დიდი დესანტით კასტრში

AutoSharing Option
14 იანვარს ძირძველი ახალი წლის შეხვედრას ქართული რაგბის აქტივი და გულშემატკივრები საფრანგეთში, ტულუზაში გეგმავენ, იმედით, რომ ძლევამოსილ ფრანგულ "კასტრზე" "შავი ლომის" გამარჯვებას დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ.

ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის (EPCR) უმსხვილეს ტურნირ ჩელენჯ თასზე ქართული კლუბი ფრანგულ "კასტრს" 13 იანვარს დაუპირისპირდება და ეს მისი მესამე მატჩი იქნება. იმის მიუხედავად, რომ "შავი ლომი" ტურნირის დებიუტანტია, წინა შეხვედრებში ერთი გამარჯვება და ერთი ნუგეშის ქულა უკვე მოიპოვა (ჯამში – 5).

შესაბამისად, სრულიად საქართველო ამ მესამე მატჩში კვლავ გამარჯვების მოლოდინშია, ხოლო 20 იანვარს ტურნირის
ჯგუფური ეტაპის კულმინაცია – "შავი ლომისა" და "კლერმონის" შერკინება თბილისში, "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

კასტრში, მაგრამ სახლში!

ჩელენჯ თასზე ქართული ფრენჩაიზის ისტორიული დებიუტი გულშემატკივრის აქამდე არნახული მასშტაბის მხარდაჭერას იღებს, რათა "შავმა ლომმაც" მიიღოს გამარჯვებისთვის საჭირო მუხტი და ოვალური სამყაროც დარწმუნდეს, რომ რაგბი ნამდვილად ქართული თამაშია.

საქართველოს რაგბის კავშირის, კლუბებისა და გულშემატკივრის შეთანხმებით, გასვლით მატჩებზე ჩარტერული ავიარეისები დაინიშნება. ამჯერად კასტრში 500-ზე მეტი მხარდამჭერი ჩავიდა – მტკიცე გადაწყვეტილებით – მე-16 მოთამაშედ გვერდში ამოუდგეს "შავ ლომს", რათა "სახლის გუნდ" "კასტრთან" ჩვენს ბიჭებს ტრიბუნებიდან მხარდაჭერა არ მოაკლდეთ.

საშინაო მატჩებზე კი გულშემატკივრის მეტი მოტივირებისთვის რაგბის კავშირი პარტნიორებთან ერთად მრავალ საზეიმო ღონისძიებასა თუ კონცერტს გამართავს, მოაწყობს მეგა-პრიზების გათამაშებას.

სანუკვარი მიზანი ისე ახლოსაა, როგორც არასდროს და ახლა გულშემატკივრის სრული მობილიზაციაა საჭირო. მიზანი, რომელიც ყველასთვის ერთია, ყველას ერთად დგომას მოითხოვს – დავიწყოთ 20 იანვარს "მიხეილ მესხის" სტადიონით და არ გავჩერდეთ, სანამ მსოფლიოს უდიდეს სარაგბო ქვეყნებს შორის ჩვენს ისტორიულ ადგილს არ მოვიპოვებთ!

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბიჭო, ეს პოსტფაქტუმ რომ გვესმის, აქამდე სად იყო ან კავშირი ან თქვენ? უკვე რომ ჩაფრენილან. მე არ ვიცოდი, თორემ გავფრინდებოდი მეც. რა უბედურებაა ასეთი მიდგომა-დაგეგმვა ?
რეზო
13:15 13-01-2024
0
დიდი დღე გველის, კაცი ქუდზეო, ის ამბავია.მომავალში ბევრი თამაში გვექნება ზამთრის წვიმიან ამინდში. შესაბამისად, თამაშაშები გადახურულ სტადიონზე უნდა ჩატარდეს. ანდა მესხის სტადიონი უნდა გადახურონ. ყველა გულშემატკივარი არ ვართ ისეთი ჯანმრთელი, რომ 2 საათი ცივ წვიმაშასა და ქარს გავუძლოთ.
გიორგი
02:25 13-01-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული