სუპერთასი | "შავმა ლომმა" ქართული დერბი ბონუსით მოიგო

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ ტურში "შავმა ლომმა" ქართულ დერბიში "ბათუმი" ბონუსით, 29:3 დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონ "ბათუმს" სუპერთასზე სადებიუტო თამაში საკუთარ მოედანზე, „ბათუმი არენაზე“ ჰქონდა და მეტოქედ თასის მოქმედი ჩემპიონი "შავი ლომი" ჰყავდა. ორივე გუნდს ეტყობოდა, რომ ახალ ტურნირში პირველ თამაშს ატარებდა და ეს ხარისხზე აისახა. მთლიანობაში, "შავმა ლომმა" მეტოქის შეცდომები უკეთ გამოიყენა და დაგეგმილი ბონუსით გაიმარჯვა.

თამაში ორივე გუნდმა არეულად დაიწყო. ხშირი ტექნიკური წუნის გამო იერიშები დიდი ხნის განმავლობაში ლოგიკურ დასასრულამდე არ მიდიოდა. ამ პერიოდში "ბათუმმა" ორჯერ სცადა შორიდან ჯარიმით
ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბურთმა ძელებშუა არ გაიარა. 25-ე წუთზე მასპინძელთა კაპიტანი კოკი თხილაიშვილი სინბინით დაისაჯა და 5 წუთში ლუკა მატკავამ ჯარიმით სტუმრები დააწინაურა. 35-ე წუთზე ყვითელი ბარათი უკვე "შავი ლომის" ბურჯმა გოგა ქადარიამ მიიღო და რეზი ჯინჭველაშვილმა წონასწორობა აღადგინა.

ტაიმის ბოლოს "შავი ლომის" უპირატესობა გამოიკვეთა. 22-ში დერეფნიდან შეტევის შემდეგ ლუკა ივანიშვილმა რაქიდან აიტაცა ბურთი და ლელოს ხაზი გადაკვეთა. გაწითლებულ დროზე თამაში აირია, რითაც კვლავ სტუმრებმა ისარგებლეს. ცენტრიდან დაწყებული კონტრშეტევის შემდეგ თენგიზ პერანიძემ ფეხით შეაცურა ბურთი და ის ლელოში მირიან მოდებაძემ დაამიწა. მატკავამ ორივე გარდასახა – 17:3 "შავი ლომის" სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის დებიუტშივე სტუმრებმა მესამე ლელო გაიტანეს. 43-ე წუთზე აგორებული მოლი ლელოთი შალვა მამუკაშვილმა დაასრულა. ამის შემდეგ თამაში ისევ ჩაიკეტა. 55-ე წუთზე სინბინით ბათუმელთა ბურჯი მურმან ჯიჯავაძე დაისაჯა, თუმცა მალე ყვითელი ბარათი ‘შავი ლომიდან’ მიხეილ გაჩეჩილაძემ და გიორგი მარგალიტაძემ მიიღეს. კაცნაკლულმა სტუმრებმა თავის დაცვა კარგად მოახერხეს, მერე თავად გადავიდნენ შეტევაში. ხელდახელ შეტევა აკა ტაბუცაძემ ლელოთი დაასრულა და ლუკა მატკავამ რთული პოზიციიდან გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 29:3.

რაგბი ევროპის სუპერთასი. ჯგუფური ეტაპი. I ტური
11 სექტემბერი. ბათუმი. „ბათუმი არენა“
ბათუმი (საქართველო) – შავი ლომი (საქართველო) 3:29 (3:17)
ბათუმი

ხაზი:
15. მამუკა ნინიძე, 14. ანზორ სიჭინავა, 13. გიორგი ფრუიძე, 12. გიორგი წიკლაური, 11. სანდრო სვანიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. კობა ბუჯიაშვილი;

შერკინება: 1. ალეკო შამილიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. მიხეილ წიკლაური, 4. კობა ჯიმშელეიშვილი, 5. დაჩი კოპაძე, 6. კოკი თხილაიშვილი (კაპ.), 7. გუგა შენგელია, 8. ვანო ფუტკარაძე.

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე, 17. მურმან ჯიჯავაძე, 18. ნიკა ჩუმაშვილი, 19. ნუკრი ფერსელიძე, 20. ლაშა ფოფხაძე; 21. დავით კლდიაშვილი, 22. ნიკა ნინიძე, 23. ვიტალი ირემაძე.

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება:
1. გოგა ქადარია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. მიხეილ გაჩეჩილაძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ლაშა ლომიძე.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი პატივისცემის მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ გვესმის, ადვილი არაა კარგ ტურნირში ცართვა, ამ ჭაობს არ უნდა მივეჩვიოთ. ეს არ არის ტურნირი! ეს არის საკლუბო რაგბი ევროპა, რაც ლიბიდოს დაქვეითებას იწვევს.რაგბის მიმართ ინტერესმა საგრძნობლად იკლო. ეს მათ სორის იმ8ს ბრალიცაა, რომ სანახაობას ვერ გვთავაზობენ. წელიწადში ნაკრების 2 მატჩი აღარ გვყოფნის..დანარჩენი ტამაშები ისეტივე საინტერესოა, როგორც დიდი 10. კარგ საერთაშორისოტურნირში მონაწილეობა სადაც ყოველ.უქმეებზე ხალხი.ოჯახებით ივლის სტადიონზე, თამაშშ ელიტურ დონეზე აიყვანს და ხელს შეუწყობს სარაგბო კულტურის ჩამოყალიბებას. სიდა ცემპიონატი არსად არცერთ პატარა და ღარიბ ქვეყანაში არანაირ ინტერესს არ იწვევს
რეზო
20:43 12-09-2022
1
ბათუმელებს ვულოცავ სუპერთასზე დებიუტს,შავ ლომს კი,ჩემპიონის სტატუსით პირველ მატჩს და პირველ გამარჯვებას.საკუთრივ თამაში ვერ გამოდგა ისეთი,როგორის იმედიც მქონდა.ბათუმელები ვერ აღმოჩნდნენ მზად, ამ მატჩისათვის.მეტოქე კაცნაკლული რომ თამაშობდა,მაშინ გაუშვეს ლელოები და წააგეს თამაში.ნამდვილად არ მგონია,რომ ბათუმელებს ამაზე მეტი არ შეუძლიათ,რადგან ამ თამაშით საქართველოს პლეი ოფში გასვლაც გაუჭირდებათ.სწრაფად უნდა დალაგდნენ,შეცდომები გააანალიზონ და უფრო აზრიანად ათამაშდნენ.გუნდს ჰყავს ისეთი ბიჭები,ვისაც გუნდის გაყოლიება და ანთება შეუძლია,თამაშიც რომ იციან,ეგეც ვიცით,ასე რომ ყველაფერი თქვენს ხელშია და წარმატებები ბიჭებს.ლომებს არ გასჭირვებიათ გამარჯვება,თუმცა არც მათი თამაში იყო,აღტაცების ღირსი.მშვიდად და წყნარად,კლასის ხარჯზე მიუგეს,არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ მეტოქეს.მომდევნო თამაშებში უფრო მძიმე გამოცდები ელით და ვიცი,ბიჭები მოუმატებენ,სასურველ შედეგს მიაღწევენ.
სოსო
14:04 12-09-2022
0

სიახლეები პოპულარული