გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

AutoSharing Option
ფრანგულ-ქართულ მოლაპარაკებებში ვეტერანი "ბორჯღალოსნის", საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრის, მამუკა გორგოძის ჩართულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რომ იქნებოდა, თავიდანვე ცხადი იყო.

14 ნოემბერს, საფრანგეთთან ბორდოში გამართული ისტორიული თამაშის პარალელურად, რაგბის კავშირის დელეგაციამ არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. დელეგაციაში იყვნენ რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, ვიცე-პრეზიდენტები ბაჩო ხურციძე და ნიკა ალავიძე, გამგეობის წევრები მამუკა გორგოძე და აკაკი დავითულიანი, ასევე - პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობებში ლევან ღვაბერიძე.

საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ქალბატონ თეა წულუკიანის ოფიციალური მიღებების პარალელურად,
რაგბის კავშირის დელეგაციის წევრებმა მსოფლიო რაგბისა და საფრანგეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან საქმიანი შეხვედრები გამართეს.

უკვე ვწერდით, რომ იოსებ ტყემალაძისა და მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტის, რომელიც საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიცაა – ბერნარდ ლაპორტის შეხვედრა კონკრეტული გზავნილებით დასრულდა და მის აღსრულებას უახლოეს პერიოდში ველოდებით; პარალელურად, ბაჩო ხურციძემ, ნიკა ალავიძემ და აკაკი დავითულიანმა საქმიანი შეხვედრა გამართეს მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების ხელმძღვანელ პიტერ ჰორნთან და ქართული რაგბის ქომაგი ამ შეხვედრების შედეგებსაც უახლოეს მომავალში იხილავს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა დელეგაციამ არ დაივიწყა საფრანგეთში მცხოვრები ქართული დიასპორა. რაგბის კავშირის ორგანიზებით, მათთან შეხვედრა ბორდოს ღვინის მუზეუმში გაიმართა. მას, დიასპორის წარმომადგენლების გარდა, ვეტერანი "ბორჯღალოსნები", საფრანგეთში მოთამაშე ქართველი მორაგბეები და პიტერ ჰორნი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ქართული ღვინის პრეზენტაცია შედგა. სტუმრებმა და მასპინძლებმა ისაუბრეს საქართველოზე, ქართულ ღვინოზე და რა თქმა უნდა, ქართულ რაგბიზე. იყო უამრავი თბილი სიტყვა, სამახსოვრო ფოტოები და პირობა, რომ ეს ურთიერთობები არასდროს დასრულდება!

მოედნიდან კულისებში

ქართული რაგბის ლეგენდამ, რომელმაც აქტიურ სპორტს ერთი წლის წინ დაანება თავი, სწორედ საფრანგეთში, ტოპ 14-ში თამაშით გაითქვა სახელი და მსოფლიო რაგბის ლეგენდად ჩამოყალიბდა. მის მიმართ სიმპათიები მხოლოდ ათლეტური აღნაგობით და თავგანწირული, აგრესიული სათამაშო სტილით როდი იყო გამოწვეული. მამუკა მოედანსა თუ მის მიღმა სამართლიანობის ეტალონად იქცა, რამაც თამაშთან ერთად განსაკუთრებულად, განუმეორებლად აქცია.

"ლელოდან" "მონპელიეში" 2005 წელს გადასული გორგოძე 2008 წელს გუნდის შეუცვლელ ლიდერად იქცა და საფრანგეთში განსაკუთრებული პატივი დაიმსახურა, რაც წლიდან წლამდე ღრმავდებოდა და დღესაც კი, ქართველ გულშემატკივრებთან ერთად, მასთან შეხვედრა ფრანგ ქომაგშიც დიდ აღფრთოვანებას იწვევს.

სხვა ჯილდოებზე რომ არაფერი ვთქვათ, 2010/11 წლების სეზონში ახალზელანდიელი, სამხრეთაფრიკელი, ავსტრალიელი, არგენტინელი, ინგლისელი, ირლანდიელი, უელსელი და სხვა ქვეყნის ვარსკვლავებით „გაძეძგილ“ ტოპ 14-ში, პატარა საქართველოს დიდი შვილი – მამუკა გორგოძე გამოარჩიეს და საუკეთესო ლეგიონერის ტიტულით დააჯილდოეს, რაც უდიდესი დაფასებაა.

მაგრამ უფრო დიდი დაფასებაა, რომ აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგაც კი, გორგოძეს ბორდოს ქუჩებში უბრალო გამვლელები ცნობდნენ, აჩერებდნენ, ესაუბრებოდნენ და სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.

მამუკა იოსებ ტყემალაძესთან და ლევან ღვაბერიძესთან ერთად ესწრებოდა შეხვედრას ბერნარდ ლაპორტთან, რომელთან ერთადაც ის "ტულონში" 2014-16 წლებში მუშაობდა და 2015 წელს გახდა „ჰაინეკენის თასის“ მფლობელი, 2016 წელს კი ბარსელონაში ტოპ 14-ის ფინალი ითამაშა.

რა გასაკვირია, რომ ყოფილი მწვრთნელი და შეგირდი ერთმანეთს განსაკუთრებული სითბოთი შეხვდნენ და შესაძლოა, ეს პირადი ურთიერთობები სამომავლოდ ქართული რაგბისთვის დიდი შედეგის მომტანი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ამისი იმედი აქვს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს:

„ამ შეხვედრებში მამუკა გორგოძის, როგორც გამგეობის წევრის, მონაწილეობა ფასდაუდებელი იყო. ლაპორტმა რამდენჯერმე აღნიშნა მისი წვლილი ფრანგული და ზოგადად, მსოფლიო რაგბის განვითარებაში, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დაფასებაა. მამუკა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, საუკეთესოდ წარმოაჩენდა საქართველოს. ლაპორტი მოუთმენლად ელოდა მასთან შეხვედრას, რაც მამუკას როლს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის“.

ტრადიციულად, საკუთარ როლზე ნაკლებად საუბრობს თავად გორგოძე:

„ნაყოფიერი ვიზიტი იყო. იოსებ ტყემალაძის ინიციატივით დაჯილდოვდა კლოდ სორელი, რომელსაც ქართული რაგბის წინსვლაში დიდი ამაგი აქვს. თბილად მიგვიღო ბერნარდ ლაპორტმა, რომელსაც პირადად ვიცნობ, თუმცა ქართული რაგბი არც ჩემით დაწყებულა და არც ჩემით დამთავრდება. ქართულ რაგბის საფრანგეთში კარგად იცნობენ და ეს ყველა იმ მორაგბის დამსახურებაა, რომლებმაც წლების განმავლობაში ტონობით სისხლი და ოფლი დაღვარეს მოედანზე“.

„ჩვენი სურვილია, რომ ქართულ-ფრანგული ურთიერთობა უფრო მჭიდრო გავხადოთ. ჩვენმა პრეზიდენტმა ლაპორტს საკუთარი გეგმები გააცნო. მისი ხედვა ლაპორტსაც მოეწონა და დახმარება აღუთქვა. შეხვედრაზე იყვნენ „მარკუსის“ ბაზის დირექტორი და საფრანგეთის ბავშვთა რაგბის განვითარების ხელმძღვანელი. დიდი აქცენტი კეთდება მწვრთნელთა გადამზადებაზე, ბავშვთა რაგბის განვითარებაზე და ლაპორტიც გვეთანხმება, რომ სამომავლოდ ეს უფრო დიდი შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ნაკრებში ამ ეტაპზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის მოწვევა“.

„პირადად ჩემთვის, რაგბი მეგობრობაზე წინ დგას, რადგან ის მთელი საქართველოსია. არავის ვლობირებ, მაგრამ უცხოელი მწვრთნელისთვის დიდი თანხების გადახდას, რამაც შესაძლოა საერთო ჯამში წინაც ვერ წაგვწიოს, სჯობს ეს თანხები ბავშვთა რაგბის განვითარებას მოვახმაროთ და 4 ან 8 წლის შემდეგ გვექნება შედეგი, რომლის მეოთხედსაც კი ამ ეტაპზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელიც ვერ მოგვიტანს“.

შეხვედრის ბოლოს ბერნარდ ლაპორტმა იოსებ ტყემალაძის მიპატიჟება მიიღო და მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტმა და საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა უახლოეს მომავალში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლის პირობა დადო.

GeorgianRugby

alt"ბორჯღალოსნები" - მეექვსედ ფიჯის წინააღმდეგ

altიტალიის მორაგბეთა ნაკრები "ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ჩამოვა

altსაერთაშორისო მედია "ბორჯღალოსნებისა" და "ლე ბლეს" ისტორიულ მატჩზე

მკითხველის კომენტარები / 4 /
და სად გააქრეთ ჩემი კომენტარი ? სულ მაინტერესებდა ვინ არჩევს რომელი კომენტარი გამოაქვეყნოთ და რომელი არა ?! გამოხატვის თავისუფლება გესმით საერთოდ რა არის , ნებისმიერ აზრს და შეხედულებას აქვს არსებობის უფლება , თუ შეურაცმყოფელი არ არის ვინმეს მიმართ . " მასე გააგრძელეთ , სწორი გზით მიდიხართ უკან წარსულისაკენ "
ATP 16
01:34 19-11-2021
2
და ... ნაკრების უცხოელი მწრთვნელისა და ბავშვთა რაგბის განვითარება ერთდროულად კოსმოსური ხომალდის მარსზე გაშვების ტოლფასი გახდა?!:)
იტალიელებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი (უმუშევარი) მთავარი მწრთვნელი ერთ-ერთი კლუბის ტრენერად "სპაგეტის" ფასად აიყვანეს:)

P.S. აფერუმ ჩვენს სახელმწიფო პროგრამას!:)
დიმა
20:42 19-11-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული