საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების ყოფილი დირექტორი ბაჩო ხურციძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებს.
ხურციძე საქართველოს რაგბის კავშირში 2008 წლიდან მუშაობდა და წარსულში იგი ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელისა და ოპერაციული დირექტორის თანამდებობებს იკავებდა, რაგბის კავშირი კი მან მიმდინარე წლის 9 სექტემბერს დატოვა და უკვე მაშინ განაცხადა, რომ კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს.
ხურციძემ ხმის უფლების მქონე დელეგატებისა და პრესისთვის გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომელშიც თავის კარიერასა და მიზნებზე საუბრობს, ასევე თავისი სტრატეგიული ხედვა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"რაგბის
რაგბის სიძლიერე მის მოყვარულ ადამიანებშია, რაგბიში სამსახურის ძიებას არ მივუყვანივარ, მჯერა ასეთი ბევრია და მათ შორის ხართ თქვენც. მეც ჩემის მხრივ მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა მის განვითარებაში, ოღონდ უკვე არა როგორც მოთამაშეს.
ვიმუშავე საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელის, ოპერაციული და მაღალი მიღწევების დირექტორის პოზიციებზე, ვიყავი 2011 წელს გამართული იუნიორთა მსოფლიო ალაფის და 2017 წელს გამართული იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატების დირექტორი, ორივე ტურნირი, მსოფლიო რაგბის მიერ საუკეთესოდ იქნა აღიარებული ანალოგიურ ტურნირებს შორის. ჩემი დირექტორობით იმართებოდა საერთაშორისო ტურნირი ‘თბილისის თასი’ და სხვა ცალკეული საერთაშორისო ტესტ მატჩი. ამ პერიოდში გატარდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა და პროექტი, საქართველოს რაგბის კავშირი სამჯერ 2009, 2012, 2014 წლებში გახდა წლის საუკეთესო სპორტული ორგანიზაცია ხოლო 2011 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ მომანიჭა წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერის წოდება;
2015 წელს ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენებმა ისტორიულმა შედეგმა გააჩინა მაღალი მოლოდინი ქართული რაგბის მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ, თუმცა რაგბის კავშირი ვერ აღმოჩნდა ადეკვატური ამ გამოწვევის მიმართ. 2016 წლიდან დღემდე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები, მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პროექტების არათუ განსახორციელებლად, მათი წამოწყების მცდელობაც არ ყოფილა. არადა, სწორედ ეს იქნებოდა ქართული რაგბის პროგრესის გაგრძელების წინაპირობა. შედეგად, ახლა გზაგასაყარზე ვდგავართ, უნდა გადაწყდეს გააგრძლებს ქართული რაგბი პროგრესის მიმართულებით სვლას, თუ რეგრესის გზას დაადგება. მიმაჩნია, რომ რაგბის კავშირის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, თანამოაზრეებთან ერთად შევძლებ შექმნილი კრიზისიდან რაგბის გამოყვანას. ამის რწმენას ჩემი წარსულში მიღებული გამოცდილება და რაგბის კავშირში წარმატებული საქმიანობა მაძლევს. სწორედ ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება, კენჭი ვიყარო რაგბის კავშირის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
პრეზიდენტობა ჩემთვის არ არის თვითმიზანი, ის არის საშუალება, განვახორციელო იდეები რაც ასახულია თანდართულ ბროშურაში. ეს არის ჩემი ხედვა თუ როგორ უნდა განვითარდეს რაგბი, ხოლო პროგრამად ის იქცევა თქვენი აზრების გაზიარების შემდეგ, თქვენი ჩართულობით. მადლობელი დაგრჩებით, თუ სურვილის შემთხვევაში თქვენ მოსაზრებებს გამომიგზავნით ჩემ პირად ელექტრონული ფოსტის მისამართზე lashakhurtsidze@hotmail.com
გისურვებთ წარმატებებს ქართული რაგბის საკეთილდღეოდ,
პატივისცემით,
ბაჩო ხურციძე"
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღი ჯერ-ჯერობოთ უცნობია.