7-კაცა | მიზანი შესრულებულია – მე-5 ადგილით ჩელენჯერის სერიაზე

AutoSharing Option
საქართველოს 7-კაცამ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი მე-5 ადგილზე დაასრულა, ორი ეტაპის ჯამშიც მე-5 ადგილი დაიკავა და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზური მოიპოვა.

ევროპიდან ჩელენჯერის საგზური სამ გუნდს ერგება, თუმცა საფრანგეთი, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი მსოფლიო სერიის მონაწილეები არიან და შესარჩევ ტურნირში არ მონაწილეობენ. რაგბი ევროპის წლევანდელ ჩემპიონატში პირველ-მეორე ადგილზე საფრანგეთი და ირლანდია გავიდნენ, გერმანიამ და პორტუგალიამ მესამე და მეოთხე ადგილი დაიკავეს და მათთან ერთად ჩელენჯერზე საქართველო გავიდა.

ჰამბურგში გამართული ტურნირის პირველ სათამაშო დღეს ესპანეთისა (17:12) და
ლიეტუვას (10:7) დამარცხების შემდეგ, საქართველომ ჯგუფური ეტაპი მეორე დღეს, გერმანიასთან დაასრულა (0:28) და თასის 1/4-ფინალში პორტუგალიას ერთი ლელოთი ჩამორჩა – 14:21.

ასეთ სიტუაციაში მე-5 ადგილის ნახევარფინალი გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო და ბელგიასთან დაძაბული ბრძოლა გაიმართა. საქართველო საბა არჩვაძის ლელოთი დაწინაურდა, მეტოქემ წონასწორობის აღდგენა მოახერხა და დამატებითი დრო დაინიშნა, რომლის მეორე წუთზე სერგი ჩხაიძემ ჯარიმა კარში 28 მეტრიდან გაიტანა და ჩვენს გუნდს 10:7 მოაგებინა.

ამ მოგებით ცხადი გახდა, რომ საქართველომ დასახულ ამოცანას მიაღწია და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის საგზური მოიპოვა. მიუხედავად ამისა ბიჭები არ მოეშვნენ და მე-5 ადგილის ფინალში იტალიას 14:12 სძლიეს. თავიდან მეტოქე დაწინაურდა, გაგა ქევხიშვილმა საპასუხო ლელო გაიტანა და დავით იმნაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ლუკა ალიბეგაშვილმა ლელოთი დაგვაწინაურა, სერგი ჩხაიძემ გარდასახა და მიუხედავად იმისა, რომ იტალიამ ლელო გაქვითა, გამარჯვება ჩვენს ბიჭებს დარჩათ – 14:12.

მესამე ადგილი პორტუგალიას ერგო, რომელმაც გერმანია დაამარცხა. ეტაპის გამარჯვებული ირლანდია გახდა, რომელმაც ხორვატიაში განცდილი მარცხისთვის საფრანგეთთან რევანში აიღო.

შეგახსენებთ, ხორვატიაში საქართველომ მე-4 ადგილი დაიკავა (14 ქულა), გერმანიაში მონაგარს 12 ქულა შემატა და ჯამში 26 ქულით მე-5 ადგილს დასჯერდა.

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის მეორე ეტაპზე (ჰამბურგი, გერმანია)

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი ჭუაძე, თეიმურაზ კოხოძე, იოსებ მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, გიორგი გამყრელიძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

ფიზ. მომზადება: გიორგი მაისურაძე

ექიმი: გიორგი გვაზავა

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეო ანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ჩელენჯზე
Dato
02 ივლისი 2024 11:03
0
სულ წარმატებებით გაევლოთ!!!...
კობა
02 ივლისი 2024 14:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული