გოჩა სვანიძე: არ მინდა, ზედმეტად კრიტიკული ვიყო, თუმცა გულისტკივილით უნდა აღვნიშნო

AutoSharing Option
წლის შემაჯამებელ, ნოემბრის "თი ბი სი რაგბის" სერიების მატჩებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება.

2018 წელი წარმატებით დაასრულეს 20 და 18-წლამდელთა ნაკრებებმა. წელს პირველად, საქართველომ "ზაფხულის თასს" უმასპინძლა, სადაც "საქართველო XV"-მ ითამაშა.

ამ და სხვა საინტერესო თემებზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, ბატონ გოჩა სვანიძეს rugby.ge ესაუბრა:

- ცოტაოდენი ხნის წინ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში შერკინების მწვრთნელად ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი გრეემ როუნთრი დაინიშნა. როგორ შეძელით ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის დაყოლიება?
- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ის მსოფლიო რაგბიში მაღალი რეპუტაციის მქონე, ძლიერი
სპეციალისტია და რაც ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი პიროვნებაა. მისი დაყოლიება რთული არ აღმოჩნდა: როგორც კი გაიგო, რომ საქართველოს ნაკრებთან მოუწევდა მუშაობა, ყოყმანის გარეშე გამოთქვა ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი და კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით, მისი აგენტი დაგვიკავშირდა. ქართულ რაგბის, განსაკუთრებით კი, მისი შერკინების ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე, როუნთრისთვის ჩვენი წინადადების მისაღებად საკმარისი აღმოჩნდა.

- კონტრაქტი 2019 წლის მსოფლიო თასის დასრულებამდე გაფორმდა. თუ განიხილება კონტრაქტის გახანგრძლივების პირობა და როგორი იქნება მისი სამუშაო განრიგი?
- კონტრაქტი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გაფორმდა და მის გახანგრძლივებაზე ჯერ საუბარი არ ყოფილა. ახლა მხოლოდ ერთი საზრუნავი გვაქვს - იაპონიის მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების ღირსეული გამოსვლა. შეკრებების დროს როუნთრი ნაკრებთან ერთად საქართველოში იქნება, ხოლო როდესაც მოთამაშეები კლუბებს დაუბრუნდებიან, ის მათ პერიოდულად, ორკვირიანი ვადით მოინახულებს და მათი მომზადების ხარისხს შეამოწმებს.

- სულ მალე წლის შემაჯამებელი, ნოემბრის ტესტები, "თი ბი სის რაგბის" სერიები გველის, რომელსაც ფლორენციაში იტალიასთან მატჩით ვიწყებთ და თბილისში სამოა-ტონგასთან შეხვედრებით დავასრულებთ. რა მოლოდინები გაქვთ ამ შეხვედრებისგან?
- იტალიასთან მატჩს ელის არა მარტო ქართველი გულშემატკივარი, არამედ თითქმის მთელი მსოფლიო. მოდით, ვიყოთ ობიექტურები - დღესდღეობით იტალია ჩვენზე სტაბილური გუნდია. მას გააჩნია ფუფუნება იმისა, რომ მუდმივად ძლიერ მეტოქეებს შეხვდეს და ითამაშოს შესაბამისი დონის რაგბი. ჩვენც მოვუხშირეთ ასეთ თამაშებს, თუმცა მათი რაოდენობა საკმარისი არ არის. მიუხედავად ამისა, გვაქვს დაუოკებელი სურვილი, რომ სიხარული მივანიჭოთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს, რომელიც ამას იმსახურებს და რისი ნაწილიც ჩვენც ვართ. მე მწამს ჩვენი ბიჭების, მათი პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმის. მათ არაერთხელ მოუხდენიათ პატარ-პატარა სასწაულები. კრიტიკულ ვითარებაში ჩვენ არათუ მოვდუნდებით, პირიქით, უფრო შევიკვრებით. დარწმუნებული ვარ, რომ ფლორენციაში გასამართი მატჩის შემდეგ ქართველებს დამწუხრების საბაბს არ მივცემთ.

- წელს ჩვენმა ნაკრებმა რაგბი ევროპისა და ანთიმოზ ივერიელის თასები დაიბრუნა. როგორ შეაფასებთ ნაკრების მიერ ჩატარებულ თამაშებს?
- ერთა თასისა და ანთიმოზ ივერიელის თასის დაბრუნება კარგია, თუმცა აჯობებდა, შარშან არ დაგვეკარგა. რაგბი ევროპის მონაწილეთა თამაშის ხარისხი აშკარად იზრდება, განსაკუთრებით, ესპანეთის და ნაწილობრივ რუსეთის. ამ ტურნირში რუმინეთი ტრადიციულად გამორჩეულია. წელს ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი არ იყო ისეთი, რასაც მსოფლიო თასზე ველით და ეს ბუნებრივიცაა. მწვრთნელები ამ ტურნირს ექსპერიმენტული შემადგენლობების გამოსაცდელად იყენებენ, რათა მაქსიმალურად დიდი რაოდენობით მოთამაშეს მიეცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა.

- წელს უმაღლეს შედეგებს მიაღწიეს საქართველოს 20 და 18-წლამდელთა ნაკრებებმა. პირველმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი თამაში მოიგო, მეორე საფრანგეთის ძლევით ევროპის ჩემპიონი გახდა...
- ბავშვთა და მოზარდთა რაგბიში რამდენიმე წელია აქცენტი სარაგბო უნარების ათვისება-განვითარებაზე კეთდება, რამაც შედეგების გამოღება დაიწყო და მომავალში კიდევ უფრო მეტს ველით. რაგბის მზარდმა პოპულარობამ ბევრ ნიჭიერ ბავშვსა და მოზარდს თავისი ნიჭის გამოვლენის საშუალება მისცა. სწავლების პროცესი კიდევ უფრო დასახვეწია. მწვრთნელებსა და პედაგოგებს თავის თავზე კიდევ მეტი მუშაობა სჭირდებათ. 10-17 წელი მოზარდისთვის ის ასაკია, როდესაც მან სრულად უნდა აითვისოს ძირითადი სარაგბო უნარ-ჩვევები და ისწავლოს საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობა, უნდა მოირგოს საკუთარი სტილი და გამოავლინოს ის ნიჭი, რაც მას დაბადებიდან მიეცა. ეს არ არის მარტივი პროცესი. მწვრთნელის უმთავრესი ამოცანაა, ისე გადასცეს მას სარაგბო უნარები, რომ ინდივიდუალურობა არ დაუკარგოს. და თუ საკუთარი სტილის პოვნაში დაეხმარება, ეს უკვე უმაღლესი პილოტაჟია.

- დავუბრუნდეთ თემას - 18-წლამდელებმა დაამტკიცეს, რომ სწორად შერჩეული ტაქტიკით, დისციპლინითა და მონდომებით, შენზე ძლიერი და გამოცდილი მეტოქის დამარცხება შესაძლებელია. ჩვენ ამის რწმენა ძალიან გვჭირდებოდა და დავით ჩავლეიშვილის ხელმძღვანელობით, მწვრთნელთა მიზანმიმართულმა შრომამ შედეგი გამოიღო...
- 20-წლამდელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი გამარჯვებით (აქედან ორი 6 ერის ქვეყნებთან) და საერთოდ, ყველა მატჩში ნაჩვენები მაღალი ხარისხის თამაშით, გულშემატკივარს უდიდესი სიხარული მიანიჭეს. ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად, ეს შედეგი სწორად დაგეგმილმა მოსამზადებელმა პერიოდმა განაპირობა, როგორც მთლიანი ტურნირისთვის, ასევე კონკრეტული მატჩისთვის. დიდებულად იმუშავეს ქართველმა მწვრთნელებმა, ილია მაისურაძის თავკაცობით. მათ გუნდი შესანიშნავად მოამზადეს ტაქტიკურად, მენტალურად და ფიზიკურად.

- 20-წლამდელთა ნაკრების წარმატება დიდწილად სწორად დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპის შედეგი იყო - შეკრება საფრანგეთსა და სამხრეთ აფრიკაში ამ ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებებთან ორ-ორი თამაშით. ინგლისის საგრაფოების ძალიან ძლიერი ნაკრების ვიზიტი თბილისში. 2019 წლისთვისაც ექნებათ 20-წლამდელებს მსგავსი მაღალი დონის თამაშები?
- იმისათვის, რომ სტაბილურად ვითამაშოთ მაღალ დონეზე, აუცილებელია ბევრი თამაში მაღალი დონის გუნდებთან და ამისათვის არაფერს დავიშურებთ. არა მხოლოდ 20-წლამდელები, არამედ 18-წლამდელებიც და უფრო პატარებიც, თავიანთ კლუბებში უნდა თამაშობდნენ მაღალი დონის სარაგბო ქვეყნების გუნდებთან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ და კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით გავაგრძელებთ.

- ცოტა ხნის წინ ევროპის გრან პრი დაასრულა ჩვენმა 7-კაცამ. პირველ ორ ეტაპთან შედარებით, მესამე და მეოთხე ეტაპი წარმატებული იყო. 7-კაცა რაგბი ოლიმპიური სახეობაა და როგორ გესახებათ ამ მიმართულების განვითარება?
- წლევანდელი წელი შვიდკაცა ნაკრების იმ ბირთვის შექმნას ემსახურებოდა, რომელმაც მომავალში შედეგი უნდა მოიტანოს. ამ მიმართულებით ერთი აუცილებელი ნაბიჯია გადასადგმელი - რეგიონებში 7-კაცა რაგბის ბევრი ტურნირის ჩატარება და ნიჭიერი მოთამაშეების მოზიდვა. ვფიქრობ, საქართველოს გააჩნია იმის პოტენციალი, რომ 15-კაცასგან დამოუკიდებელი 7-კაცა ნაკრები ჰყავდეს. ეს არ ნიშნავს ეროვნული ნაკრებისგან გამიჯვნას. 15-კაცა რაგბის უკანახაზელთა მომზადებისთვის, 7-კაცა რაგბიზე უკეთეს საშუალებას ვერ ინატრებ. უნდა მოხდეს ეროვნულ ნაკრებთან 7-კაცა ნაკრების სწორი კოორდინაცია და პარალელურად უნდა ვეძებოთ, გამოვავლინოთ ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებმაც, შესაძლოა, არც კი ითამაშონ 15-კაცა რაგბი და ისე გახდნენ 7-კაცა ნაკრების წევრები. რაგბის კავშირის გამგეობა უახლოეს პერიოდში მოისმენს მთავარი მწვრთნელის, ზაზა ლეჟავას ანგარიშს და განვითარების გეგმას, სადაც უფრო დეტალურად იქნება გაწერილი ყველა წვრილმანი.

- წელს რაგბი შვიდში გოგონებმა გვასახელეს და კონფერენც დივიზიონის მოგებით, "ალაფაზე" აღზევდნენ...
- ჯაბა მალაღურაძემ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ წარმოადგინა ქალთა რაგბის განვითარების მისეული ხედვა, რომლის ნაწილი სწორედ "ალაფაზე" აღზევება გახლდათ. ვფიქრობ, იმ რეფორმებმა, რაც მან წარმოადგინა და ჩვენგან იქნა მოწონებული, გაამართლა. ეს ნიშნავს ქალთა რაგბის პოპულარიზაციის მოსალოდნელ ზრდას და განვითარების გეგმის შემდეგ ეტაპებზე გადასვლას.

- წელს პირველად, "საქართველო XV"-მ "ზაფხულის თასზე" ითამაშა. როგორი იქნება ამ გუნდის და ტურნირის მომავალი?
- "საქართველო XV" არსებობას გააგრძელებს და ვეცდებით, ეროვნული ნაკრების ტესტების პერიოდში საერთაშორისო მატჩები ამ გუნდმაც ჩაატაროს. ის ბიჭები, რომლებმაც ამ ტურნირზე ითამაშეს, საოცრად მოტივირებულები იყვნენ. ბევრი მათგანი შესაძლოა მომავალში ეროვნულ ნაკრებში ვიხილოთ.

რაც შეეხება "ზაფხულის თასს", არ დაგიმალავთ და ცოტა იმედგაცრუებული ვარ. ტურნირის მონაწილეთა შორის მსოფლიო დონის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული ზე-კლუბი - "რასინგ 92"-იც იყო, მაყურებელთა რაოდენობა კი - კრიტიკულად მცირე. მატჩები პრაქტიკულად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდა. თუმცა, ობიექტურობა მავალებს, ისიც აღვნიშნო, რომ ტურნირი ვერ ჩატარდა მაყურებლისთვის ხელსაყრელ დროს. შუა ზაფხულში თბილისი ცარიელდება. ამ ტურნირის ასეთი ფორმატით ჩატარება ახლა გარდაუვალი იყო. მომავალში ვეცდებით, უფრო ხელსაყრელი დროისთვის გავმართოთ მატჩები. მაყურებლის დასწრება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სარაგბო ზეიმისთვის. ამის გარეშე ნებისმიერი, თუნდაც უმაღლეს დონეზე ჩატარებული მატჩიც კი ვერ ქმნის იმ სანახაობას, რისთვისაც გვიყვარს რაგბი.

"საქართველო XV" სიცოცხლისა და ბრძოლისუნარიანია და თუ მას ქართველი მაყურებელი ჯერ ვერ აღიქვამს, შევეცდებით, გასვლითი საერთაშორისო მატჩებით მოვიპოვოთ ჯეროვანი პატივისცემა და სიყვარული.

- არის პერსპექტივა, რომ "საქართველო XV" რომელიმე ძლიერ, რეგულარულ ტურნირში ჩაერთოს?
- ჩვენი პირველი რიგის ამოცანაა, შევაღოთ ექვსი ერის კარები. ფაქტია, რომ სიხარულით არსად გვეძახიან, რადგან არ ვართ დიდი, მდიდარი ქვეყანა და ამ კუთხით არავინაა დაინტერესებული. ჩვენ თამაშის ხარისხით უნდა ვაიძულოთ მსოფლიო სარაგბო ელიტა, რომ საითაც წავალთ, კარი ღია დაგვახვედრონ. ეს არ არის იოლი, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

- მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, ქვეყნის ჩემპიონმა "ლოკომოტივმა" "კონტინენტის ფარზე" ასპარეზობა დაიწყო...
- სამწუხაროდ, ეს არ არის მოულოდნელობა. შარშან საქარველოს ჩემპიონი გორის "ჯიქი" ამ ტურნირში სწორედ უსახსრობის გამო ვერ ჩაერთო და მისი ადგილი "ბათუმმა" დაიკავა. საკლუბო რაგბის განვითარების ნაწილში, ჩვენ მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საქართველოს შარშანდელმა მთავრობამ უარყო. უფრო ზუსტად,  ჩვენი ხედვა სრულად არ ან ვერ გაიზიარა. კერძო კაპიტალით სახელმწიფო დახმარების ჩანაცვლება ხანგრძლივი პროცესია და 2-3 წელიწადში ამის განხორციელება შეუძლებელია.

არ მინდა, ზედმეტად კრიტიკული ვიყო, თუმცა გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ 2017 წელს ისე ჩავატარეთ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურულად არაფერი შექმნილა. მხედველობაში მაქვს შეპირებული 30 სავარჯიშო მოედანი, რომელიც ჯერ 20-მდე სეკვესტრირდა, მერე ესეც ფეხბურთს გავუყავით და ბოლოს არც ჩვენ და არც ფეხბურთს აღარაფერი დაგვრჩა. ამ ფონზე, როგორც ყოველთვის, მხსნელად ისევ ჩვენი ერთგული მეგობარი და მუდმივი პარტნიორი "ქართუ" დაგვრჩა, რომელიც შეუპოვრად აგრძელებს ჩვენ მომარაგებას სარაგბო ბაზებით.

ამჯერად, თელავსა და თბილისში (ნუცუბიძის პლატო) სრულდება ორი კომპლექსის მშენებლობა. გარდა ამისა, მათი დახმარებით სრულად განახლდა "ლოკომოტივის" დიღმის ბაზა.

- სრკ სპონსორების დიდი რაოდენობით გამოირჩევა. მათი რიცხვი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. რითია ეს განპირობებული?
- ჩაერთე რაგბიში, გახდი მონაწილე - ეს არის ჩვენი დევიზი. ყველა სპონსორი ჩვენი მეგობარია, ისინი ჩართულნი არიან რაგბის ცხოვრებაში. მატჩზე გაყიდული ყველა ბილეთის მფლობელი ჩვენი სპონსორი და მეგობარია. ხაზს ვუსვამ - გაყიდულ ბილეთს და არა ნაჩუქარი ბილეთებისა და მოსაწვევების დასტებს, რასაც გამალებული დასდევს ჩინოვნიკების ერთი ნაწილი. მადლობა ღმერთს, რომ გონიერი, შეგნებული და პრინციპული ადამიანების რიცხვი იზრდება. უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც რომელიმე ჩვენს ერთგულ მეგობარს და გულშემატკივარს გვინდა პატივი ვცეთ, ვაჩუქოთ ბილეთი ან მოსაწვევი. პასუხად ვიღებთ: შესაძლოა ბილეთის ფასი არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ მცირედის გაღებით მეც მსურს შემოგეხიდოთ ქართული რაგბის განვითარებისა და წინსვლის დიდ საქმეშიო. აი, ასეთი "მცირედისგან" შედგება დიდი. ამის მოსმენით ისეთი ძალა გეძლევა, რომ ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეგაშინებს იმ დიდი მიზნისკენ მავალ გზაზე, რასაც ყველა მატჩის მოგება, ანუ მსოფლიო ჩემპიონობა ჰქვია. ზუსტად ვიცი, რომ ეს მოხდება, თუმცა მანამდე წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევაა გასაღები.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა საჭიროა სათაურად დაუსრულებელი ფრაზა. ისედაც გვაინტერესებს რაგბი და ისედაც წავიკითხავთ. არ გიხდებათ ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელი ფანდები...
ვერ გავიგე
12:06 16-10-2018
0
ნიჟარაძის მერე რაგბის კავშირი ვეღარ უწევს რაგბს შესაბამის "პიარს", ამიტომ მარტო გულშემატკივარს და ზაფხულ ნუ გაკიცხავთ.
ანდრი
12:04 16-10-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული