ვიტო კოლელიშვილი – "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი

AutoSharing Option
ვეტერანი "ბორჯღალოსანი" ვიტო კოლელიშვილი, რომელმაც მოთამაშის კარიერა თავის ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა, რაგბის გარეშე დიდხანს არ დარჩენილა.

"ლელო-სარასენსის", "ლიონისა" და "კლერმონის" მესამეხაზელმა ერთი წელია სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი და ამ სეზონში „ვულკანების“ 18-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა.

როგორია მისი მიზნები სამწვრთნელო ასპარეზზე? როგორ ვითარდებიან ფრანგი ახალგაზრდები, რომელთა 20-წლამდელთა ნაკრები ბოლო სამი წელია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება? როგორ ხვდება "კლერმონი" 2023/24 წლების სეზონის ჩელენჯ თასს, სადაც მათი მეტოქე "შავი ლომიც" იქნება? ამის შესახებ 33 წლის მორაგბე თავად მოგვიყვება.

- თქვენი, როგორც
მოთამაშის კარიერა ტრავმის გამო ნაადრევად დასრულდა, თუმცა რაგბის გარეშე დიდხანს არ დარჩენილხართ. როგორ გახდით "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი და რა შედის თქვენს ფუნქციებში?

- ადამიანი სულ წინ უნდა იყურებოდეს, შრომობდეს, ვითარდებოდეს და მეც გადავწყვიტე, დიდხანს არ დავრჩენილიყავი საკუთარ თავთან გაურკვევლობაში, მაგრამ არც რაგბის გარეშე მინდოდა ყოფნა. მიზნად დავისახე, რომ გამევლო სამწვრთნელო კურსები და ამეღო ლიცენზია. სწავლების პარალელურად, კლერმონის მახლობლად ერთ-ერთ „პატარა“ გუნდს ვავარჯიშებდი და თან ვცდილობდი, გავრკვეულიყავი, მართლა მინდოდა თუ არა მწვრთნელობა.

ამის შემდეგ ჩემი თავი "კლერმონს" შევთავაზე და გასულ სეზონში ესპუარების შერკინების მწვრთნელის დამხმარე და დაცვის კონსულტანტი ვიყავი. წელს 18-წლამდელთა გუნდი ორმა მწვრთნელმა ჩავიბარეთ. ახალგაზრდა სპეციალისტი ვარ და მთავარია, რასაც ვაკეთებ, მომწონდეს და სიამოვნებას მანიჭებდეს. ვცდილობ, კონცენტრირებული ვიყო და მეტი გამოცდილება შევიძინო. მთავარია, რომ საყვარელ საქმეში – რაგბიში ვარ და ვეცდები, მოთამაშეებს იმ უნარების გაუმჯობესებაში დავეხმარო, რაზეც თამაშის პერიოდში მე ვმუშაობდი.

- ბოლო დროს ფრანგული რაგბი ვითარდება, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მათი 20-წლამდელთა ნაკრები ზედიზედ სამი წელია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს იგებს. რას აკეთებენ ფრანგები ბავშვთა და მოზარდთა რაგბიში ისეთს, რასაც ასეთი შედეგები მოაქვს?

- საფრანგეთში მაღალ დონეზეა სასკოლო რაგბი. ბავშვები თავიდანვე ეჩვევიან სარაგბო უნარებს. ამასთან, ძალიან ბევრი გუნდი და მოთამაშეა. ფრანგულმა რაგბიმ წლების წინ განვითარების პროგრამა გააკეთა და უცხოელი მოთამაშეების ფაქტორი შეამცირა. ამის დამსახურებაა, 18 და 20-წლამდელთა გუნდები მაღალ დონეზე რომ თამაშობენ. ტოპ 14-ში მრავლად არიან 20 წლამდე მორაგბეები და სხვა ქვეყნებთან შედარებით მეტი გამოცდილება აქვთ. ისინი დიდ დროს ატარებენ მოედანზე, რაც შედეგზე აისახება. საფრანგეთში გადაადგილების პრობლემა არავის აქვს და ნიჭიერი მოზარდები მარტივად ახერხებენ დიდ გუნდებში ვარჯიშებზე სიარულს.

- რაზე კეთდება აქცენტი 18 წლამდე მორაგბეებში? უნარების დახვეწაზე, სწორ თამაშზე, რაოდენობაზე თუ კიდევ სხვა რამეზე?
- ეს მწვრთნელის ხედვაზეა დამოკიდებული. უმთავრესად, ყველა ცდილობს, რომ 15 წლამდე მოთამაშეს პასუხისმგებლობა არ აჰკიდოს და უბრალოდ რაგბი შეაყვაროს, სიამოვნება მიაღებინოს. თუ ბავშვი ამის შემდეგ გადაწყვეტს, რომ რაგბიში დარჩეს, მერე ხდება მიზნების დასახვა და უნარების განვითარება. 15-16 წლის ბავშვებს ნაკლებად ევალებათ სპეციფიკური უნარების განვითარება, მუშაობენ საბაზისო უნარებზე და აქცენტი სისტემაზე მორგებაზე კეთდება – გუნდური დაცვა, გუნდური შეტევა და ა.შ. ნელ-ნელა შემოდის პოზიციური უნარების შესწავლა.

დიდ კლუბებს აქვთ აკადემიები, სადაც გამორჩეული ბავშვები მეტი დატვირთვით ვარჯიშობენ. სახლში არავის უშვებენ, უბრალოდ, ნიჭიერ და გამორჩეულ მოთამაშეებს, რომელთაც მეტი პერსპექტივა აქვთ, უნარების გასაუმჯობესებლად დამატებითი ვარჯიშები აქვთ. 18 წლიდან კიდევ ხდება გაცხრილვა. თუ გუნდს კვირაში 3-ჯერ აქვს ვარჯიში, გამორჩეულ მოთამაშეებს უნარებზე ორი ვარჯიში უტარდებათ. ისინი საკუთარ თავზე მეტს ვარჯიშობენ და მათგან ხდება ესპუართა გუნდისთვის მოთამაშეების შერჩევა. ესპუარებში ვინც მოხვდება, ის უკვე პირველი გუნდის სათამაშო ტემპს და ფიზიკურ კონდიციებს უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან არავინ იცის, როდის მოუწევს ძირითად გუნდში თამაში.

Sportall.Ge

- 18 წლამდე "კლერმონში" რამდენი ბავშვია და სეზონის განმავლობაში რამდენი თამაში გიწევთ?
- გუნდში 40 ბავშვი გვყავს და ასაკობრივ ჩემპიონატს ვთამაშობთ. ჯერ არის რეგიონული პლეი-ოფი, საიდანაც საუკეთესოები ქვეყნის მასშტაბით ჩემპიონატს თამაშობენ. რეგულარულ გათამაშებაში 18 თამაშია, რის შემდეგაც 8 საუკეთესი მეოთხედფინალში გადის.

- დეკემბრიდან "კლერმონის" კაცთა გუნდი ჩელენჯ თასში ჩაერთვება, სადაც მისი ერთ-ერთი მეტოქე "შავი ლომია" და თბილისში მოუწევს ჩამოსვლა. კლუბში როგორ შეხვდნენ ამ ინფორმაციას?
- ასეთი გუნდი თუ არსებობდა, არც იცოდნენ და მერე დაიწყეს ინფორმაციის მოძიება. როგორც შევატყვე, ძალიან გახარებულები არიან, აინტერესებთ საქართველოს ნახვა. ვისურვებდი, რომ ამ თამაშს მეც დავესწრო. ის, რომ ქართული ფრენჩაიზი ჩელენჯ თასზე ითამაშებს, ჩემი აზრით ძალიან მაგარი მოვლენაა. მოთამაშე რომ ვიყავი, სულ ვნატრობდით, ასეთი შესაძლებლობა გვქონოდა. რაღაც ეტაპზე ყველანი ვხვდებოდით, რომ მეტი განვითარებისთვის მსგავს ტურნირში ჩართვა აუცილებელი იყო. მოხარული ვარ, ეს დღე რომ დადგა. ვფიქრობ, რომ ბიჭები მზად არიან ამ დონეზე სათამაშოდ. ისინი მოტივირებული არიან და ზუსტად ვიცი, საქართველოში თამაში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება. შეიძლება სიურპრიზებიც იყოს.

- ფრანგული კლუბები ჩელენჯ თასზე ხშირად უახლოესი რეზერვით თამაშობენ და არა პირველი შემადგენლობით. წელს "კლერმონის" შემთხვევაში როგორ იქნება?
- ეს მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. მე არ მგონია, სუსტი გუნდი გამოუშვან. ასეთ რისკზე თუ მიდიხარ, იმის ალბათობასაც უშვებ, რომ შეიძლება თამაში წააგო, "კლერმონს" კი ჩელენჯ თასის მოგება ენდომება. ტიტულის მოგება გუნდს კრავს და როდესაც საკუთარი პოზიციების დაბრუნების ამბიცია გაქვს, ყველა თამაშში მოგებაზე უნდა იფიქრო. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოში სუსტ გუნდს არ გამოუშვებენ.

- ამ ეტაპზე რამდენი ქართველი მორაგბეა "კლერმონში" და კიდევ თუ აპირებთ ქართველების დამატებას?
- ესპუარებში 5 და ჩემთან ორი ქართველი მორაგბეა. ყველანი მაგარი ბიჭები არიან. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ფრანგულ კლუბებში მიღებული გამოცდილება საბოლოოდ ქართულ რაგბის ადგება. "კლერმონში" ქართველი მორაგბეები ჩემამდეც მრავლად იყვნენ და ამას ჩემს ფაქტორს ვერ მივაწერ. საფრანგეთში ქართველ მორაგბეებს იცნობენ და პატივს სცემენ. თუ მე მექნება შესაძლებლობა, რომ ვინმეს გზა გავუხსნა, ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ.

rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტყემალაძეები,მართლა ტყემალზე არიან გასულნი,ასეთ გამობრძმედილ რაგბიში ბიჭებს სამშობლოში რომ ვერ მოუძებნეს კარგ ანაზღაურებიანი სამსახური ახალგაზრდებთან მაინც, მაჩხანელი,აბუსერიძე,...ბოლო ბოლო....ნაკლები პროფესიონალებია არიან მაისაშვილებზე,კილასონიებზე და ტყემალაძეებზე.ყველაფერს დავკარგავთ სულ მალე თუ ასე გავაგრძელეთ ფლანგვა რაშიც ფრანგებმა წინ წაგვწიეს,არა მარტო რაგბს ვგულისხმობ,ხისთავოაი წუწკების გასაგონად,ვამბობ,შეაყარე ცერცვის მიღებით ,მათნაირებისგან პასუხად,კვლავ და კვლავ
ზ მ.
13:10 09-09-2023
0
ყველა ბორჯღალოსანი მიყვარს,მაგრამ ვიტო კოლელიშვილი,მათ შორისაც გამორჩეული იყო,თავისი თავდაუზოგავი და მებრძოლი ბუნების გამო.სამწუხაროდ კარიერის ადრე დასრულება მოუწია,ტრავმების გამო,მაგრამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა,მწვრთნელობის დროს,კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს.დიდ წარმატებებს ვუსურვებ ამ ახალ სტატუსითაც,დაე მალე,საქართველოში,ქართველი ბიჭების მწვრთნელად მოგვევლინოს და მთავარ,თანაც დიდ წარმატებებს,სწორედ საქართველოში მიაღწიოს.
სოსო
22:56 06-09-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული