7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიას იწყებს

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცა 8 იანვარს არაბეთის გაერთიანებულ საამიროში, დუბაიში მიემგზავრება, სადაც 12-14 იანვარს 2024 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის პირველ ეტაპზე ითამაშებს.

7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიების შესარჩევი ტურნირი პირველად 2020 წელს, ორ ეტაპად ჩატარდა; 2021 წელს ის კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა; 2022 წელს კი მხოლოდ ერთი ტურნირი გაიმართა. ჩილეში წვეული გუნდის სტატუსით ჩვენმა 7-კაცამაც ითამაშა, ფინალში გავიდა და ურუგვაისთან გადამწყვეტი მატჩი 5:19 დათმო.

შარშან ჩელენჯერის სერიაზე არ გვითამაშია. სამაგიეროდ 7-კაცამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოახერხა წარმატების მიღწევა და 2024 წლის ჩელენჯერის სერიის საგზური მოიპოვა, რომელიც
წელს კიდევ უფრო დახვეწილი სისტემით ტარდება.

2024 წლის ჩელენჯერის სერია სამ ეტაპად გაიმართება და თითოეულ მათგანში 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: 12-14 იანვარს დუბაიში, 8-10 მარტს მონტევიდეოში (ურუგვაი) და 18-19 მაისს მიუნხენში (გერმანია). სამი ეტაპის ჯამში 4 მოწინავე გუნდი, მსოფლიო სერიის მე-9-მე-12 ადგილოსნებთან ერთად, 31 მაისიდან – 2 ივნისის ჩათვლით, მადრიდში (ესპანეთი) ფინალურ ტურნირს ითამაშებს და 4 საუკეთესო 12-გუნდა ელიტის, სერიის საგზურს მიიღებს.

ახალი გამოწვევა

დუბაიში საქართველო ა ჯგუფში ურუგვაისთან, ჰონკონგთან და პაპუა ახალ გვინეასთან ითამაშებს; ბ ჯგუფში იაპონია, ტონგა, ჩილე და პორტუგალია მოხვდნენ; გ ჯგუფში კენია, გერმანია, უგანდა და მექსიკა.

ჩვენი გუნდი 18-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით დასკვნით შეკრებაზე „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 3 იანვარს შევიდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე ფიქრობს, რომ მზადებამ კარგად ჩაიარა და დუბაიდან პოზიტიურ შედეგს ელოდება:

„დეკემბერში დუბაიში მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ტურნირი ვითამაშეთ, სადაც ფინალში გავედით და გერმანიასთან დამატებით დროში დავმარცხდით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მძიმე ორი კვირა გვქონდა, რომელიც უმთავრესად ფიზიკურ და ტექნიკურ მომზადებას დაეთმო. 3 იანვრიდან კი „შევარდენზე“ დასკვნით შეკრებაზე შევედით. გვქონდა თამაშთან მიახლოვებული ვარჯიშები და ვფიქრობ, დუბაიში მომზადებული მივდივართ“.

„ჯგუფურ ეტაპზე უმთავრესი მეტოქე ურუგვაი იქნება, რომელმაც 2022 წლის შესარჩევი ტურნირის ფინალში ჩვენთან მოგების შემდეგ, ორი წელი სერიაში ითამაშა და დიდი გამოცდილება შეიძინა. ჰონკონგი, პაპუა ახალ გვინეაზე უკეთესი გუნდია, თუმცა ორივე გვყავს დამარცხებული და ახლაც იგივეს იმედი გვაქვს“.

„მთლიანობაში საკმაოდ ძლიერი ტურნირია და მისი გამორჩეული ფავორიტი კენია იქნება, რომელსაც 7-კაცაში დიდი გამოცდილება აქვს. კარგი გუნდები ყავთ ტონგას, იაპონიას, ასევე გერმანიას და პორტუგალიას ევროპიდან, თუმცა მოთმინებით და ენერგიით, ვფიქრობ მიზნის მიღწევა შეგვიძლია. სამი ეტაპის ჯამში მოწინავე ოთხეულში უნდა მოვხვდეთ, რათა ესპანეთში გასამართი ფინალური ტურნირის საგზური მოვიპოვოთ“.

7-კაცას გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის პირველი ეტაპისთვის (დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები)

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, საბა იმედაძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, თორნიკე აქუბარდია, თემურ კოხოძე, ლუკა ალიბეგაშვილი, საბა არჩვაძე, გიორგი ჯობავა, გაგა ქევხიშვილი, რომან მახათაძე, გიორგი ნავროზაშვილი, გიორგი კურტანიძე, დავით იმნაძე, დავით კენჭოშვილი, თემურ ჭიჭინაძე, გიორგი კოშაძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული