"შავი ლომი" | "ვულვზს" კაპიტანი და აბულაძე შეუტევენ

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ბურჯი ნიკა აბულაძე "შავ ლომს" რაგბი ევროპის სუპერთასის მეხუთე ტურში, ბუქარესტში რუმინულ "ვულვზთან" გასამართ შეხვედრაში უბრუნდებიან.

შარიქაძემ ფეხი სწორედ რუმინელებთან, ქუთაისში გამართული მატჩის წინ დაიზიანა და ორი თამაში გამოტოვა. ის გუნდთან ერთად ისრაელშიც იმყოფებოდა, მაგრამ რეაბილიტაცია დასრულებული არ ჰქონდა და არ უთამაშია. აბულაძემ ზაფხულში ინგლისის პრემიერშიფის "ვუსტერთან" გააფორმა კონტრაქტი, თუმცა მერე კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, გაკოტრდა და ქართველი ბურჯი უგუნდოდ დარჩა, ახლა კი "შავ ლომს" დაუბრუნდა.

ერთი კვირის წინ თელ-ავივში ნათამაშებ სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ორი
ცვლილებაა. ძირითადში ბრუნდებიან კვაჭი შალვა მამუკაშვილი და მგეზავი ლუკა მატკავა.

სრულად შეიცვალა შერკინების ხაზი მარქაფაში. პირველ ხაზს კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე და ბურჯები – დათო აბდუშელიშვილი და ტარიელ დონაძე გააძლიერებენ, ტრავმები მოიშუშეს და შეცვლაზე არიან თორნიკე აქუბარდია და ნიკო აფციაური.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ამბობს:

„ბუნებრივია თელ-ავივში ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნებით. წელს მაქსიმალურად ვცდილობთ შემადგენლობის როტაციას, რაც ნაწილობრივ ტრავმებითაცაა განპირობებული. "ჰითთან" შეჯგუფებებში გვქონდა უპირატესობა, მაგრამ ქულებში ვერ ავსახეთ. დაცვაში დავუშვით რამდენიმე შეცდომა და ეს ძვირად დაგვიჯდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნაკრებში სიღრმეების შექმნა, მოთამაშეებისთვის საკმარისი სათამაშო დროის მიცემა და ეს პროცესის ნაწილია. სუპერთასის ჩემპიონები ვართ და ჩვენს წინააღმდეგ ყველა ორმაგი მოტივაციით თამაშობს. ჩვენთვის საინტერესოა რამდენად შევძლებთ შეცდომების გამოსწორებას შემდეგი თამაშისთვის“.

„მათიაშვილს ტრავმა გაუმიზეზდა და მისი დაბრუნება გადაიდო. სამწუხაროდ, გამოგვაკლდა მოდებაძე, რომელიც ძალიან კარგ ფორმაში იყო. ასევე დაშავდა კახოიძე. სეზონს ტრავმით შეხვდა ჭიჭინაძე. ნოემბერში ველოდებით ზამთარაძის დაბრუნებას. "ვულვზთან" თამაშს იწყებს ნიკა აბულაძე, რომელმაც ინგლისის "ვუსტერთან" კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ყველამ იცის ეს კლუბი რომ გაკოტრდა და ის უთამაშებელი დარჩა, ახლა კი ჩვენთან ერთადაა. ტრავმებიდან გვიბრუნდებიან გუნდის კაპიტანი შარიქაძე, აქუბარდია და აფციაური“.

"ვულვზმა" პირველ თამაშში ჩვენი საჩუქრები შეირგო და 14 ქულა აიღო. ის ახლაც არ იტყვის უარს საჩუქრებზე და არ უნდა მოვდუნდეთ. ფლეი ოფში მოხვედრის შანსი ყველა გუნდს აქვს. ამისთვის "ვულვზს" მხოლოდ გამარჯვება სჭირდება და ბოლო შანსისთვის თავდაუზოგავად იბრძოლებს. სამწუხაროა თელავივში რომ ვერ მოვიგეთ, ამით "ბათუმსაც" გავუკეთებდით საქმეს. დიდი სურვილი მაქვს ფლეი ოფში ორი ქართული გუნდი ვიხილო“.

რუმინეთში გამარჯვების შემთხვევაში "შავი ლომი" სუპერთასის ნახევარფინალის საგზურს ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდებს.

რაგბი ევროპის სუპერ თასი. ჯგუფური ეტაპი. V ტური
23 ოქტომბერი. ბუქარესტი. 19:00
ვულვზი (რუმინეთი) – შავი ლომი (საქართველო)
შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ტარიელ დონაძე, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ოთარ ლაშხი.

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული