ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები

AutoSharing Option
პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა "შავმა ლომმა" 9 დეკემბერს ისტორიული შეხვედრა გამართა. ჩელენჯ თასის სადებიუტო მატჩში მან 1,5-საუკუნოვანი ისტორიის მქონე ინგლისურ გრანდ "გლოსტერს" უმასპინძლა და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა.

ინგლისელებმა 15 ქულა ჯარიმების ხარჯზე მოიხვეჭეს, რაზეც ლუკა მატკავამ ლელოთი, გარდასახვით და ჯარიმით უპასუხა. პირველ ტაიმში მასპინძელთა მოლს მეორე ლელოც მოჰყვა, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ ხანგრძლივი გადამოწმების შემდეგ გააუქმა…

ნამატჩევს "შავი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა და მოთამაშეებმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან მაისაშვილი (მთავარი მწვრთნელი): „ვეთამაშეთ დიდი ისტორიის მქონე მრისხანე მეტოქეს, რომელსაც სიღრმეების მხრივ პრობლემები
არ აქვს და ხშირ შემთხვევაში ასეთი ტიპის თამაშს მეორე ნომრები უფრო მეტი მონდომებით ატარებენ. ჩემი ბიჭებით ამაყი ვარ, მათ ვუთხარი, რომ ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რომ მოედანი გამარჯვებულებს დაგვეტოვებინა და ამაში მხოლოდ ანგარიში არ იგულისხმება. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით დარწმუნებული, რომ მაქსიმუმი გავაკეთეთ და ასეც მოხდა“.

„პირველ ტაიმში გავიტანეთ ორი ლელო, რომელთაგან მეორე ჩემთვის გაუგებარი მიზეზით გაუქმდა. არ მაქვს პასუხი რატომ არ ჩაითვალა ეს ლელო. წაგებული თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ ის, რომ "გლოსტერს" ლელო არ გავატანინეთ, თავად კი ორი გავუტანეთ, ნამდვილად იძლევა უკეთესი მომავლის იმედს“.

„ახლა უელსში მივემგზავრებით, სადაც "სკარლეტს" ვეთამაშებით, მერე "ჰითთან" გველის სუპერთასის ფინალი, იანვარში კი "კასტრთან" და "კლერმონთან" გვაქვს შეხვედრა. გასეირნება არცერთი იქნება, თუმცა ყველას დავანახეთ, რომ ჩელენჯ თასში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ვართ და ყველა თამაშში მოსაგებად ვიბრძოლებთ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა შეხვედრას მოვიგებთ, მაგრამ მთავარია ბოლომდე ვიყოთ ბრძოლაში და ის დროც მოვა, როდესაც დიდ თამაშებს მოვიგებთ“.

მერაბ შარიქაძე (კაპიტანი): „მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც წვიმის მიუხედავად სტადიონზე მოვიდა და ბოლომდე გვერდში გვედგა. მათი ხმა 80 წუთის განმავლობაშ ისმოდა და ეს დასაფასებელია. ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თამაშის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა და იდეალური გარემო შექმნა“.

„ასეთ მძიმე თამაშებში პატარა შეცდომებს დიდი ფასი აქვს. ვინც მსგავსი ტიპის მატჩებში პირველად იღებს მონაწილეობას, მათთვის რთულია. წნეხის მიჩვევას მეტი მსგავსი დონის თამაშები სჭირდება. მნიშვნელოვანია, ყოველი თამაშის, ვარჯიშის შემდეგ ნახევარი ნაბიჯით წინ ვიაროთ და აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ასეთ გუნდებთან ფავორიტებად ჩავითვლებით“.

ლუკა მატკავა: „წაგებული მატჩის შემდეგ პოზიტივზე საუბარი რთულია, ბიჭებმა კარგად იმუშავეს, კარგი მომენტი შემიქმნეს და გამოვიყენე“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
მსაჯმა ერთი ლელო მოგვპარა და ერთი-ორჯერ შერკინებაშიც უსამართლიდ დაგვაჯარიმა. რაგბის "მამებს" არ ვუნდივართ, რადგან თბილისში თამაშებიდან შემოსავალი არ აქვთ. ჯერ ერთი, ბილეთში 20-30 ფუნტს ძალიან ცოტა ვინმე თუ გადაიხდის. მეორე და მთავარი კი ისაა, რომ რომც გადაიხადონ, ჩვენში რაგბის გულშემარკივარი 3-4 ათასი თუ იქნება, რაც კომერციულად აბსურდის დონეზეა. გამოსავალი კი ერთია, უნდა გაიზარდოს ჩვენი გუნდების დონე, რომ მსაჯიანად "გადავჯეგოთ". სხვათაშორის, მაისაშვილის ხელში შერკინება ძალიან დაგვისუსტდა და ეს სასწრაფოდაა გამოსასწორებელი.
გიორგი
13 დეკემბერი 2023 14:37
0
ასეთ ლელოს მასპინძელს არავინ უუქმებს-100% სწორია!!!!
დათო
11 დეკემბერი 2023 11:12
0
მასპინძელი რა შუაშია? თუ დარღვევა არ იყო, ან სტუმარს რატომ უნდა გაუუქმოს?
გიორგი
14 დეკემბერი 2023 00:40
0
შერკინება პრობლემაა (რაც მაისაშვილის "საფირმო მარკად" იქცა უკვე ჩვენდა სავალალოდ; არადა აქვს როგორც მწვრთნელს თავისი ბევრი პლუსიც), 9 და 15 პრობლემური პოზიციებია, მაგრამ გლოსტერის ამ შემადგენლობასთან მაინც შეგვეძლო მოგება, რომ არა მსაჯები! ძალიან სერიოზული სამუშაოა ამ მხრივ, ასეთ ლელოს მასპინძელს არავინ უუქმებს; არ ვაჭარბებ, არასოდეს მინახავს... არავითარი თვალსაჩინო დარღვევა იქ არ ჩანს! მართლა სირცხვილია უკვე მსოფლიოდან მოყოლებული ამდენი წუწუნი მსაჯობაზე, მაგრამ რეალობა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ზედაპირზე ჩანს: აშკარად სისტემურ "მიდგომასთან" გვაქვს საქმე!
გიო
11 დეკემბერი 2023 00:28
0
მართალი ბრძანდებით! თამაშზეც ვიყავი. სალში დავბრუნდი თუ არა, გადავახვიე და ძალიან ბევრჯერ ვნახე ყველა მნიშვნელოვანი მომენტი. კომენტატორებსაც მოვუსმინე, მსაჯებსაც. სადაც შევძელი ინფორმაციის მოპოვება, წავიკითხე. 100 % იანი ლელო იყო! მართლა არ შეიძლება ამდენის ატანა. იმიტომ, რომ ძვალი გადმოგვიგდეს გასათქვირათ, თავზე უნდა გვიშვებოდნენ სულ? სიმართლეს გაუმარჯოს და რა დიდი დაფასებაა ეს ჩელენჯ თასი? ენისეი არ თამაშობდა და არ იგებდა?მანამდე რუმინელები, ესანელები და ვინ აღარ! ფიჯისთან თამაში მოგვპარეს, ეს თამაში მოგვპარეს! რაგბში რომ სისტემა და მმართველი ორგანოა ეგეთი არსად არ ხდება!
შერკინების პირველი ხაზი კი ნამდვილი იმედგაცუება იყო. გაკვირვებული ვარ. მაინტერესებს, უკეთესი რესურსი პირველხაზელების დიდ 10 ში გვყავს?
რეზო
11 დეკემბერი 2023 01:30
0
სამწუხაროდ,ბოლო 10-15 წუთში,დაღლილობა ძალიან შეგვეტყო და ბურთი შეგვინელდა.მთელ გუნდს და მწვრთნელებს,მადლობა.ასეთი გუნდი რომ ლელოს ვერ დაგიდებს.ხუმრობა საქმე არ არის.ერთ კვირაში კიდევ რომ გვეთამაშა,ასე მგონია,გავიმარჯვებდით,თუმცა ამ მატჩშიც შეგვეძლო,გამარჯვება.მწვრთნელების დუელში,ლევან მაისაშვილმა,არაფერი დაუთმო,ვიზავის და ესეც ამტკიცებს,რომ ლევანი,კარგი მწვრთნელია.კარგი იქნებოდა, მასაც ჰყოლოდა,გუნდი,ამ ტურნირზე სათამაშოდ.ის ხომ ნაკრებში ახალი მწვრთნელის დანიშვნასთან ავტომატურად,შავი ლომის მწვრთნელის თანამდებობასაც დატოვებს.მას უკვე ძალიან დიდი ცოდნა-გამოცდილება აქვს დაგროვილი და საცოდაობა იქნება,ის მხოლოდ კაბინეტური მუშაობისათვის გამოვიყენოთ.იქნებ მოხერხდეს და კიდევ რომელიმე გუნდი,ჩემპიონატში მოთამაშე,ან თუნდაც მეორე ფრანჩაიზი,გავიყვანოთ,ასეთ ტურნირებზე.ამ შემთხვევაში,სანაკრებო ბაზა,გაცილებით უფრო ყოვლისმომცველი იქნება და ახალგაზრდობის მეტად ჩართვის შესაძლებობა შეგვექმნება.
სოსო
10 დეკემბერი 2023 18:36
4

სიახლეები პოპულარული