"შავი ლომის" სამხრეთამერიკული ტურნე

AutoSharing Option
რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" შეიკრიბება და სამხრეთამერიკული ტურნესთვის მზადებას შეუდგება.

რადგან "შავი ლომი" "ბორჯღალოსნების" ბირთვს წარმოადგენს, სამხრეთამერიკული ტურნე 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ნაწილია. ჩვენი გუნდი აპრილსა და მაისის დასაწყისში ამერიკის სუპერლიგის მონაწილეებთან კონკურსგარეშე ხუთ შეხვედრას გამართავს, ანუ არ ჩაერთვება ტურნირში და არ იბრძოლებს თასის მოსაპოვებლად.

სამხრეთ ამერიკის სუპერლიგა 2019 წელს დაარსდა, თუმცა პირველი ტურნირის ჩატარება მხოლოდ 2021 წელს გახდა შესაძლებელი და მასში არგენტინის, ურუგვაის, ბრაზილიის, ჩილეს, კოლუმბიისა და პარაგვაის პროფესიული ფრენჩაიზები იღებდნენ
მონაწილეობას. პირველი გათამაშების გამარჯვებული არგენტინული "ხაგუარეს XV" გახდა, ხოლო 2022 წლის ტურნირი ურუგვაის "პენიაროლმა" მოიგო.

მას შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა ფორმატის გაფართოებაზე დაიწყეს ფიქრი და წელს მონაწილეთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. მონაწილეთა შორის აღარ არიან კოლუმბიელები. სამაგიეროდ, გამოჩნდა შეერთებული შტატების გუნდი "რეპტორსი", არგენტინელებმა კი მეორე ქვოტაც მიიღეს და წელს ამერიკის სუპერლიგაში ორი ფრენჩაიზი ეყოლებათ. სამომავლოდ ტურნირში კანადის და სხვა ქვეყნის ფრენჩაიზების ჩართვაც იგეგმება.

თვე-ნახევრის განმავლობაში "შავი ლომი" ურუგვაიში, მონტევიდეოში შეიკრიბება და ხუთიდან ოთხ თამაშს "შარუაზე" გამართავს, რომელიც 1984 წელს აშენდა, რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა და 11 226 მაყურებელს იტევს. იქნება ერთობლივი ვარჯიშები ადგილობრივ ფრენჩაიზთან, რომლის შემადგენლობის 90% ურუგვაის ნაკრებს წარმოადგენს.

ტურნეს ფარგლებში "შავი ლომი" პირველ შეხვედრას 9 აპრილს, არგენტინული "დოგოს XV"-ის წინააღმდეგ გამართავს. ის არგენტინის რაგბის კავშირის მეორე პროფესიული ფრენჩაიზია, რომელიც კორდობაშია ბაზირებული. ის 2019 წელს სწორედ ამერიკის სუპერლიგაში მონაწილეობისთვის შეიქმნა, მაგრამ 2021 წელს, როდესაც არგენტინის რაგბის კავშირმა ამ ტურნირში "ხაგუარეს XV"-ით გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, "დოგოსი" დაიშალა.

წელს "დოგოს XV" კვლავ აღდგა და სუპერლიგაშიც ჩაერთვება, მანამდე კი ბრაზილიისა და პარაგვაის გუნდებთან ამხანაგური შეხვედრები გამართა.

14 აპრილს ჩილეს "სელკნემს" ვერკინებით, რომელიც ასევე 2019 წელს დაარსდა და ჩილეს ნაკრების საბაზისო გუნდია. "სელკნემმა" 2021 წლის სამხრეთ ამერიკის სუპერლიგაში ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში ურუგვაის "პენიაროლთან" 14:17 დამარცხდა. 2022 წელს ჩილეს გუნდმა ნახევარფინალში "ხაგუარეს XV" 16:10 დაამარცხა, თუმცა ფინალში "პენიაროლთან" კვლავ ვერაფერს გახდა – 13:24.

21 აპრილს "შავი ლომი" არგენტინულ "პამპასს" არგენტინაში, ბუენოს-აირესში, "კასა პუმასზე" ეწვევა. არგენტინული ფრენჩაიზი 2010 წელს დაარსდა და 2013 წლამდე სამხრეთ აფრიკის "ვოდაკომის თასში" მონაწილეობდა, 2011 წელს კი ტურნირის გამარჯვებული გახდა. 2014-15 წლებში გუნდმა წყნარი ოკეანის თასში მიიღო მონაწილეობა, სადაც ფიჯის, სამოას და ტონგას მეორე გუნდებთან ერთად, იაპონიისა და ავსტრალიის ახალგაზრდული გუნდებიც იყვნენ ჩართული. "პამპასმა" თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო, რის შემდეგაც დაიშალა და მისი აღდგენის გადაწყვეტილება 2022 წელს მიიღეს. ამერიკის სუპერლიგაში ის "დოგოსთან" ერთად არგენტინის ღირსებას იცავს.

ამის შემდეგ ჩვენი გუნდი მონტევიდეოში დაბრუნდება და 28 აპრილს Sudamerica Rugby XV-ს შეხვდება. გუნდი ბოლოს 2019 წელს შეიკრიბა და ურუგვაის ნაკრებს იაპონიის მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე ეთამაშა.

ტურნეს კი 6 მაისს სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონთან, მასპინძელ "პენიაროლთან" ჯახით დაასრულებს. ურუგვაელებმა ფრენჩაიზი 2019 წელს სწორედ სუპერლიგაში მონაწილეობისთვის დააარსეს და ის, ფაქტობრივად, ურუგვაის ნაკრებია. გუნდმა სუპერლიგის პირველ გათამაშებაში ფინალი "ხაგუარესთან" 28:36 დათმო, 2022 წელს კი გადამწყვეტ მატჩში "სელკნამს" 24:13 სძლიეს და თასი შემართეს.

"მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით სამხრეთამერიკული ტურნე უმნიშვნელოვანესია. რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულებიდან მსოფლიო თასის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე დიდი წყვეტა გვქონდა. ამის ნაცვლად კი "შავ ლომს", რომლის შემადგენლობის 50-60% ნაკრების კანდიდატია, ხუთი მაღალი დონის თამაში ექნება. წინ საინტერესო შეხვედრები გველოდება, რომლებიც როგორც სელექციის, ასევე მზადების კუთხით დაგვეხმარება და მოუთმენლად ველით ტურნეს დაწყებას", - ამბობს "ბორჯღალოსნებისა" და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

"შავი ლომის" სამხრეთამერიკული ტურნეს განრიგი

9 აპრილი. მონტევიდეო. "შარუა"

შავი ლომი (საქართველო) – დოგოს XV (არგენტინა)

14 აპრილი. მონტევიდეო. „შარუა“

შავი ლომი (საქართველო) – სელკნემ (ჩილე)

21 აპრილი. ბუენოს-აირესი. "კასა პუმასი"

შავი ლომი (საქართველო) – პამპას (არგენტინა)

28 აპრილი. მონტევიდეო. "შარუა"

შავი ლომი (საქართველო) – Sudamerica Rugby XV

6 მაისი. მონტევიდეო. "შარუა"

შავი ლომი (საქართველო) – პენაროლი (ურუგვაი)

Rugby.ge

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამას ისევ ჰარი ქაფი სჯობდა, რაც არ უნდა იყოს სამხრეთ აფრიკაა. ჩილე, ურუგვაი და თანაც ამხანაგური თამაშები, ვითომ უკეთესი იქნება?
irakli81
01:24 23-02-2023
4
ეჭვი მაქვს რამდენად მნიშვნელოვნად ჩათვლიან მეტოქეები ამხანაგურ უსტატუსო თამაშებს შავ ლომთან. განა არ არსებობს საშიშროება თუკი მეტოქეს ინტენსიური განრიგი ექნა, ჩვენთან, მათთვის უმოტივაციო თამაშებში, მოთამაშეები დაასვენონ და ძირითადი გუნდის ნაცვლად დუბლები დააყენონ? გაცილებით უკეთესი იქნებოდა ოფიციალურად მიგვეღო მონაწილეობა თასის გათამაშებაში.
რამაზ
21:04 22-02-2023
4

სიახლეები პოპულარული