7-კაცა ბენიდორმის ტურნირის გამარჯვებულია

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცამ ბენიდორმის (ესპანეთი) საერთაშორისო ტურნირზე ექვსიდან ექვსი თამაში მოიგო და შინ ჩემპიონის თასით ხელდამშვენებული ბრუნდება.

მოსამზადებელი ტურნირის პირველ სათამაშო დღეს ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა და საქართველომ სამივე თამაში დიდი სხვაობით, ისე მოიგო, რომ თავად ლელოც არ გაუშვია: "ჩილესთან" 40:0, "ბელგიელ ბარბაროსებთან" 45:0 და "ვიატორ ბარბაროსებთან" (ესპანეთი) 36:0.

თასის მეოთხედფინალში ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებმა სამხრეთაფრიკულ "ოლ სთარს" 17:12 სძლია და ნახევარფინალში ლიეტუვის ნაკრებს შეხვდნენ, პირველ ტაიმში ორი გარდასახული ლელო გაუტანეს და საბოლოოდ 14:5 დაამარცხეს.

ფინალში საქართველოს მასპინძელი კვლავ
"ვიატორ ბარბაროსები" იყო. ამჯერად მათ წინააღმდეგობა გაგვიწიეს და ორი ლელო გაიტანეს, თუმცა ქართველებმა სამი მიითვალეს და 15:12 მოგებით ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

„ვულოცავ ჩვენს ბიჭებს და მთელ საქართველოს ბენიდორმის ტურნირის მოგებას. სასიხარულოა, რომ ბოლო დროს ჩვენი 7-კაცა განვითარების გზაზეა და სულ უფრო ხშირად აღწევს წარმატებას სხვადასხვა ტურნირში, რაც კიდევ უფრო დიდი მიღწევების საწინდარია. რაგბი ევროპის ჩემპიონატის წინ ამ ტურნირის მოგება გაზრდის მოტივაციას და ხელს შეუწყობს 7-კაცა რაგბის პოპულარიზაციას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატშიც წარმატებით იასპარეზებს და ისევ მოიპოვებს მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზურს“ – აღნიშნა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საქართველო ხორვატიაში, მაკარსკაში, 7-9 ივნისს "ა" ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები გერმანია, ხორვატია და ირლანდია იქნებიან. "ბ" ჯგუფში პორტუგალია, იტალია, უკრაინა და საფრანგეთი, ხოლო "გ" ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ლიეტუვა და ესპანეთი მოხვდნენ.

მეორე ეტაპი 28-30 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება.

საქართველოს 7-კაცა ბენიდორმის საერთაშორისო ტურნირზე

სერგი ჩხაიძე, რომან მახათაძე, ალექსანდრე ტატიშვილი, საბა არჩვაძე, გიორგი ჭუაძე, ირაკლი სიმსივე, გიორგი ნავროზაშვილი, გიორგი ჯობავა, ლუკა ალიბეგაშვილი, დავით იმნაძე, ლევან ნარიმანიძე, იოსებ გუშარაშვილი.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

ფიზმომზადება: გიორგი მაისურაძე

ექიმი: გიორგი გვაზავა

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეოანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
არ ვიცი ასე გაძლიერდა ჩვენი 7 კაცა (ღმერთმა ქნას)რომ ასე გაანადგურა ყველა ? თუმცა მეტოქეებიდან არცერთი არ მსმენია არასდროს ! დიდი ხანია 7 კაცას ვუყურებ იმის მერე რაც ოლიმპიურ პროგრამაში ჩართეს (უსამართლოდ ნამდვილი რაგბის მაგივრად) და ერთადერთი აფრიკული ოლ სტარი მახსოვს (თუ ის ოლ სტარია) თუ მართლა ასე გავძლიერდით 7 კაცაში ასიანი მომდევნო ოლიმიადაზე მონაწილეობა კი არა მინიმუმ სამეული განაღდებილი გვაქვს !
zura222
02:59 28-05-2024
1

სიახლეები პოპულარული