U18. საქართველო-კანადა 43:3 - სოლიდური "უმცროსი ბორჯღალოსნები" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 აპრილს, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში კანადელი თანატოლები 40 ქულის სხვაობით, 43:3 დაამარცხეს და საფრანგეთში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში იაპონიას შეხვდებიან.

დავით ჩავლეიშვილის შეგირდებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და საქმე პირველსავე ტაიმში მოამთავრეს. ქართველებმა მეტოქეს აჯობეს შერკინებაში, დერეფანში, მოლში, მიყოლაში, ინდივიდუალურად, ყველა ჯერზე ხერხდებოდა მანძილის მოგება, უპირატესობის შექმნა და რომ არა პატარ-პატარა შეცდომები, სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა.

კანადელებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს, მაგრამ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ისინი წნეხში მოაქციეს და დებიუტშივე ლელო დაუდეს. დერეფანში ბურთის მოგებას რამდენიმე დარტყმა მოყვა, მარცხენა
ფრთაზე მეტობა გავითამაშეთ და ლელო კონსტანტინე მარჯანიშვილმა მიითვალა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა - 7:0.

4 წუთში მეორე ლელო დაიდო. იერიში კვლავ მოგებულ დერეფანს და კარის წინ რამდენიმე დარტყმას მოყვა, ოღონდ ამჯერად შეტევა მარჯვენა ფრთაზე განვითარდა და ლელო ოთარ ძაგნიძემ მიითვალა. აბჟანდაძემ ძელის გავლით გარდასახა - 14:0.

ასეთმა დასაწყისმა ბიჭები არ გაათამამა და მე-19 წუთზე კარის წინ 25 მეტრში ჯარიმა რომ მოიპოვეს, აბჟანდაძემ ის 3 ქულად აქცია.

5 წუთში მესამე ლელო ვიხილეთ, მოკლე პასებით გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ფლანგზე ძაგნიძე გაიქცა, შებოჭილმა ლაშა ლომიძეს ოფლოუდი გაუხერხა და მანაც ლელოში შეირბინა.

32-ე წუთზე ქართველმა მორკინალებმა დარტყმებით კანადელთა დაცვა ისევ მოარღვიეს, ძაგნიძე ამჯერად მარჯვენა ფლანგზე აღმოჩნდა, ბოლო მცველს მაღალ სიჩქარეზე ჩაურბინა და ლელოში ძელებს უკან შეფრინდა, აბჟანდაძემ კი ორივე ლელო გარდასახა - 31:0.

მიუხედავად ანგარიშში სხვაობისა, ტაიმის ბოლოს კანადელებმა ჯარიმა კარში დაარტყეს და სხვაობა 3 ქულით შეამცირეს. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, მაგრამ დაცვაშიც კარგად ვითამაშეთ. რეფერიმ 46-ე წუთზე რატი ჟორჟოლიანი გაასინბინა, მაგრამ კაცნაკლულებს ლელოს დადების შანსი იქით გვქონდა, ხაზი კვლავ ძაგნიძემ გაჭრა და ბურთი მიხეილ ალანიას გადააწოდა, რომელიც მცველმა ისე უხეშად შებოჭა, ამ უკანასკნელმა რეფერისგან წითელი ბარათი დაიმსახურა.

მეორე ტაიმი 23 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მეხუთე ლელო დავდეთ. ამჯერად დერეფნიდან მოლი ავაგორეთ და გია ხარაიშვილმა ბურთი ლელოში დაამიწა.

თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა გიორგი ახალაძემ ითამაშა კარგად, მცველი აიყვანა და ბურთი თავისუფალ ძაგნიძეს ამოუგდო, რომელსაც დამსახურებული ჰეთ-თრიკის შესრულება არ გაჭირვებია. აბჟანდაძემ ამ ორიდან ერთი გარდასახა და ქართველმა 18-წლამდელებმა კანადელი თანატოლები 43:3 დაამარცხეს.

11 აპრილს ჩავლეიშვილის შეგირდები იაპონიას შეხვდებიან, რომელმაც ბელგიას 36:10 მოუგო. დანარჩენ ორ მატჩში პორტუგალიამ აშშ-ს 26:5, ხოლო საფრანგეთმა ესპანეთს 36:9 მოუგო.

რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატი. 1/4 ფინალი
7 აპრილი
საქართველო-კანადა 43:3 (31:3)
საქართველოს ნაკრები:
15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა; 1. ლუკა ჭელიძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. ლუკა გელაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.
სათადარიგოები: 16. გიორგი ახალაძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. ირაკლი სიმსივე, 25. იოანე იაშაღაშვილი, 26. გოჩა ჩანადირი.
მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
6 ლელო: მარჯანიშვილი, ძაგნიძე (2, 4, 6), ლომიძე, ხარაიშვილი
5 გარდასახვა: აბჟანდაძე
1 ჯარიმა: აბჟანდაძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვულოცავ ახალგაზრდებს გამარჯვებას!ვუსურვებ იაპონიასთან წარმატებას!
ნუთუ თამაშის გარჩევისას აუცილებელია ინგლისური სიტყვების გამოყენება?
ნუგზარი
11:27 10-04-2017
0
ვულოცავ ახალგაზრდებს გამარჯვებას! ვუსურვებ იაპონიასთან წარმატებას!
ნუთუ თამაშის გარჩევისას აუცილებელია ინგლისური სიტყვების გამოყენება??
ნუგზარი
11:35 10-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული