სუპერთასი | "შავი ლომის" 7 ლელო და ბონუსი "ვულვზთან"

AutoSharing Option
"შავმა ლომმა" რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე ტურში რუმინულ "ვულვზს" ორის წილ 7 ლელო გაუტანა, ბონუსით, 43:21 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში კომფორტული სხვაობით მოკალათდა.

მიმდინარე სეზონში ქართული ფრენჩაიზისთვის ეს მეორე გამარჯვება იყო, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, რუმინელებთან "შავმა ლომმა" საუკეთესო თამაში აჩვენა, თუმცა იყო შეცდომებიც და სტუმრებმა ქულები სწორედ ამ შეცდომებისა და დისციპლინის პრობლემების ხარჯზე დააგროვეს.

თამაშის წინ გუნდს კაპიტანი მერაბ შარიქაძე დააკლდა, შეხვედრის დებიუტში კი ლაშა ლომიძემ ტვინის შერყევა მიიღო და ის თორნიკე კახოიძემ
შეცვალა. მასპინძლებს თამაშის დასალაგებლად გარკვეული დრო დასჭირდათ. უკეთესის სურვილს ტოვებდა ფეხით თამაში, სხვა კომპონენტებში კი ქართველები მეტოქეს ჯაბნიდნენ და შედეგი ლოგიკური დადგა.

საწყის წუთებში "ვულვზი" უპირატესობას ფლობდა და მიჰაი მურეშანმა ორი ჯარიმა გაიტანა. მათ შორის ერთი ჯარიმა ლუკა მატკავამ შეასრულა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მე-17 წუთზე მასპინძლებმა პირველად შეძლეს შეტევაში თამაშის დალაგება, ხელდახელ იერიშს მეტოქის 22-ში ფორვარდების მიძალებები მოყვა, მერე ბურთი კვლავ ხაზზე გავიდა, აკა ტაბუცაძემ დემე თაფლაძეს ოფლოუდი ამოუგდო, ის ორ მცველს შორის გაძვრა და ლელო გაიტანა. რადგან კონტაქტის არეში ჩვენი უპირატესობა გამოიკვეთა, 24-ე წუთზე შალვა მამუკაშვილმა 5-მეტრიან წყვეტილთან ჯარიმა გაითამაშა, მეორე დარტყმა სანდრო ქოიავამ განახორციელა და მცველმა მისი შეჩერება ვეღარ მოახერხა. ამჯერად მატკავამ გარდასახა.

"შავი ლომი" აბურთავდა, ოვალს ფრთებზე კარგად შლიდა და თითქმის ყველა ჯერზე ახერხებდა უპირატესობის ხაზის გადაკვეთას. თამაშს კარგად ამწვავებდა მირიან მოდებაძე. 32-ე წუთზე, ერთ-ერთი ასეთი შეტევისას ტაბუცაძეს ლელოს გასატანად სანდრო თოდუა გაყავდა, მაგრამ დეან აკერმანმა გადაცემა ჩაჭრა, ის კონტრშეტევაზე ვერავინ შეაჩერა და ცენტრში გატანილ ლელოს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. მასპინძლებმა მალევე დაიბრუნეს ინიციატივა, შერკინებამ ცენტრში ჯარიმა გამოიმუშავა, მოლმა დაახლოებით 15 მეტრი თითქმის სირბილით დაფარა და შალვა მამუკაშვილის ლელო მატკავამ გარდასახა. ზედ შესვენების წინ კარის წინ დავჯარიმდით და ტაიმი მხოლოდ 3 ქულის სხვაობით, 19:16 მოვიგეთ.

მეორე ტაიმში "შავმა ლომმა" თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და ხელდახელ ბურთაობით მეტოქეს პრობლემები მრავლად შეუქმნა. დებიუტშივე მატკავამ ხაზი გაჭრა და ბურთი მიხეილ გაჩეჩილაძეს შეაყოლა, 22-ში ფორვარდების დარტყმების შემდეგ თენგიზ პერანიძემ ოვალი ხაზზე გაიტანა და ორი პასის შემდეგ ტაბუცაძემ ის ალამთან დაამიწა. მასპინძლებმა შეტევები გააგრძელეს, მოდებაძემ ხაზი მორიგ ჯერზე გაჭრა და რუმინელი მორაგბე ჯარიმისთვის სინბინით დაისაჯა. "შავმა ლომმა" შერკინება ირჩია, "ვულვზი" სამჯერ დაჯარიმდა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, ბურჯმა კი ყვითელი ბარათი მიიღო და მეტოქე 13 კაცის ამარა დარჩა.

62-ე წუთზე ჩვენი ნახევრიდან დაწყებული ხელდახელ შეტევა ლამაზი ლელოთი დასრულდა. კახოიძემ და გიორგი ჩხარტიშვილმა ერთმანეთის მიყოლებით გაჭრეს ხაზი, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და თოდუას ოფლოუდის შემდეგ ლუკა ივანიშვილმა მორიგი ლელო გაიტანა. 69-ე წუთზე მორიგი შეტევისას კახოიძე კარის წინ ორ მბოჭავს დაუსხლტა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, მიხეილ ბაბუნაშვილმა კი გარდასახა – 43:16.

საპასუხოდ აკერმანმა ხელით შეტევისას კიდევ ერთხელ ჩაჭრა გადაცემა და 80-მეტრიანი კონტრშეტევა ლელოთი დაასრულა, მაგრამ ამით "შავი ლომის" ბონუსს საფრთხე არ დამუქრებია – 43:21.

ჩვენი გუნდი სამი თამაშიდან 12 ქულით პირველ ადგილზეა და 6-ით უსწრებს "თელავივ ჰითს". 5 ქულა აქვს "ვულვზს" და მას მხოლოდ ქულით ჩამორჩება "ბათუმი". რაგბი ევროპის სუპერთასზე ახლა სამკვირიანი შესვენებაა და შეხვედრები 15 ოქტომბერს განახლდება.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. III ტური
25 სექტემბერი. ქუთაისი. „აია არენა“
შავი ლომი (საქართველო) – ვულვზი (რუმინეთი) 43:21 (19:16)
შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. სანდრო ქოიავა, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. პაატა გალდავა, 20. გიორგი ჭყოიძე; 21. გიგა ჯულუხაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. თორნიკე კახოიძე.

7 ლელო: თაფლაძე, ქოიავა, მამუკაშვილი, ტაბუცაძე, საჯარიმო, ივანიშვილი, კახოიძე

3 გარდასახვა: მატკავა (2), გ. ბაბუნაშვილი

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული