"შავი ლომი" | ლამაზ სტილში "იბერიანსთან"

AutoSharing Option
"შავმა ლომმა" ახალი სეზონის პირველ მატჩში "ავჭალაზე" შეკრებილ მაყურებელს სანახაობრივი რაგბი შესთავაზა და ესპანური "იბერიანსი" მორიგ ჯერზე დაამარცხა – 47:21.

მასპინძლები მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ, თუმცა ძირითადი აქცენტი ხელით შეტევაზე კეთდებოდა. იყო შემთხვევა, როდესაც ხაზი მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ გაიჭრა, მაგრამ ბოლო ოფლოუდისას ბურთი წინ წავიდა და თორნიკე კახოიძის ულამაზესი ლელო გაუქმდა. იყო სხვა არაერთი სწრაფი ხელდახელ შეტევა, რომელიც ტექნიკური წუნის გამო ჩაიშალა, თორემ სხვაობა ორჯერ მეტი იქნებოდა.

მთავარი ისაა, რომ მასპინძლები ხშირ შემთხვევაში თამამ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და შეტევას საკუთარი 22-იდან
იწყებდნენ, რაც ყოველთვის სანახაობრივია. შედეგად, "შავი ლომის" ქომაგმა 7 ლელო იხილა, რომელთა უმეტესობა ხელდახელ ლამაზი შეტევების შედეგად გავიდა.

სრული დომინირებით პირველ ტაიმში

ანგარიში ძალიან მალე, ლამაზი შეტევის შედეგად მე-4 წუთზე გავიდა. ლუკა მატკავამ ცენტრში ბურთი მოკლეზე, "იბერიანსის" ზურგში გადაკიდა, მას ლუკა ცირეკიძე შეყვა, რომელსაც თავის მხრივ შალვა აფციაური მიყვა და 5 ქულა მიითვალა. მატკავამ გარდასახა და "შავმა ლომმა" რამდენიმე სწრაფი ხელდახელ შეტევა განახორციელა, მაგრამ ტექნიკური წუნის გამო მათი გამოყენება ვერ შეძლო.

სამაგიეროდ მე-18 წუთზე ესპანელთა შერკინება მოსინჯა. ის 5-მეტრიანში ორჯერ დააჯარიმა და საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. თამაში რომ განახლდა "იბერიანსმა" მოულოდნელად მწყობრად შეუტია, 22-ში ხაზის გაჭრის შემდეგ დაცვამ გადაწყობა ვეღარ მოახერხა და სტუმრებმა ლელო გარდასახეს. ორ წუთში მასპინძლების ჯერი დადგა. ამჯერად ცენტრში ხაზი სუფთად კახოიძემ გაჭრა, ცირეკიძემ ბურთი 22-თან მიიღო და სწრაფად გაგზავნა აკაკი ტაბუცაძისკენ, რომელსაც რა თქმა უნდა ვეღარავინ შეაჩერებდა.

30-ე წუთზე "იბერიანსი" კონტრშეტევაზე დავიჭირეთ, ბურთის ჩაჭრის შემდეგ ცირეკიძემ ფეხით ორჯერ ითამაშა და ლელოში დაამიწა. მალე მაყურებელმა მასპინძელთა მორიგი კარგი ხელდახელ შეტევა იხილა, ხაზი მარცხენა ფრთაზე ტაბუცაძემ გაჭრა, რომელმაც ფრთა მოულოდნელად შეიცვალა და უზადო პასით ლელოში მატკავა შეუშვა. მატკავამ ბოლო ორი ლელო გარდასახა და სხვაობა 26 ქულამდე გაზარდა.

შესვენების წინ "შავმა ლომმა" თავისი 22-იდან სცადა ხელდახელ შეტევის წამოწყება, რა დროსაც გადაცემა ჩაიჭრა და ესპანელებმა ჩამორჩენა შეამცირეს – 33:14.

ორი ლელო მოლით

მერე ტაიმში თამაშის ტემპი დავარდა. "შავმა ლომმა" მონაგარს კიდევ ორი ლელო შემატა. ორივე მოლის შედეგად გავიდა. 43-ე წუთზე მოლმა რამდენიმე მეტრი იარა და 5 ქულა ირაკლი ქვათაძემ ჩაიწერა, 53-ე წუთზე კი თავი ლუკა ივანიშვილმა გამოიჩინა. მატკავამ ორივე გარდასახა.

შეხვედრის მიწირულს ერთი ლელო "იბერიანსმაც" გაიტანა და საბოლოოდ მასპინძლებმა 47:21 იმარჯვეს. "შავ ლომს" სამი თამაშის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი – 15 აქვს და დასკვნით შეხვესდრას 12 ოქტომბერს "ავჭალაზე", პორტგალიურ "ლუზიტანუშთან" გამართავს. შეგახსენებთ, ლისაბონში მეტოქეს 38:14 ვძლიეთ, ეს თამაში კი 18 საათზე დაიწყება.

რაგბი ევროპის სუპერთასი 2024

A ჯგუფი. IV ტური

28 სექტემბერი. შაბათი.

თბილისი. ავჭალა

შავი ლომი (საქართველო) – იბერიანსი (ესპანეთი) 47:21

შავი ლომი

ხაზი:
15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. შალვა აფციაური, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. დავით ხუროშვილი;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. დემურ ეფრემიძე, 5. გუგა ღანიაშვილი, 6. გიორგი სინაურიძე, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა:
16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი ნიკოლაძე; 21. ნოდარ დოლიძე, 22. დემურ თაფლაძე, 23. ამირან შვანგირაძე.

7 ლელო:
აფციაური, საჯარიმო, ტაბუცაძე, ცირეკიძე, მატკავა, ქვათაძე, ივანიშვილი

4 გარდასახვა: მატკავა

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
რაგბი ტვ-ზე გადის ხოლმე.
რაგბის ფანი
14:11 29-09-2024
0
ცირეკიძის ლელო იყო ძალიან მაგარი :D
sonigi
10:20 29-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული