7-ქალა | ჯაბა მალაღურაძე – ვიცოდით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელში იყო

AutoSharing Option
ჯაბა მალაღურაძის სიჯიუტემ და შეუპოვრობამ 11 წლის შემდეგ შედეგი გამოიღო და პირველად ისტორიაში, საქართველოს 7-ქალამ წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ისტორია

საქართველოში ქალთა რაგბი 2005 წელს დაარსდა, საერთაშორისო თამაშებში კი 2008 წლიდან ჩაერთო. თავიდან მას ზურაბ დუგლაძე ავარჯიშებდა, მერე პალიკო ჯიმშელაძემ ჩაიბარა, ხოლო 2013 წლიდან ჯაბა მალაღურაძე ავარჯიშებს.

მიუხედავად მწირი ადამიანური რესურსისა, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ოფიციალური ტურნირისთვის 12 გოგონას მოძიებაც ჭირდა, იყო წარმატებები: 2010 წელს მეორე დივიზიონში მეორე ადგილი დავიკავეთ, ხოლო 2012 და 2014 წლებში მე-4. მას შემდეგ
თაობათა ცვლა დაიწყო, რასაც კოვიდ-პანდემიაც დაერთო და გარკვეული პერიოდით პოზიციები დავთმეთ, თუმცა გოგონები მალევე დაბრუნდნენ რაგბი ევროპის მეორე დივიზიონში – ალაფაზე და ორჯერ მე-7 ადგილის დაკავების შემდეგ, შარშან მე-4 ადგილზე გავიდნენ.

მალაღურაძეს ჰქონდა იმედი, რომ გოგონები 12-გუნდა ჩემპიონატის საგზურს შარშანაც მოიპოვებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს ვერ მოხერხდა, წლევანდელ ალაფას იმედიანად შეხვდა. და აი, მუშაობამ ხელშესახები შედეგი გამოიღო. პირველ ეტაპზე, ზაგრებში (ხორვატია), ჩვენმა 7-ქალამ საუკეთესო შედეგი აჩვენა და მეორე ადგილზე გასვლით ვერცხლის მედლები მოიპოვა, ბუდაპეშტში მესამე ადგილს დასჯერდა, თუმცა ჯამში მეორე ადგილი შეინარჩუნა და ელიტის საგზური მოიპოვა.

„დიდი მადლობა გულშემატკივარს, ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა. ეს ძალიან დიდი წარმატებაა. პირველად მოვახერხეთ ევროპის ტოპ 12 გუნდს შორის მოხვედრა და გაისად გრანდებთან მოგვიწევს თამაში. ეს არ იყო მარტივი გზა, არაერთი გამოწვევის გადალახვა მოგვიწია, მაგრამ იმედი არასდროს დაგვიკარგავს და ერთობით ისტორიულ წარმატებას მივაღწიეთ“.

„შარშანაც გვქონდა მცდელობა და მიზნამდე სულ ცოტა დაგვაკლდა, თუმცა შარშან გამართლების იმედიც გვქონდა, წელს კი ვიცოდით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელში იყო, ჩვენს ძალისხმევაზე იქნებოდა დამოკიდებული. ზუსტად ვიცოდით, რა მოგვიტანდა შედეგს და მიუხედავად პატარა-პატარა შეცდომებისა, საბოლოოდ ლოგიკური შედეგი მივიღეთ“.

„ეს არ იყო მხოლოდ გუნდის წარმატება და ამაში უამრავმა ადამიანმა შეიტანა წვლილი, დაწყებული ბაზის მომსახურე პერსონალიდან, რომელიც ზრუნავდა ჩვენთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, დამთავრებული რაგბის კავშირის ყველა რგოლით თუ სამსახურით. ასევე იმ კლუბების, რომლებთანაც შარშან და წელს თაგ-რაგბის თამაშები გვქონდა. ყველა ცდილობდა დაგვხმარებოდა, გვერდში დაგვდგომოდა და ამ ერთიანობამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა“ – აღნიშნავს მალაღურაძე.

Sportall.Ge

მეტი რაგბი გოგონებისთვის

ქალთა რაგბის გაძლიერების მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა დაიწყო, როგორც ბავშვებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე დიდებისთვის. ფაქტია, ამ ყველაფერმა უკვე გამოიღო შედეგი და გააჩინა იმედი, რომ უახლოეს მომავალში ქალთა რაგბი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავა.

„მართალია, გოგონებს პროფესიონალური კონტრაქტები არ აქვთ, მაგრამ პროფესიონალიზმს ის დრო განსაზღვრავს, რასაც შენ ამა თუ იმ საქმიანობას უთმობ. სწორედ ამიტომ დავიწყეთ გოგონების ჩართვა სხვადასხვა მიმართულებით – იქნება ეს კომისრები, მსაჯები, მწვრთნელები თუ სხვა მიმართულებები. ასევე დავიწყეთ ერთობლივი ვარჯიშები კაცთა გუნდებთან“.

„ამით გოგონების სარაგბო განათლება ამაღლდა. მათ გაუჩნდათ დიდი სამეგობრო სარაგბო წრეში და რაგბისთან დაკავშირებით ინფორმაციას მხოლოდ ჩემგან აღარ იღებენ. ისინი უყურებენ მეტ თამაშს და ამავდროულად, კონკრეტული მიმართულებებით კარგ სპეციალისტებადაც ჩამოყალიბდნენ“.

„აქტიურად ხორციელდება სხვა პროექტებიც, რომელშიც აქტიურად ვარ ჩართული და ვიკვებები იმ ემოციებით, რასაც მათგან ვიღებ. თბილისსა და აჭარაში ჩატარდა თაგ-რაგბის რამდენიმე ფესტივალი და გოგონებს აქვთ თავის გამოჩენის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ვიწყებთ სხვადასხვა უნივერსიტეტში პროექტს, რომლის მეშვეობით გოგონებს გავაცნობთ სარაგბო ღორებულებებს, პარალელურად კი აღმოვაჩენთ ტალანტებს და სამომავლოდ მეტი რესურსი გვექნება“.

„მიუხედავად ბევრი პრობლემისა, ქუთაისის "აიას" სკოლას არასდროს შეუწყვეტია მუშაობა და ქალთა გუნდი გაჩნდა პატარძეულშიც. დარწმუნებული ვარ გუნდები სხვა ქალაქებშიც მალე გაჩნდა და ეს უფრო მეტ გოგონას მისცემს რაგბში ჩართვის შესაძლებლობას“ – ამბობს მალაღურაძე მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ.

პერსპექტივა

უახლოეს მომავალში, უკვე ოქტომბერში, იგეგმება 15-ქალა ნაკრების შექმნა, რისი პრეცედენტიც აქამდე არასდროს ყოფილა. მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპის გუნდთან, რათა ისინი საქართველოს ეწვიონ და პირველი საერთაშორისო თამაში გაიმართოს.

„ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა გოგონებისთვის, რადგან 15-კაცა 7-კაცასგან განსხვავებული თამაშია და მეტი რაოდენობის გოგონები გვჭირდება“ – აღნიშნავს მალაღურაძე და განაგრძობს:

„გარდა ამისა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბევრად უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში და იმისათვის, რომ 12 გუნდს შორის ადგილი შევინარჩუნოთ, შესაბამისად უნდა მოვემზადოთ. ელიტაში არის 9 გუნდი, რომლებიც ძალიან ძლიერები არიან როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად და ტაქტიკურად. ჩვენ ყველა თამაშში მოსაგებად გავალთ, თუმცა მთავარი ამოცანა იქნება, ვიყოთ საუკეთესო დანარჩენ სამ გუნდს შორის“.

„უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მოსამზადებელ ეტაპზე. ჩამოსვლისთანავე შევხვდი რამა ჩანდს, რომელმაც განვითარების კუთხით დიდი ნაბიჯები გადადგა. მან განვლილ პერიოდში უამრავი გამოწვევა შემიქმნა, ბევრი რამ სხვა კუთხით დამანახა, რამაც გამზარდა, როგორც მწვრთნელი და გაზარდა ჩვენი გუნდი. ვამზადებთ გეგმას, რომლის მიხედვითაც მომავალი ჩემპიონატისთვის მოვემზადებით. შევეცდებით, ბევრი ტურნირი ვითამაშოთ და გავძლიერდეთ ფიზიკურად“.

„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშეს იმ გოგონებმა, რომლებიც საბოლოოდ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ და მათაც, რომლებმაც მოსამზადებელ თუ პირველ ეტაპზე ტრავმები მიიღეს – ნინო წიკლაურმა და ნათია გავაშელიშვილმა. მთლიანობაში, ჩვენი გოგონები თავდადებას არ აკლებენ და მჯერა, ასე იქნება მომავალშიც“.

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სტატიაც მარწმუნებს,რომ 7 ქალა რაგბი,სწრაფი ტემპით განვითარდება.ძირითადად,15 კაცა რაგბს უყურებენ და მის მიხედვით აფასებენ, ჩვენი გოგოები რაგბს,მაგრამ როცა ნახავენ,რამდენად განსხვავდება 7 კაცა,15 კაცასაგან და რამდენად სახალისოა,მისი თამაში,დარწმუნებული ვარ,ძალიან ბევრი გოგო დაიწყებს 7 ქალაში ვარჯიშს.რაგბი ტვ-მ,ალბათ 7კაცა რაგბიც უნდა ჩართოს გადაცემების ბადეში და როცა ბავშვები ნახავენ.ძალიან ბევრი წავა კონკრეტულად 7 კაცა რაგბის სათამაშოდ.მას ხომ არ სჭირდება, ის განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები,როგორსაც 15 კაცა მოითხოვს.7 კაცა გამოვლილი ახალგაზრდა კი,ძალიან კარგი მასალაა,15 კაცა რაგბისათვის.
სოსო
21:28 23-07-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული