საქართველოს 7-კაცა ნაკრები - განახლებული შემადგენლობით მოსკოვში

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ხვალ გამთენიისას მოსკოვში მიემგზავრება, სადაც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებენ.

ლისაბონში სამი თამაშის მოგების და მე-5 ადგილის დაკავების შემდეგ ჩვენი გუნდი „ა“ ჯგუფში ესპანეთის, პორტუგალიისა და პოლონეთის ნაკრებებთან მოხვდა, „ბ“ ჯგუფში კი გერმანია, რუსეთი, იტალია და ლიეტუვა ითამაშებენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 26 ივნისს გაიმართება. საქართველო პირველ მატჩს ჩვენი დროით 12:28 საათზე პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს, 15:30-ზე ესპანეთს შეხვდება, ხოლო 18:04 საათზე - პოლონეთს. 27 ივნისს პლეი-ოფებია და მასში რვავე გუნდი მეოთხედფინალებიდან ჩაერთვება – „ა“
ჯგუფის გამარჯვებული „ბ“ ჯგუფის მეოთხეადგილოსანს შეხვდება, მეორე მესამეს და ა.შ.

მოსკოვში გამგზავრებამდე 20-კაციანმა გაფართოებულმა შემადგენლობამ 8-დღიანი შეკრება „შევარდენის“ ბაზაზე გაიარა, რის შემდეგაც ტურნირისთვის 12 შეირჩა.

რადგან ჯაბა მალაღურაძე 7-ქალა ნაკრებთან ერთად ზაგრების ტურნირზე იმყოფებოდა, 7-კაცას გიორგი მაისურაძე და გიორგი ნოზაძე ავარჯიშებდნენ, ხორვატიიდან დაბრუნების შემდეგ კი, მათ მალაღურაძეც შეუერთდა.

ლისაბონის ეტაპისგან განსხვავებით, მოსკოვის ტურნირისთვის 12-კაციან განაცხადში 7 ცვლილებაა:

„შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, მე და ჯაბას 7-ქალა ნაკრებთან ერთად 7-კაცას გაწვრთნაც მოგვიწია. რადგან ტურნირები ერთ პერიოდში ტარდება, გადავწყვიტეთ, რომ მე 7-კაცასთან დავრჩენილიყავი, ჯაბა კი გოგონებს გაჰყვა და ახლა დაგვიბრუნდა, ხოლო წვრთნის პროცესში გიორგი ნოზაძე მეხმარებოდა“ – ამბობს მაისურაძე და შემადგენლობასთან დაკავშირებით აცხადებს:

„იმის გამო, რომ მოთამაშეთა ნაწილს კოვიდ 19 შეხვდა, ლისაბონში გამგზავრებამდე შემადგენლობის შეცვლა, ფაქტობრივად, ბოლო წამს მოგვიწია. თავის დაზღვევის მიზნით ამჯერად გაფართოებულ შემადგენლობაში 22 მოთამაშე გამოვიძახეთ, მაგრამ ორი ტრავმის გამო გამოგვაკლდა და სატურნირო რაზმი 20 მორაგბისგან შევარჩიეთ“.

მაისურაძე გუნდის მზადებით კმაყოფილია და ამბობს, რომ მოსკოვში ლისაბონში ნაჩვენები შედეგის გაუმჯობესებას ეცდება:

„ჩვენი მიზანია, რომ ვითამაშოთ უკეთ, ვიდრე ლისაბონში და მოწინავე ოთხეულში მოვხვდეთ. ნაყოფიერი შეკრება გვქონდა და ბევრ დეტალზე ვიმუშავეთ. გვქონდა ორმხრივი თამაშებიც და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ყველას მიეცა. გავიარეთ მეტოქეთა თამაშების ვიდეოანალიზი. აქცენტს პორტუგალიაზე ვაკეთებთ, რადგან პირველი შეხვედრა მასთან გვაქვს და გვსურს ტურნირი მოგებით დავიწყოთ, რაც მეოთხედფინალში უკეთეს პოზიციაში ჩაგვაყენებს. შევარჩიეთ სტრატეგია, რომელმაც ჩვენი აზრით, წარმატება უნდა მოგვიტანოს და გაამართლებს თუ არა ის, მოედანზე გამოჩნდება“.

საქართველოს 7-კაცა მოსკოვის ტურნირზე

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), გიორგი ჭუაძე (აკადემია, თბილისი, კაპ.), გიორგი კოშაძე (ხარები, რუსთავი), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი, თბილისი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი, მარნეული), ლუკა დვალიშვილი (არმაზი, მარნეული), იოანე ხელაია (აკადემია, თბილისი), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი, მარნეული), ლუკა მატკავა (არმაზი, მარნეული), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, კიკეთი), ლევან ნარიმანიძე (ხარები, რუსთავი), ლადო მიმინოშვილი (ყოჩები, ბოლნისი).

26 ივნისი. ჯგუფური ეტაპი

საქართველო – პორტუგალია (12:28 საქ. დრო)

საქართველო – ესპანეთი (15:30)

საქართველო – პოლონეთი (18:04)

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული