"შავი ლომი". დერეფანი უელსური, შერკინება და ისტორიული გამარჯვება - ქართული!

AutoSharing Option
ჩელენჯ თასის მეორე ტურში „შავი ლომმა“, რომლის რიგებში ხუთი დებიუტანტი იყო, უელსში „სქარლეთსი“ 23:7 დაამარცხა და ტურნირზე პირველი, ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძლები დებიუტში ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ. „შავი ლომი“ შეცდომებს უშვებდა, რამდენიმეჯერ დაჯარიმდა და მსაჯმა მამამთავრიშვილი გაასანბინა. შემდეგ მატკავამ საჯარიმო ვერ გამოიყენა. ჩვენმა გუნდმა ბურთი დერეფნიდან ექვსჯერ დაკარგა, ერთადერთი მეტოქეს, რომელიც უნაკლო სულაც არ იყო, შერკინებაში სჯაბნიდა და მატკავამ საჯარიმოდან ანგარიში შეამცირა. უპირატესობას და ბურთს უმეტესწილად უელსელები ფლობდნენ, მაგრამ მაისაშვილის შეგირდები კარგი
დაცვით პასუხობდნენ. 34-ე წუთზე ქართველების პირველივე სახიფათო იერიში პერანიძის ლელოთი და მატკავას ზუსტი გარდასახვით, პირველი ტაიმი კი 7:10 დასრულდა.

მეორე ტაიმი მატკავას ზუსტი საჯარიმოთი დაიწყო. ისევ მოგვეძალა „სქარლეთსი“, ისევ წავაგეთ დერეფანი, ისევ მაგრად დავუხვდით დაცვაში, იქით შევუტიეთ, აგორებული მოლიდან მამრიკიშვილმა ლელო გაიტანა, ხოლო მატკავამ ზუსტად გარდასახა. „შავმა ლომმა“ თანდათან დერეფანში თამაში გამოასწორა, შერკინებაში ბრწყინავდა, ინიციატივასაც ფლობდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ მატკავამ საჯარიმოდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქართული ფრენჩაიზი 5 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ჩელენჯ თასზე 13 იანვარს საფრანგეთში „კასტრთან“ გამართავს.

2023/24 წლების EPCR ჩელენჯ თასი
მესამე ჯგუფი. მეორე რაუნდი
ჰლანეჰლი. Parc Y Scarlets
სქარლეთსი (უელსი) – შავი ლომი (საქართველო) 7:23
შავი ლომი


ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება:
1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ბექა მამრიკიშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი ჯობავა, 23. ლუკა ცირეკიძე.

მკითხველის კომენტარები / 28 /
წინა თამაშის შემდეგ,კი დავწერე,რომ იმედი მქონდა,უკვე ამ გათამაშებაში მოვიპოვებდით,პირველ გამარჯვებას,მაგრასმ ოცნებაშიც ვერ ვიფიქრებდი,უკვე მომდევნო თამაშში თუ ასე დამაჯერებლად გავუსწორდებოდით,უელსელ მეტოქეს.არ ვიცი,შესაძლოა არც ისინი თამაშობდნენ,უძლიერესი შემადგენლობით,შესაძლოა არც დაგვაფასეს,მაგრამ ჩვენი გუნდიც ძალიან შორს იყო,უძლიერესი შემადგენლობისაგან.გამოდის,რომ ახალ მოსულის ფსიქოლოგიური ბარიერი გადავლახეთ და გამოცდილ მეტოქეებს,ქვემოდან ზევით აღარ შევცქერით.მატჩის დასაწყისში,ეს შებორკილობა აშკარად იგრძნობოდა და ამას მსაჯიც აქტიურად უწყობდა ხელს,მაგრამ პირველ რიგში,ჩვენი კაპიტნის ბრწყინვალე მოქმედებებით,გუნდმა დაიბრუნა ფსიქოლოგიური წონასწორობა და რაც შემდეგ ვნახეთ,ამას ვერც წარმოვიდგენდი.ვიდეოებში გადაღებული მიწისძვრის კადრებში მინახია,მიწის ნაბზარის ორი მხარე ერთმანეთს რომ ეჯახება,შუაში მოქცეული კლდის ნაწილი,როგორ ამოიპრესება,მაღლა,ყინულების სვლისასაც მინახია,მსგავსი სურათი,მაგრამ სარაგბო შერკინებაში,ასეთი რამე,პირველად ვნახე.ჩვენმა მორკინალებმა,მეტოქის შერკინება,თითქოს რქებზე შეიგდეს და ჰაერში აათამაშეს.კარგ მინდორზე,არც ფიზიკურად გაგვჭირვებია და რომ არა სრულიად დაულაგებელი დერეფანი,მეტოქეს,გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხებდით.დერეფანი,ისედაც ჩვენი სუსტი წერტილია,მაგრამ ძირითადი ჰუკერების ტრავმებმა,კიდევ უფრო გაგვირთულა,სიტუაცია.ახლა ბიჭებს,რაღაცა დრო მაინც აქვთ,რომ რამდენიმე კომბინაცია დაალაგონ და მომდევნო თამაშებში,ასე სუსტად აღარ გამოჩნდნენ.ლევან მაისაშვილმა,ჯერ სანაკრებო,ახლა კი საკლუბო დონეზე უელსელების ძლევით დაამტკიცა,რომ კარგი მწვრთნელია და იმ ერთი სანაკრებო წარუმატებლობის მიუხედავად,მასზე ხაზის გადასმა,ძალიან დიდი შეცდომა იქნება.მან ხუთი თითივით იცის,ქართული რაგბის ყველა კუთხე კუნჭული და სამომავლოდაც უნდა გვქონდეს,მისი იმედი.აიჩემეს,უცხოელი მწვრთნელი გვჭირდებაო!კი ბატონო,მაგრამ ამ შემთხვევაში,ისეთი უნდა მოიყვანონ,ვისზეც,გაცილებით უფრო დიდი ხელფასის გადახდა,კიდევ უფრო დიდ ხარისხობრივ ნახტომსაც მოგვცემს,ნაკრებისათვის,შავი ლომისათვის და მთლიანად ქართული რაგბისათვის.დღეს კი,ამ გამარჯვებას გილოცავთ ყველას,ვინც ქართული რაგბის გულშემატკივარია,მთელ სარაგბო კორპუსს და რა თქმა უნდა თვითონ შავ ლომს.ეს ერთი და სხვა ათასი,ბიჭებო!
სოსო
09:17 16-12-2023
3
აუტი გამოსასწორებელია, ამ თამაშის შემდეგ გლოსტერთან წაგება უფრო დასანანია ვერ გამიგია ის ლელო რატომ
გააუქმეს. ყოჩაღ ბიჭებო!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული