კონტინენტის ფარი: "ლოკომოტივი" იტალიაში მიდის

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" დღეს, 6 დეკემბერს, იტალიაში მიემგზავრება, სადაც 10 დღე გაჩერდება და კონტინენტის ფარის ორ შეხვედრას გამართავს.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ევროთასებზე პირველი მატჩი 13 ოქტომბერს, "ავჭალაზე" გამართა, "კალვიზანოს" უმასპინძლა და შეხვედრა 6:17 დათმო. მეორე ტურში "ლოკომოტივი" ისვენებდა, "კალვიზანომ" იტალიურ დერბიში "ფიამე ოროს" 35:20 მოუგო, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღო და ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს.

მე-3 ტურში, 8 დეკემბერს, საქართველოს ჩემპიონი "ფიამე ოროს" რომში შეხვდება და ამ მატჩის მოგებული სამგუნდა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსს შეინარჩუნებს. თამაში ჩვენი
დროით 18:00 საათზე (ადგილობრივი დროით 15:00 საათზე), Fiamme Oro Stadium-ზე (Via Portuense, 1680, რომი) დაიწყება, რომელიც 1300 მაყურებელს იტევს.

თბილისელები რომში დარჩებიან, მომავალ ხუთშაბათს კალვიზანოში გადაინაცვლებენ და 15 დეკემბერს ჯგუფის ლიდერ "კალვიზანოს" შეხვდებიან. ეს მატჩიც 18:00 საათზე დაიწყება.

ქართული და იტალიური რაგბის ლიდერები
იტალიაში გამგზავრებამდე "ლოკომოტივმა" დიდი 10-ის მე-9 ტურის მატჩი ქუთაისში, "აიასთან" გამართა, 4 ლელო გაიტანა და 28:14 იმარჯვა. "რკინიგზელებმა" 9 შეხვედრიდან 7 მოიგეს, ორივე წაგებულ შეხვედრაში დაცვის ბონუსი აიღეს და 32 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე არიან.

რკინიგზელთა მეტოქეები იტალიის ჩემპიონატში მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. "ფიამე ორომ" 6 მოგებითა და 3 მარცხით 29 ქულა მოაგროვა. გასულ შაბათს ისინი "სან დონას" სტუმრად შეხვდნენ და 3:10 დამარცხდნენ. ტოპ 12-ის მიმდინარე სეზონში მათ საკუთარ მოედანზე ოთხი თამაში გამართეს და ყველა მოიგეს.

"კალვიზანომ" 5 თამაში მოიგო და 4-ში დამარცხდა, თუმცა მათაც 29 ქულა მოაგროვეს და გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი ბალანსით მესამე პოზიციაზე არიან. მათ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე 5-ჯერ ითამაშეს და ორჯერ დამარცხდნენ.

იტალიაში 25 მორაგბით
თბილისის "ლოკომოტივს" იტალიაში მომავალ ორ მატჩში მწვრთნელები - დავით ჩავლეიშვილი და სიმონ მაისურაძე უხელმძღვანელებენ.

გაფართოებულ შემადგენლობაში 25 მორაგბეა. გიორგი შკინინს ტრავმა აწუხებს და "ფიამე ოროს" წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ "კალვიზანოსთან" მატჩისთვის მწყობრში იქნება. "ლოკომოტივს" დააკლდება ბურჯი გიორგი არაბული, რომელსაც კისერი აწუხებს.

გუნდის მწვრთნელი, ვეტერანი "ბორჯღალოსანი" სიმონ მაისურაძე იმედოვნებს, რომ "ლოკომოტივი" იტალიიდან 9 ქულით დაბრუნდება:

"რთული ამოცანის წინაშე ვართ, თუმცა მოტივაცია არ გვაკლია. იმისათვის, რომ ჯგუფიდან გასვლა მოვახერხოთ, "ფიამე ოროს" ბონუსით უნდა ვძლიოთ, ხოლო "კალვიზანოს" 11-ზე მეტი ქულის სხვაობით ვაჯობოთ. "ფიამე ორო" შედარებით სუსტი გუნდია, უპირატესობას შერკინებით თამაშს ანიჭებს და ვფიქრობ, მათთან მიზნის მიღწევა სრულებით შესაძლებელია, "კალვიზანოსთან" კი უფრო რთული თამაში გვექნება".

მაისურაძე ფიქრობს, რომ იტალიაში გუნდი ხარისხობრივად უკეთეს თამაშს აჩვენებს, ვიდრე 13 ოქტომბერს "ავჭალაზე":

"თბილისურ მატჩში ჩვენი უდიდესი პრობლემა დერეფანში თამაში იყო. ამას ობიექტური მიზეზი ჰქონდა. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა დაგვტოვა, რომელიც დერეფანში ბურთს აგდებდა. მის შემცვლელებს უმაღლეს დონეზე ბევრი არ ჰქონდათ ნათამაშები და კომბინაციების დალაგებას დრო დასჭირდა. ახლა ამ კომპონენტში ბევრად უკეთ ვართ, შეტევაში ბურთი უფრო ხშირად გვაქვს და მეტოქეებს ბევრ პრობლემას შევუქმნით.

ჩვენ დომინანტური შერკინება გვაქვს, თუმცა ბოლო დროს ხაზიც კარგად ათამაშდა. მომავალ შეხვედრებში აქცენტს მოლსა და შერკინებაზე გავაკეთებთ, მაგრამ ვეცდებით, ხაზით თამაშით ბალანსი შევიტანოთ".

"ლოკომოტივი" იტალიაში ასეთი შემადგენლობით მიემგზავრება:

პირველი ხაზი: ვახტანგ ქვათაძე, ირაკლი ქვათაძე, გიორგი ქართველიშვილი, ლევან ჭავჭავაძე, გაგა გორგასლიძე, თევდორე მაჭარაშვილი;

მეორე ხაზი: გაგა არაბული, დაჩი კოპაძე, გიორგი გეგია, თორნიკე ტურაშვილი;

მესამე ხაზი: ფარნა გასვიანი, ლევან დარასელია, ვასილ ყველაიძე, ზვიად მაისურაძე, ვახტანგ ამირანაშვილი;

უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე, ვახტანგ კავთიძე, გიორგი ტალახაძე, ლაშა გედეხაური, ზურაბ ძნელაძე, გიგა გაგოშვილი, ლევან გოგოლაშვილი, ივანე ხელაია, გიორგი შკინინი, ბექა წიკლაური.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი უკანა ხაზია
9ქულა რეალურია
00:40 07-12-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული