რეგიონული ლიგა | "წიქარა" პლეი-ოფს მიუახლოვდა

AutoSharing Option
რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტს დიდთოვლობისა და უამინდობის გამო დასავლეთის მე-9 ტურის გადავადება 1 კვირით მოუხდა. აღმოსავლეთ ჯგუფის ზედა ექვსეულში კი მეორე ტურის (სულ 5 ტურია ჩასატარებელი) შეხვედრები გაიმართა, სადაც პლეი-ოფის ორი ვაკანტური საგზურისათვის მებრძოლმა სამეულმა ბონუსით იმარჯვა და შესაბამისად, ლიდერთა შორის სტატუს-კვო უცვლელი დარჩა. 54 ქულით ცხრილის სათავეში "წიქარა" იმყოფება და გიორგი ბარნოვის ბიჭებს პლეი-ოფში მოსახვედრად ერთ-ერთ კონკურენტთან გამარჯვებაც ჰყოფნით. ლიდერს 2 ქულით "რუსთავი" ჩამორჩება, რომელიც თავის მხრივ, მდევარ "სოხუმს" 5 ქულით უსწრებს და მომავალ ტურში გამორჩეული სწორედ ქვემოქართლელთა და
სოხუმელთა დაპირისპირება იქნება.

აღმოსავლეთის ლიდერი "წიქარა" გარე კახეთში "პატარძეულს" ესტუმრა და უმოტივაციო მასპინძლებს 6-ით მეტი, 8 ლელო დაუდო. "პატარძეულმა" სამატჩო ქულების აღება მხოლოდ პირველ ნახევარში შეძლო. ლელოს გატანა კაპიტანმა და კვაჭმა ოთარ ზუკაკიშვილმა და მხტომელმა თორღვა ქაცანაშვილმა მოახერხეს.

საგრძნობი უპირატესობის მქონე ფავორიტმა კი მასპინძლებს ტაიმებში 4-4 ლელო გაუნაწილა. შუამარბმა ფრიდონ ვეშაგურმა პირველივე ტაიმში „დუბლი" შეასრულა. "წიქარას" მგეზავმა და ჩუბინმა ლუკა ზუხბაიამ 7 გარდასახვა გამოიყენა და 2 ჯარიმაც ზუსტად დაარტყა. საკუთარი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მღლეტელ გიორგი დანელიას დადებულმა ლელომ დააფიქსირა – 60:15.

უმოტივაციოდ მყოფმა "ჭადარმა", მართალია „კავკასიონი არენაზე" "სოხუმს" 4 გარდაუსახავი ლელო დაუდო, თუმცა დიდი ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა მაინც ვერ შეძლო. გიგა მაქაძისა და ლევან ტიტველაშვილის ბიჭებმა 5 გატანილი ლელოთი და 23-ქულიანი უპირატესობით შეხვედრის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. "სოხუმელთა" ფრთა მიხეილ გოცირიძემ და ფულბეკმა პაატა ღარიბაშვილმა „დუბლი" შეასრულეს. აღსანიშნავია, რომ ღარიბაშვილს მხოლოდ 1 გარდასახვა გაუცუდდა. მატჩის საბოლოო ანგარიში სტუმართა შუამარბ ფრიდონ ბაღაშვილის ლელომ დააფიქსირა – 54:20.

"გარდასახვა" და "რუსთავი" ნუცუბიძის ფერდობზე, „რაგბი პლატოზე" შეიყარნენ. "გარდასახვა" პლეი-ოფში მოხვედრის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებდა და ამად ლაშა აზალაძის ბიჭებს ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ. "რუსთავს" პირველ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქე ბონუსით ჰყავდა დამარცხებული და კახა უჩავას შეგირდები ამ ჯერზეც პრემიალური ქულით მოგებას ეშურებოდნენ, რათა ლიდერ "წიქარასთან" 2-ქულიანი ჩამორჩენა არ გაეზარდათ.

"რუსთავი" უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა. დაცვაში ხისტ, საიმედო თამაშთან ერთად ქვემოქართლელები სისწრაფეზე კარგად შლიდნენ ოვალს და მეტოქეს ტაიმებში 3-3 უპასუხო ლელო დაუდეს. შუამარბმა ბაჩი გრიგოლიამ პირველივე ნახევარში „დუბლი" შეასრულა. მატჩის გამორჩეული მოთამაშე კი რუსთაველთა მგეზავი ნიკა ბეჟუაშვილი გახლდათ. ბეჟუაშვილმა დადებულ ლელოს 5 გარდასახვა და 1 გატანილი ჯარიმაც დაურთო. "გარდასახვას" „მშრალი" ანგარიშით მარცხს წერტილი ქვემოქართლელთა ბურჯ საბა გოგოლაურის ლელომ დაუსვა – 43:0.

Rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული