U20. საქართველო VS არგენტინა - უნდა დავამარცხოთ!

AutoSharing Option
დღეს, 13 ივნისს, საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მორიგ შეხვედრას არგენტინის თანატოლთა გუნდთან ჩაატარებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ტურნირზე ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებენ.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა საბრძოლო რაზმი დაასახელა. გუნდში 12 ისეთი მორაგბეა, რომლებსაც ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან არ უასპარეზიათ. იმ შეხვედრაში, რომელიც მშრალი ანგარიშით დავთმეთ, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ
და ამჟამადაც თამაშს იწყებენ გარემარბი აკაკი ტაბუცაძე, შუამარბი ბეჟან გავაშელიშვილი და შერკინების მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია.

ახლანდელი რაზმი ახლოსაა იმ შემადგენლობასთან, რომელმაც არგენტინასთან ტურნირის სტარტზე ითამაშა. 12 მორაგბე, რომლებიც 31 მაისს ძირითადში იყვნენ, ახლაც სასტარტოში არიან. მაშინ ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში დათმო შეხვედრა - 26:37.

"შესაძლო ვარიანტებიდან არგენტინა ყველაზე რთული მეტოქეა. ესაა ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც დიდი ხანია ამ დონეზე თამაშობს. არგენტინელები სწრაფი რაგბის მიმდევრები არიან, რასთანაც შეგუება ჩვენ ძალიან გვიჭირს. მართალია, ეს გუნდი ბოლო მატჩში სამხრეთ აფრიკასთან დიდი სხვაობით დამარცხდა, მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს. რაგბიში ასეთი რამ ხდება და როგორც წესი, მომდევნო თამაშში გუნდი მოედანზე ორმაგი გაშმაგებით გადის.

აღდგენითმა პროცესებმა კარგად ჩაიარა და დასვენებულები ვართ. შემადგენლობაც ნორმალურია, სერიოზული ტრავმები არ გვაქვს. თუმცა, დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება. ველით, რომ არგენტინა თამაშის გაშლას ეცდება და იმ ზონებში შემოგვიტევს, სადაც პირველ მატჩში პრობლემები გვქონდა. ველით, რომ ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ, ვიდრე საფრანგეთთან.

სავსე ტრიბუნები და შეძახილები გვმატებს სტიმულს, მონდომებას, თამაშით მიღებული სიამოვნების გრძნობას, პასუხისმგებლობას, იმედს, რომ შენ უკან, მოედანის მიღმაც შენიანები დგანან და ზურგს გიმაგრებენ. ხშირ შემთხვევაში, მაყურებლის როლი გადამწყვეტია და მათი თანადგომის იმედი გვაქვს", - თქვა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელთა შემადგენლობაში არ იქნება გუნდის ლიდერი და კაპიტანი მარკოს კრემერი და მესამეხაზელი ბაუტისტა სტავილე. ასევე მთლიანად შეცვლილია პირველი ხაზიც.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრების მეტოქე ირლანდიასა და სამოას შორის გამარჯვებული იქნება. თუ დავმარცხდით, მაშინ მე-11 ადგილისთვის იმავე წყვილში წაგებულს შევხვდებით.

ჩვენი გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ მატჩში გამარჯვება. ელიტაში ადგილი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, რათა მომდევნო თაობას ასევე მსოფლიოს საუკეთესოთა შორის შეეძლოს ასპარეზობა, გამოცდილების მიღება და ოსტატობის დახვეწა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლას კი ოთხი გუნდი განაგრძობს. დღესვე, ვაკის სტადიონზე სამხრეთ აფრიკის ნაკრები მოქმედ ჩემპიონ ინგლისს დაუპირისპირდება. ახალი ზელანდია, რომელიც გათამაშების უმთავრესი ფავორიტია, საფრანგეთის გუნდს ეთამაშება. ამ წყვილებში გამარჯვებულები ფინალში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
IX ადგილისთვის
საქართველო (15-9) მოდებაძე, ტაბუცაძე, გავაშელიშვილი, კვესელაძე, მესხი, აბჟანდაძე, აფრასიძე; (1-8) გოგიჩაშვილი, ლ.პაპიძე, ტაბიძე, საღინაძე, ჯიმშელეიშვილი, ჯალაღონია, 7. სპანდერაშვილი, მაჩალაძე.
(16-23) ჭავჭავაძე, ჭეიშვილი, გ.პაპიძე, ჯაიანი, კალმახელიძე, დვალიშვილი, წიკლაური, მამუკაშვილი
არგენტინა (15-9) დელგუი, მალანოსი, ფერარიო, კასტილიონი, გონსალესი, ალბორნოსი, საუსე. (1-8) პულელა, გონსალესი, ვივასი, მოლინა, მილანი, მედრანო, რუსი, მოლინა.
(16-23) ოვიედო, მარტინესი, ლუნა, პაულოსი, ვოლკერი, გარსია, დაირო, კარერასი.

IX ადგილისთვის
სამოა-ირლანდია

V ადგილისთვის
ავსტრალია-იტალია
უელსი-შოტლანდია

I ადგილისთვის
ახ.ზელანდია-საფრანგეთი
სამ.აფრიკა-ინგლისი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოიგო იმან, ვინც მეტად მოინდომა! ვულოცავ ბიჭებს ამ ისტორიულ გამარჯვებას! ნამდვილად მეტი სხვაობით მოვიგებდით ბოლოს ჯარიმები რომ დაგვერტყა, მაგრამ მთავარი შედეგია!
0
ჩვენ ჯვარი გვწერია და მე-12 ადგილოსანი ვარდება ხო მხოლოდ, და ალაფაზე ითამაშებს მომდევნო ტურნირზე, ხო?
ქუთაისელი
15:10 13-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული