"უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ბედნიერებაა, ხალხს გაჭირვებას რომ დაავიწყებ

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ახლახან ევროპის ჩემპიონატზე აქამდე არნახული შედეგი აჩვენა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ელიტარულ გუნდებთან ბრძოლაში ღირსეულად იასპარეზეს და საფრანგეთში გამართულ შეჯიბრებაში მეორე ადგილი დაიკავეს.

ჩვენი გუნდი ევროპის ვიცე-ჩემპიონია, რომელმაც ფინალში მასპინძელთა ძალიან ძლიერ გუნდთან წააგო. განვლილი ტურნირის შეჯამება და მომავლის გეგმებზე საუბარი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დავით ჩავლეიშვილს ვთხოვეთ.

- თქვენ მიერ გაწვრთნილმა გუნდმა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატზე ფურორი მოახდინა...
- ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ. ქართული რაგბის ისტორიაში ასე მაღლა ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის არავინ ასულა. ცხადია,
ეს შემთხვევით არ მომხდარა. იქაც ტურნირის ორგანიზატორები და საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები, ჩანდა, რომ ჩვენს წარმატებას შემთხვევითობას არ აბრალებდნენ.

წინა ჩემპიონატებზე ირლანდიას რეგულარულად ვხვდებოდით. ვიბრძოდით, ნელ-ნელა ვავიწროვებდით. შარშან ვუგებდით კიდეც, მაგრამ, ალბათ, გამოუცდელობის გამო დავმარცხდით.

მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ბოლო-ბოლო, ირლანდიისთვის უნდა მოგვეგო. ასეთი იყო საერთო განწყობა.

- მაინც, როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეძლო გუნდმა ირლანდიის საკმაოდ ძლიერი, კარგად ნავარჯიშები და განსწავლული გუნდის დამარცხება?
- ყველაზე მთავარი, რაზეც აქცენტი გავაკეთეთ, სწორი დაცვის თამაში იყო. გნებავთ, გუნდურად, გნებავთ, ინდივიდუალურად უნდა გვეთამაშა უშეცდომოდ და, რაც მთავარია, წესის დარღვევის მინიმალური რაოდენობით.

მერე მატჩის ვიდეოანალიზი რომ ვნახეთ, დავთვალეთ, გუნდმა გააკეთა 186 ბოჭვა და მხოლოდ რვაჯერ დავჯარიმდით. ეს ძალიან კარგი შედეგია.

ამასთან ერთად, მორაგბეებმა გამოავლინეს მტკიცე ხასიათი და არ გადაუხვიეს ტაქტიკური მონახაზიდან.

- მატჩის შემდეგ დამატებითი საჯარიმოების დარტყმისას გუნდმა შესანიშნავი ფსიქოლოგიური მზადყოფნაც გამოავლინა...
- თამაში რომ დამთავრდა, დარწმუნებულნი ვიყავით, საჯარიმოებს მოვიგებდით. ირლანდიის ნაკრები გაოგნებული იყო. ისინი არ მოელოდნენ ჩვენგან ასეთ თამაშს. მოგვიანებით, როგორც გავიგეთ, გუნდშიც არეულა სიტუაცია. მენეჯერი იქვე გაათავისუფლეს თანამდებობიდან.
ჩვენმა ბიჭებმა კი უმძიმესი წნეხის ქვეშ გაიარეს და გაუძლეს.

- მომდევნო მეტოქე ნახევარფინალში იტალიის ნაკრები იყო, რომელმაც ჩვენსავით მოულოდნელად, უელსის ძლიერ გუნდს მოუგო...
- იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე ხუთი საკონტროლო შეხვედრა გამართა და ხუთივე მოიგო. ძალიან მაგარი გუნდი იყო. უელსელებმა თითქოს თავიდან სათანადოდ არ დააფასეს მეტოქე. რამდენიმე საჯარიმო კარში არ დაარტყეს, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მოუგებდნენ. ვფიქრობ, ეს მეტოქის შეურაცხყოფაა და ამისთვის სათანადოდ დაისაჯნენ.

იტალიასთან თამაშისას ჩვენს მორაგბეებს ფსიქოლოგიური ბარიერი უკვე გადალახული ჰქონდათ და წამითაც არ მოდუნებულან. მადა ჭამაში მოდისო, ნათქვამია და, ცხადია, მიზნად მოგება დავისახეთ.

მძიმე ბრძოლა გადაგვხდა, თუმცა კარგი ამინდი რომ ყოფილიყო, ძირითად დროშივე მოვუგებდით და დამატებითი საჯარიმოების დარტყმა არ დაგვჭირდებოდა.

- ბოლოს ფინალი. საფრანგეთის ნაკრები ძალზე ძლიერი აღმოჩნდა...
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთის ნაკრები ყველა სხვა გუნდზე ბევრად უკეთესი იყო.

საკუთარ კედლებში საასპარეზოდ ბრწყინვალედ მოემზადნენ. შესანიშნავი სელექცია აწარმოეს და სრულ მზადყოფნაში იყვნენ. განწყობა, ცხადია, საბრძოლო გვქონდა. უბრალოდ, გვინდოდა, კარგად გვეთამაშა, გვეჩვენებინა, რა შეგვიძლია.

ამისთვის კი სათამაშო სქემის დაცვა იყო საჭირო. პირველი შეცდომა მაშინ დავუშვით, როცა ჩვენ მიერ აგორებული მოლიდან ბურთი ხაზზე გავიტანეთ. ეს არ უნდა გვექნა. ფრანგებს მოლში დავჯაბნიდით და სერიოზულ წნეხში მოვაქცევდით. ისინი ამას უფრთხოდნენ. ამას დაცვაში საბედისწერო შეცდომა მოჰყვა... მერე შეტევაში ჩავაბარეთ მეტოქეს ბურთი. შესვენების მერე კი, პირველივე წუთებზე ისევ ჩაგვიჭრეს გადაცემა და ნელ-ნელა გუნდი მოიშალა.

რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. მერე ბანკეტზე ფრანგები მოვიდნენ და ღირსეული თამაშისთვის მადლობა გადაგვიხადეს.

ვფიქრობ, ეს ტურნირი ბიჭებისთვის შესანიშნავი სკოლა იყო. შეჯიბრებამდე "კლერმონთან" დაპირისპირებამაც სერიოზული წინსვლა მოგვცა.

სამწუხაროდ, საერთაშორისო დონეზე მეტი მატჩის გამართვა ვერ შევძელით. სამომავლოდ ამ პრობლემის მოგვარება აუცილებელია.

- ირლანდიასთან მატჩის შემდეგ ვიდეოფირზე ვნახეთ, ბიჭებს ეუბნებოდით, ამ ბედნიერი წუთისთვის სიცოცხლის გაწირვაც ღირსო. მართლა მზად ხართ ამისთვის?
- ეს მართლაც დიდი ბედნიერება იყო. რომ წარმოიდგენ, შენს ქვეყანაში დაავიწყდებათ დარდი, ჭირი, უბედურება და სიხარულს მოჰგვრი, ამაზე უკეთესი რა შეიძლება გააკეთო. ამაზე დიდი ბედნიერება რა არის.

- როგორია ნაკრების სამომავლო გეგმები?
- უნდა ჩავატაროთ სერიოზული სელექცია, რათა გავაკეთოთ ახალი გუნდი. მომავალ წელიწადს ევროპის ჩემპიონატზე უკვე ფავორიტებად ჩავალთ. ამიტომ სერიოზულად მომზადებაა საჭირო.

ამ გუნდიდან ექვსი მორაგბე მომავალ ტურნირშიც ითამაშებს. ზოგადად, 1998-99 წლებში დაბადებული მორაგბეების ძალიან კარგი თაობა მოდის. რაიმეს მოღწევა შედარებით ადვილია, ვიდრე მიღწეულის შენარჩუნება. ამიტომ ბევრი შრომა გვმართებს, რათა ჩვენი ძალა კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები დათო შენ და შენს ლომის ბოკვრებს!
ვახო
17:48 09-04-2015
0
ფრანგების დროც მოვა მალე,გილოცავთ თქვენც და საკუთარ თავსაც ამ გამარჯვებას.
g.a.
16:31 09-04-2015
0

სიახლეები პოპულარული