღია თამაშს არგენტინაც არ ელოდა და საქართველო XV-მა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა".

სანაკრებო კანდიდატები
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბისთვის ეს ტურნირი კანდიდატების და რეზერვის საქმეში ხილვის საშუალებაა. მაისაშვილი ამბობს, რომ მათ სამიზნეში, აბჟანდაძის გარდა, კიდევ რამდენიმე მოთამაშეა:

"ჩემთვის ამ მოთამაშეების შესაძლებლობები დიდი 10-დანაც ცნობილია. ვისგანაც კარგ თამაშს ველოდი, მათ იმედები გამიმართლეს და ამის შესახებ მილტონ ჰეიგსაც ვესაუბრე. ველოდები მეორე თამაშს და მილტონთან მის შემდეგაც მექნება საუბარი. ამ შემადგენლობაში არიან ბიჭები, რომელთაც გაფართოებულ შემადგენლობაში მოვიაზრებთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებში, თავ-თავიანთ პოზიციებზე, მათ კონკურენციას გაუძლონ".

მაისაშვილი ფიქრობს, რომ მეორე შეხვედრაში, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან, საქართველო XV-ს იოლი გასეირნება არ ექნება:

"არგენტინელები ძალიან კარგ რაგბის თამაშობდნენ. განსაკუთრებით მომეწონნენ რაქებში და ხელდახელ სახიფათოდ უტევდნენ. "რასინგი" პროფესიონალებით დაკომპლექტებული კაცთა გუნდია, რომელიც, რა თქმა უნდა, აშკარა ფავორიტია. მათთან შეხვედრაში ბრაზილიელები ერთი-ერთზე თამაშისას ფიზიკურად და კლასით დაიჩაგრნენ. ბურთით ისინი საკმაოდ სწრაფები და სახიფათონი არიან. ბრაზილიამ აშშ დაამარცხა, "რასინგსაც" ბრწყინვალე ლელო გაუტანა და საქართველო XV-ისთვის ის საინტერესო მოწინააღმდეგე იქნება".

მწვრთნელთა განვითარებისთვის
"რაგბის ზაფხულის თასი" და მისი რეგულარულად გამართვა ქართული რაგბისთვის სხვა მხრივაც საინტერესოა, რის შესახებაც ობოლაძე საუბრობს:

"მსოფლიო კლასის გუნდი გვეწვია და მქონდა ბედნიერება, მის ყველა ვარჯიშს დავსწრებოდი. "რასინგის" მწვრთნელებმა ქართული კლუბების მწვრთნელებს სემინარი ჩაგვიტარეს, სადაც ჩვენთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს. მათ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ყველა ვარჯიშს დავსწრებოდით. ისინი გახსნილები არიან, ჩვენთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ყველა თემაზე გვესაუბრებიან, გვაწვდიან საჭირო ინფორმაციას. ფაქტობრივად, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში, ჩვენთან, თბილისში 10-დღიანი სტაჟირება გვაქვს, რაც ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის, განვითარების შესანიშნავი საშუალებაა".

ასევე, გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რაგბის კავშირის ორგანიზებით, "რასინგის" სამედიცინო შტაბმა სრკ-ის მოთამაშეთა კეთილდღეობის პროგრამაში მომუშავე სამედიცინო პერსონალს შესაბამისი სემინარი ჩაუტარა.

altსაქართველო XV-მა "რაგბის ზაფხულის თასის" პირველ მატჩში გაიმარჯვა

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ტურნირი ქართული რაგბისათვის აუცილებელზე აუცილებელი იყო.გამოჩნდა,რომ ადგილობრივი ძალებითაც კი შესაძლებელია ძალიან საინტერესო და საკმაოდ მძლავრი ნაკრების შედგენა.უამრავი შეცდომით სავსე თამაშმაც კი თვალდათვალ დაგვარწმუნა,რომ ამ ბიჭებს ძალიან დიდი რეზერვი აქვთ/მნიშვნელობა არა აქვს,ეს არგენტინის მეორე ნაკრებია,მესამე,თუ მეოთხე.აქ ჩვენი ნაკრების,საქართველოს ჩემპიონატის რეზერვი გამოჩნდა ცხადად,ეს რა თქმა უნდა თვითონ ბიჭებმა ჩვენზე უკეთ იგრძნეს და ეს მათ თვითშეფასებაზე ძალიან დადებით გავლენას მოახდენს,ახლა ჩვენი რომელი კლუბიც გინდათ,ის გაუშვით,ბათუმელების გამოსვლამ და ამ თამაშმა ყველა დაარწმუნა,რომ ჩვენი კლუბები ევროპის ტურნირებზე თავს არ შეირცხვენენ და ისიც მჯერა,ეს ტურნირი შარშან რომ ჩატარებულიყო,ბათუმი იმ გამოცდილებით,ევროპის ფარზე თუ რა ერქვა,ფინალში გავიდოდა.
და კიდევ,დიდი მადლობა ფრანგებს,რომლებიც უშურველად გვიზიარებენ თავიაანთ უდიდეს ცოდნა გამოცდილებას და უდიდესი დამსახურება მიუძღვით ქართული რაგბის განვითარების საქმეში,კლოდ სორელიც ხომ ფრანგი იყო და მან შესძლო ბორჯღალის მსოფლიო თასზე გაყვანა იმ დროს,როცა ქვეყანაში სულ 200 რეგისტრირებული მორაგბე თამაშობდა და რომელმაც თავისი საკუთარი ფულით შეუძინა ნაკრებს ვიდეომაგნიტოფონი(თითქოს დიდი არაფერი,მაგრამ მაშინ ამას ნაკრებისათვის ოქროს ფასი ჰქონდა და ნათლად გამოჩნდა ამ ადამიანის დამოკიდებულებაც).
სოსო
31 ივლისი 2018 18:24
0
სამწუხაროდ, ბრაზილიასტან წაგებამ გვიჩვენა. თქვენი მოსაზრება, რომ "ადგილობრივი ძალებითაც კი შესაძლებელია ძალიან საინტერესო და საკმაოდ მძლავრი ნაკრების შედგენა" არ შეესაბამება დღევანდელ სინამდვილეს.
ჩვენ მივდივართ ამ გზაზე, მაგრამ ჯერ მხოლოდ დასაწყისია....
კოტე
04 აგვისტო 2018 00:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული