კრაკოვი და მალოპოლსკას 2023 წლის III ევროპულ თამაშებზე საქართველო გუნდურ სახეობაშიც იქნება წარმოდგენილი, ამასთან თამაშებისთვის სადებიუტო სახეობაში - 7-კაცა რაგბიში.
შარშან ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) და რაგბი-ევროპამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც რაგბი 7 ევროპული თამაშების ნაწილი გახდა.
რაგბისთვის სადებიუტო ევროპულ თამაშებზე 12 კაცთა და ამდენივე ქალთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ევროპული თამაშებისთვის გუნდები შეირჩა ევროპის ჩემპიონატისა და ალაფას შედეგების გათვალისწინებით. თავის მხრივ, ევროპული თამაშების ჩემპიონები ავტომატურად მიიღებენ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს.
7-კაცა რაგბიში ოქროს მედლისთვის და პარიზი-2024-ის საგზურისთვის
ითამაშებენ ბელგია, ჩეხეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი და საქართველო.
7-ქალა რაგბიში ითამაშებენ ბელგია, ჩეხეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ირლანდია, იტალია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და თურქეთი.
კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული თამაშების პროგრამაში ასევე შედის ბადმინტონი, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაეკვონდო, სანიჩბოსნო სლალომი, კარატე, ქვიშის ხელბურთი, ქვიშის ფეხბურთი, კიკბოქსინგი, კრივი, მშვილდოსნობა, ტაილანდური კრივი (მუაიტაი), ტყვიის სროლა, ტრიატლონი, სპორტული ცოცვა (მეკლდეურობა), ველოსპორტი, ძიუდო (გუნდური), კალათბურთი 3х3, მაგიდის ჩოგბურთი, პადელი (ჩოგბურთის მსგავსი სახეობა, რომელსაც წყვილები თამაშობენ), ტექბოლი (სპეციალურ მრუდე მაგიდაზე ბურთით თამაში, რომელიც შეიცავს მაგიდის ჩოგბურთის და ფეხბურთის ელემენტებს), ბრეიკ დანსი, ფარიკაობა, ტრამპლინიდან ხტომა, ცურვა, მძლეოსნობა და რაგბი-7.
ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიებაა, ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობა.
მესამე ევროპული თამაშების (21 ივნისი - 2 ივლისი) პროგრამაში შემავალი ოლიმპიური სახეობების უმეტესობაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიდის ლიცენზიების და სარეიტინგო ქულების გათამაშება იგეგმება.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი