სულხან ჩიხლაძის ახალი ეტაპი – უკვე მსოფლიო რაგბის ეგიდით

AutoSharing Option
სულხან ჩიხლაძე მეოთხე ქართველი რეფერია, რომელიც მსოფლიო რაგბის ეგიდით იმსაჯებს. აქამდე ეს ნიკა ამაშუკელმა, შოთა თევზაძემ და საბა აბულაშვილმა შეძლეს, ახლა კი მათ რიცხვს სულხან ჩიხლაძეც შეუერთდება, ოღონდ ჯერ მხოლოდ 7-კაცას მიმართულებით.

ის 2024 წლის მსოფლიო სერიის ჩელენჯერის ორ ეტაპზეა მიწვეული – დუბაისა და მიუნხენში. ჩელენჯერი სამ ეტაპად იმართება – 12-14 იანვარს დუბაიში (არაბეთის გაერთიანებული საემიროები), 8-10 მარტს მონტევიდეოში (ურუგვაი) და 18-19 მაისს მიუნხენში (გერმანია). შეგახსენებთ, მსოფლიო სერიის ჩელენჯერი 2020 წლიდან ტარდება და ის 7-კაცა რაგბიში მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირია.
სამი ეტაპის ჯამში 4 საუკეთესო გუნდი, სერიის ბოლო 4 გუნდთან ერთად მადრიდში (ესპანეთი), 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ფინალურ ტურნირს ითამაშებს.

საქართველოს 7-კაცამ ჩელენჯერის ტურნირი 2022 წელს ჩილეში ითამაშა და მეორე ადგილი დაიკავა. წელს ჩვენი გუნდი სამივე ეტაპზე ითამაშებს და მისი მეტოქეები კენია, იაპონია, ტონგა, ურუგვაი, პორტუგალია, ჩილე, გერმანია, ჰონკონგი, უგანდა, მექსიკა და პაპუა ახალი გვინეა იქნებიან.

სულხან ჩიხლაძემ ამ ტურნირამდე დიდი გზა განვლო. შარშან მან რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირები იმსაჯა, საუკეთესო შეფასებები მიიღო და ახალმა ეტაპმაც არ დააყოვნა.

„ყველა ტურნირზე, სადაც საქართველოს სახელით ვიყავი წარდგენილი, დადებითი შთაბეჭდილება დავტოვე და ჩემპიონატის ფინალური მატჩის განსჯაც მანდეს. გადამწყვეტი, ალბათ, მაინც ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი იყო, რომელიც კრაკოვში (პოლონეთი) ჩატარდა. იქ სპეციალურად იყო ჩამოსული მსოფლიო რაგბის მსაჯთა მენეჯერი, რომელიც 6 მსაჯს გვაკვირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები 7-კაცაში საკმაოდ გამოცდილი მსაჯები იყვნენ, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინე და მიზნისკენ – 7-კაცას სერიების, მსოფლიო ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშებისკენ მორიგი ნაბიჯი გადავდგი“ – აღნიშნავს ჩიხლაძე და განაგრძობს:

„მიღწეულზე არასდროს ვჩერდები და მაქსიმუმს გავიღებ, რათა დუბაისა და მიუნხენში ფინალში მსაჯობის უფლება მოვიპოვო, მერე კი სერიებიდან მიწვევას დაველოდები. სასიხარულოა, რომ ჩემთან ერთად საქართველოს 7-კაცა ნაკრებიც იზრდება და ჩელენჯერზე ერთად მივდივართ. ჩემი დიდი სურვილია, რომ ასევე ერთად მოვიპოვოთ სერიის საგზური და საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა“.

აღსანიშნავია, რომ ჩიხლაძე 7-კაცას პარალელურად 15-კაცა რაგბშიც წინ მიიწევს. 11 ნოემბერს მან რაგბი ევროპის ალაფაზე ლიეტუვასა და შვეიცარიის შეხვედრა განსაჯა, დეკემბრის დასაწყისში კი დებიუტი სუპერ თასზე, ნახევარფინალში ექნება:

„15-კაცა რაგბში მოედნის მსაჯად დებიუტი შარშან მქონდა და ძალიან კარგი შეფასება მივიღე, წელს კი დანიშვნა ალაფაზე მივიღე. აქაც საუკეთესო შეფასება მივიღე. საქართველოში დაბრუნებულს ახალი მიწვევა დამხვდა – სუპერ თასის ნახევარფინალს ვიმსაჯებ, თუმცა რომელ თამაშს, ჯერ არ გარკვეულა. ისევე, როგორც 7-კაცაში, 15-კაცაშიც მაქსიმალური მიზნები მაქვს და ვეცდები თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
თმა გადაიპარსე, წარმატებები!
5
წარმატებები ქართველო! სუოერთასის ნახევარფინალს, სადაც საქართველო ითამაშებს, ცხადია ვერ იმსაჯებ. მეორე წყვილის თამაშს კი, აუცილებლად :)
გიორგი
23:55 27-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული