სუპერთასი | წლის ბოლო საერთაშორისო მატჩში ტიტულს თბილისში დავიცავთ

AutoSharing Option
რაგბი ევროპის სუპერთასის მფლობელი "შავი ლომი" ტიტულს 17 დეკემბერს თბილისში, "ავჭალაზე", ისრაელის "თელ-ავივ ჰითთან" დაიცავს. ფინალური შეხვედრა 16 საათზე დაიწყება.

პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა სუპერთასის პირველი გათამაშება მოიგო. მაშინ "შავმა ლომმა" გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიური "ლუზიტანუში" ლისაბონში 17:14 დაამარცხა.

"შავმა ლომმა" აღმოსავლეთი კონფერენცია წელსაც პირველ ადგილზე დაასრულა, ნახევარფინალში კი ესპანური "იბერიანსი" უშანსოდ, 41:9 დაამარცხა. "ჰითი" აღმოსავლეთში მეორე იყო, ნახევარფინალში "ლუზიტანუშს" ლისაბონში ეწვია და 30:22 იმარჯვა, რითაც ფინალის საგზურთან ერთად, საქართველოში ვიზიტიც "გამოიწერა".

ისრაელის გუნდი ერთადერთია, რომელსაც წელს "შავმა ლომმა" ვერ მოუგო.
პირველი შეხვედრა ქუთაისში ფრედ, 25:25 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ – 24:18. ახლა ჩვენს გუნდს რევანშის შანსი ეძლევა, თანაც უფრო წონად მატჩში, რომლის შედეგმა თასის მფლობელი უნდა გამოავლინოს.

"მოუთმენლად ველოდებოდით ლისაბონში მიმდინარე მატჩის დასრულებას, რადგან სწორედ მისი შედეგი წყვეტდა, სად გაიმართებოდა რაგბი ევროპის სუპერთასის მეორე გათამაშების ფინალი. ჩვენთვის დიდი პატივია გადამწყვეტი შეხვედრის თბილისში მასპინძლობა. ეს არის შესაძლებლობა გულშემატკივრისთვის, პირადად დაესწროს წლის ბოლო საერთაშორისო შეხვედრას და უქომაგოს გუნდს, რომლის ბირთვს ის ბიჭები შეადგენენ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ უელსში ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და უდიდესი სიხარული მიანიჭეს ჩვენს ხალხს.

ფინალში კარგი თამაში გველოდება, რადგან "ჰითი" ის ერთადერთი გუნდია, რომლის დამარცხება "შავმა ლომმა" სუპერთასის წლევანდელ გათამაშებაში ვერ მოახერხა და ამ დიდ ბრძოლაში ბიჭებს აუცილებლად დასჭირდებათ ქომაგის მხარდაჭერა", - განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
რუგერ ინფოს ინფორმაციით,მომავალი წლის აპრილიდან,შავი ლომი მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ ამერიკის სუპერ ლიგაში.
სოსო
19:38 09-12-2022
0
აუცილებლად გავიმარჯვებთ.
სოსო
19:33 08-12-2022
0

სიახლეები პოპულარული