U20. მ/ჩ: ავსტრალიამ დაძაბულ ბრძოლაში უელსს მოუგო

AutoSharing Option
31 მაისს, საქართველოში დაწყებულ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი წრის ბოლო შეხვედრა გაიმართა - ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართულ A ჯგუფის მატჩში ავსტრალიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა უელსის თანატოლთა გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 24:17 გაიმარჯვა.

ანგარიში მე-4 წუთზე უელსელებმა ქემერონ ლუისის ლელოთი გახსნეს, არველ რობსონმა კი გარდასახა.

ავსტრალიელებმა საპასუხო ლელოს დადება და ანგარიშში დაწინაურება შესვენებამდე მოასწრეს. ჯერ 30–ე წუთზე ჰარისონ გოდარდმა ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა, აქედან ხუთ წუთში კი ჰენრი ჰაჩინსონმა ლელო გაიტანა. გოდარდმა გარდასახა და ტაიმიც ავსტრალიამ 10:7 მოიგო.

მეორე
ნახევარში ჯერ უელსი გავიდა წინ - 55-ე წუთზე დეინ ბლექერმა დადო ლელო და რობსონმა გარდასახა. მაგრამ ამას ავსტრალიელებმა მალევე, სამ წუთში უპასუხეს ჰარი ჯონსონ-ჰოუმსის ლელოთი და ჰარი ნუსიფორას გარდასახვით.

ანგარიში 76-ე წუთზე არველ რობსონის არეკნის შემდეგ გათანაბარდა - 17:17, მაგრამ ერთ წუთში უელსელთა იმედები იზაია პერეზმა ლელოთი დაასამარა, ნუსიფორამ კი გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ამავე ჯგუფში ინგლისმა სამოას დიდი ანგარიშით მოუგო - 74:17.

მეორე ტურში, რომელიც 4 ივნისს ჩატარდება, ავჭალის სტადიონზე A ჯგუფიდან ერთმანეთს ჯერ ავსტრალია და სამოა დაუპირისპირდებიან, მოგვიანებით კი - ინგლისი და უელსი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული