საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 31 მაისიდან 18 ივნისამდე თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს. მწვრთნელებმა საკონტროლო მატჩები ტურნირის რეჟიმში, ოთხდღიანი ინტერვალით დაგეგმეს.
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" "ჯიქის" წინააღმდეგ მნიშვნელოვნად სახეცვლილი შემადგენლობით ითამაშეს, ვიდრე წინა მატჩში
თამაშის განახლებიდან რამდენიმე წუთში 20-წლამდელებმა მეხუთე ლელოც გაიტანეს, რის შემდეგაც ინიციატივა "ჯიქის" მხარეს გადავიდა და მატჩის მიწურულს გორელებმა ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს.
ზურაბ ამონაშვილი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი:
"პირველ თამაშში შანსი იმ მორაგბეებს მივეცით, რომლებიც ბრიტანულ ტურნეზე ვერ წავიყვანეთ და კომუნიკაციის მხრივ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. "ჯიქთან" განსხვავებული შემადგენლობა დავაყენეთ. მათ ერთად ასპარეზობის მეტი გამოცდილება აქვთ და ეს თამაშის ხარისხზეც აისახა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე ყველა მორაგბე თანაბარ პირობებშია და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული არავის აქვს.
ვიდეოანალიზის გაკეთების შემდეგ თამაშამდე ორი დღე იმ პრობლემათა გამოსწორებას დავუთმეთ, რომლებიც "ხარებთან" მატჩმა დაგვანახვა. დარწმუნებული ვარ, ნაკლოვანებებს ამ თამაშის შემდეგაც შევნიშნავთ. საკონტროლო მატჩების მიზანიც ეგაა, რომ დასკვნით შეკრებამდე ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ.
"ჯიქთან" ბურთის შენარჩუნება მოვახერხეთ. როდესაც ბურთი გაქვს, მეტოქეს წნეხში ამყოფებ. კარგად გამოვიყენეთ უპირატესობა და დავხვეწეთ დეტალები. ბიჭები ბევრად მობილიზებულნი იყვნენ, ვიდრე წინა თამაშზე. მორაგბეები კარგად ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს.
დასკვნით ნახევარ საათში ჩვენი თამაში აირია. ვფიქრობ, ბიჭებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვების და მოეშვნენ. ხვალინდელი დღე აღდგენას დაეთმობა. მწვრთნელები ვიდეოანალიზს გავაკეთებთ და დასკვნებსაც ამის მერე დავდებთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"