სუპერთასი | "ბათუმის" ისტორიული გამარჯვება "ჰითთან"

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე ტურში, წვიმიან ამინდში, "ბათუმმა" "ბათუმი არენაზე" ისრაელის "ჰითს" 19:11 სძლია და ტურნირში პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლებმა მეტოქეს მეორე ტაიმში სამი ლელო გაუტანეს, თავად ერთი გაუშვეს და ბონუსი ვერ აიღეს. "ბათუმი" 4 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე რჩება, თუმცა ამ გამარჯვებით მოწინავე ორეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.

წვიმამ და სველმა მოედანმა თამაშს თავისი ხელი დაატყო. ხშირი იყო ტექნიკური წუნი და შეცდომები. სტუმრები პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ, 24 წუთში ორი ჯარიმა გაიტანეს და 6:0 დაწინაურდნენ. შესვენებამდე მასპინძლებმა შეძლეს
მეტოქის შერკინებაში დაჯაბნა და სახიფათო შეტევის განხორციელება, მაგრამ "ჰითმა" შეძლო თავის დაცვა.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. "ბათუმმა" შეუტია და რადგან სტუმრები 3 წუთში ბევრჯერ დაჯარიმდნენ, მსაჯმა მეორეხაზელი იური ფან’ფირები გაასინბინა, 4 წუთში კი მის გზას ჯასთინ თეისი გააყოლა. 2-კაციანი უპირატესობით მასპინძლებმა მალევე ისარგებლეს და 48-ე წუთზე შერკინებამ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. 52-ე წუთზე ვანო ფუტკარაძემ მეტოქეს ფეხით მოგერიებისას დაუფარა და მასპინძლებმა 5-მეტრიანი დერეფანი გამოიმუშავეს, რასაც მოლი, რაქიდან მიძალებები და ფუტკარაძის ლელო მოყვა. რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა.

"ჰითმა" საპასუხოდ შეგვიტია და 59-ე წუთზე სინბინში მამუკა ნინიძე გაემგზავრა, ერთ წუთში კი მაქმილან მულერმა მოლის შემდეგ გატანილი ლელოთი სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა. მატჩის მიწურულს ძალისმიერ თამაშში "ბათუმის" უპირატესობა გამოიკვეთა, 74-ე წუთზე მოლით შეუტიეს და გურამ შენგელიამ ლელო გაიტანა. დარჩენილ 6 წუთში მასპინძლებს ბონუსის მომტანი ლელოს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ არ გამოვიდა და "ბათუმმა" 19:11 იმარჯვა.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. III ტური
24 სექტემბერი. ბათუმი. „ბათუმი არენა“
ბათუმი (საქართველო) – თელავივ-ჰითი (ისრაელი)
ბათუმი

ხაზი:
15. სანდრო სვანიძე, 14. ვიტალი ირემაძე, 13. გიორგი წიკლაური, 12. ბექა ურჯუკაშვილი, 11. გიორგი ფრუიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. კობა ბუჯიაშვილი;

შერკინება: 1. ალეკო შამილიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. მიხეილ წიკლაური, 4. ნუკრი ფერსელიძე, 5. დაჩი კოპაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი (კაპ.), 7. გურამ შენგელია, 8. ვანო ფუტკარაძე.

მარქაფა: 16. გიორგი მენაბდე, 17. მურმან ჯიჯივაძე, 18. ბექა ბერიძე, 19. ლაშა ფოფხაძე, 20. ჯონდი კორტავა; 21. არჩილ თურმანიძე, 22. ზურა ძნელაძე, 23. მამუკა ნინიძე.

3 ლელო: საჯარიმო, ფუტკარაძე, შენგელია

1 გარდასახვა:
ჯინჭველაშვილი

2 სინბინი:
მ. ნინიძე, ფრუიძე

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცხრილის დადება პრბლემაა?
ულვაშებიანი ქათამი
09:56 25-09-2022
0
ებრაულ გუნდს მოვუგეთ და ეს იყო მაგარი შედეგი. ბიჭებს წარმატებები და წინსვლა, მაგრამ მაგარი იქნება გაცილებით ძლიერ გუნდთან მოგება...
ლაშა
23:36 24-09-2022
2

სიახლეები პოპულარული