სუპერთასი | ბრეგვაძე და კერვალიშვილი "შავ ლომში"

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" გამოცდილი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე და "უმცროსი ბორჯღალოსნების" (20-წლამდელი) მეორეხაზელი გიორგი კერვალიშვილი "შავ ლომს" შეუერთდნენ.

35 წლის ბრეგვაძე სამშობლოში იაპონიიდან, "კუბოტადან" დაბრუნდა. მის ანგარიშზე 70 სანაკრებო კეპი და 5 ლელოა. 19 წლის კერვალიშვილი თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა, ამა წლის ივნის-ივლისში კი 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიებში ითამაშა და "შავი ლომის" ხელმძღვანელობის ყურადღება დაიმსახურა.

„სამი კვაჭი გვყავდა, რომელთაგან ერთ-ერთი, თენგიზ ზამთარაძე, ტრავმის გამო გარკვეული დროით გამოგვაკლდა და მისი შემცვლელის დამატების აუცილებლობა დადგა. რაც შეეხება კერვალიშვილს, ახალგაზრდა, პერსპექტიული ბიჭია. მას 20-წლამდელთა ექვსი
ერის ზაფხულის სერიებზე ვაკვირდებოდით და კონტაქტის არეალში საკმაოდ კარგია. იცით, რომ "შავ ლომში" მაქსიმალურად ვცდილობთ, აქცენტი ახალგაზრდებზე გავაკეთოთ და გადავწყვიტეთ მისი ჩვენს სივრცეში შემოყვანა“ – ამბობს მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

"შავი ლომი" რაგბი ევროპის სუპერთასის ტიტულის დაცვას 11 სექტემბერს, საქართველოს ჩემპიონ "ბათუმთან" გასვლითი მატჩით იწყებს. ფრენჩაიზი 29 აგვისტოდან ქუთაისშია შეკრებაზე და საშინაო შეხვედრებსაც „აია არენაზე“ გამართავს:

„საშინაო თამაშებს ქუთაისში ჩავატარებთ. ერთი მხრივ, ეს რეგიონში რაგბის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს; მეორე მხრივ, „შევარდენისა“ და „ავჭალის“ ბაზებს რეაბილიტაცია უტარდება და ხარისხიანი მოედნის დეფიციტი გაჩნდა. ქუთაისში მოსამზადებლად იდეალური პირობებია. მოედნის და სავარჯიშო ინფრასტრუქტურის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნას და გადავწყვიტეთ, ქუთაისში მოვმზადებულიყავით“.

„ქუთაისში ჩამოსვლამდე გვქონდა ტესტ-მატჩი "ლელოსთან". შეკრების პირველი კვირა ფიზიკურ და ტექნიკურ მზადებას დაეთმო, ახლა კი სრულად ვართ გადართული ტაქტიკურ მომზადებაზე. ვნახეთ "ბათუმის" თამაში, მაგრამ როდესაც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველ შეხვედრას ატარებ, ხშირია ტექნიკური წუნი და გუნდები სრულად ვერ ახერხებენ საკუთარი პოტენციალის წარმოჩენას. არის მოტივაციის ფაქტორიც, რომელიც გაცილებით მაღალი ჰქონდა "ხვამლს". მთლიანობაში, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა ჰქონდათ, მაგრამ ამ თამაშიდან დასკვნების გამოტანა არ იქნება სწორი. ჩვენთან თამაში სხვა დატვირთვას ატარებს და დარწმუნებული ვარ, მონდომება უფრო მეტი იქნება“ – აღნიშნა მაისაშვილმა.

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული