რაგბისთვის დაბადებული - დავით კილასონია 72 წლის გახდებოდა...

AutoSharing Option
ქართული რაგბის ლეგენდა – გამოჩენილი მოთამაშე, მწვრთნელი, დიდ’მოხელე და მოღვაწე დავით კილასონია, დღეს 72 წლის გახდებოდა…

დავით კილასონია დაიბადა 1951 წელს ოქროს უბანში. სწავლობდა "პლეხანოვზე" – ცნობილ 24-ე სკოლაში და საბურთალოზე – ფიზიკა-მათემატიკურ ინტერნატში. დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფიზიკის ფაკულტეტი.

მოსწავლეობისას თამაშობდა იმ’ხანად ერთობ პოპულარულ ხელბურთს, უნივერსიტეტში კი ახალ, ლაღ, მეამბოხეთა სახეობას – "რეგბს" ეზიარა.

სასწავლებლის გუნდის გარდა, დაუცავს ‘სპარტაკის’ ღირსებაც, 1970 წელს კი დუბლიდან – ‘ელმავლიდან’ მოხვდა ‘ლოკომოტივის’ ძირითად შემადგენლობაში და საკავშირო პირველობის უმრწემესი (ყველაზე უმცროსი) მონაწილე გახდა.

Sportall.Ge

ერთ’ნაირი წარმატებით თამაშობდა 9 და 10 ნომრებად. კარგა ხანს ითვლებოდა ნიჭიერ, იმედის მომცემ მობურთალად, 1977 წელს კი – ბრიტანეთის ‘პინგვინების’ ხილვის შემდეგ – საქმეს ახლებურად მიუდგა და მალე ვარსკვლავად მოგვევლინა.

9 ნომრის დაღვინება გუნდსაც შეეტყო. ‘ლოკომოტივმა’ 1978 წლის შემოდგომაზე ჯერ ბრინჯაო აიღო, შემდეგ კი თასიც. 1979 წელს რკინიგზელები პირველობის ფავორიტები იყვნენ, მაგრამ "ცენტრმა" არ გაახარა და დაძირა.

ამით გულ’გატეხილმა დათომ თამაშს 28 წლისამ დაანება თავი, მაგრამ 1981 წელს – როცა პარტო’კრატიის მიერ ნალოლიავებმა მოძმე ბურთაობამ ერთიანად მოინდომა თბილისიდან ოვალური ბურთის ამოძირკვა, კილასონია მოთამაშე-მწვრთნელად დაბრუნდა და განახლებული რაზმით ცოტა დააკლდა ვერცხლამდე – ბრინჯაოს დასჯერდა.

1979 წლის გაზაფხულზე კილასონიამ საბჭოეთის ნაკრებში ფირას პირველობის – "ერთა თასის" ბრინჯაო მოიპოვა, 1981 წელს კი მეორე (პროფკავშირთა) ნაკრების მწვრთნელი იყო.

Sportall.Ge

1982 წელს დათო "შევარდენში" რაგბობდა, 1983 წელს – ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის გუნდში. თბილისური რაგბის კრიზისის ხანაში კილასონია ოვალური ბურთის ფხიან პროპაგანდისტად იქცა, 1986 წელს კი – პირველად ჩვენი რაგბის ისტორიაში – მორაგბე "სახელმწიფო მწვრთნელად" დაინიშნა და თანდათან გამოასწორა მდგომარეობა.

მეტიც, 1987 წელს, "თვითმფრინავის სკანდალის" დროს, სამსახურებრივი იერარქიაც დაარღვია, რათა არ დაეშვა თბილისსა და რკინიგზაში რაგბის მოსპობა.

1989 წელს ბატონი დავითი სათავეში ჩაუდგა ქართული რაგბის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას: დაამყარა კავშირი ირბ-ის (მსოფლიო რაგბი) ბოსებთან, აიყოლია სხვა რესპუბლიკები, ჩამოაყალიბა ეროვნული ნაკრები და მას სათავეშიც ჩაუდგა, რაც 1992 წლის თებერვალში "საქართველოს რაგბის კავშირის" საერთაშორისო აღიარებით დასრულდა.

ამის შემდეგ კილასონია მამა-პაპის ნაფუძარზე – ნოქალაქევში (სენაკი) გადასახლდა და სამეგრელოში გაშალა რაგბის და ოლიმპიური საქმიანობა, ხოლო დედაქალაქში მშობლიურ "უნივერსიტეტს" პატრონობდა.

Sportall.Ge

1999 წელს დავითმა გამოსცა აქამდეც ერთადერთი წლიური ალმანახი – "საქართველოს რაგბეთი"; სოფელში ჩაატარა ბავშვთა ფესტივალები; დააარსა რაგბის მუზეუმი; წვლილი დაიდო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოვალური ბურთის დანერგვაში და ნულიდან აღადგინა და გაათანამედროვა ჩვენი ეროვნული საუნჯე – ლელო: შექმნა ფედერაცია და 10-გუნდა პირველობაც გამართა.

დავითი 1984 წელს დაქორწინდა რუსუდან ქიქოძეზე. წყვილმა ორი, უკვე დაოჯახებული ვაჟი გამოზარდა. ორივე გაჰყვა მამის კვალს და ქართული რაგბისთვის სასიკეთოდ უამრავი სასარგებლო რამ გააკეთა. ამჟამად ლადო 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ლუკა კი – მსაჯების მენეჯერი.

დავით კილასონია 2018 წელს, 67 წლისა გარდაიცვალა…

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.
კოტე
21:21 19-06-2023
0
კარგი კაცი, კარგი პიროვნება, კარგი მამულიშვილი!
თბილისელი
19:33 19-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული