გიორგი ნიჟარაძე: ელიტაში ვართ!

AutoSharing Option
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრების კანადასთან მატჩის შემდეგ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა" "მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის" ფინალში კანადელი თანატოლები ანგარიშით 49:24 დაამარცხეს და "მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის" საგზური მოიპოვეს.

"რომ გითხრათ, რომ ამაყი და ბედნიერი ვარ, იგივეა, რომ არაფერი ვთქვა... ძალიან ამაყი ვარ!

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო, პირველ რიგში, მოთამაშეებს, რომლებმაც ბრწყინვალედ შეასრულეს დავალება და კარგ, ძალიან ძლიერ გუნდთან უპირობოდ გაიმარჯვეს და რაც მთავარია, ითამაშეს ძალიან ლამაზი, ხარისხიანი და თანამედროვე რაგბი.

ეს არის ჩემთვის ძალიან
მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ უკვე ვდგავართ იმ გზაზე, როდესაც ვთამაშობთ თანამედროვე, სრულყოფილ რაგბის და ძალიან ვუახლოვდებით მსოფლიო წამყვან სარაგბო ქვეყნებს ამ თვალსაზრისით.

მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენს სამწვრთნელო შტაბს! ძალიან მეამაყებიან ეს ბიჭები და ბედნიერი ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, მივეცით მათ ამ წლების განმავლობაში შანსი და მათმა უდიდესმა შრომამ გამოიღო ეს შედეგი - ვულოცავ ილია მაისურაძეს, ზურა ამონაშვილს, ლადო კილასონიას, გაგა გურეშიძეს, ირაკლი ჭყონიას და გიორგი ნადარეიშვილს; სამედიცინო სტაფს - ვახტანგ წიკლაურს, ირაკლი შაორშიძეს და ლიამ რობინსონს; გუნდის ვიდეოანალიტიკოსს, დავით რამიშვილს და გუნდის მენეჯერებს – ოთარ იაშვილსა და ირაკლი ხუნდაძეს.

ასევე, ვულოცავ რაგბის კავშირის დელეგაციას, რომელიც იქ იმყოფება; ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, ყველა თაობის მორაგბეს, რომელთა ოცნებამაც შეისხა ფრთები და დღეს ისეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომელიც ბედნიერს ხდის ყველა ქართველ მორაგბეს.

ამ უდიდეს გამარჯვებას ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს! ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით და ვგრძნობთ მათ უდიდეს მხარდაჭერას და როგორც ერთ-ერთ გულშემატკივარს დღეს ვუპასუხე - მათი სიხარული და ბედნიერება ყველაზე დიდი ჯილდოა ჩვენთვის!

ჩემს ქვეყანას ვულოცავ, იმიტომ, რომ არცთუ ბევრი სიხარული გვაქვს, სამწუხაროდ, ცხოვრებაში და ამ ბიჭებმა, ამ საოცარმა გუნდმა მწვრთნელებიანად, რაგბის კავშირის თანამშრომლებიანად, რომლებსაც აგრეთვე ცალკე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თავდაუზოგავი და დაუღალავი შრომისათვის, ასეთი სიხარული აჩუქეს საქართველოს. როდესაც ხედავ, გრძნობ და გესმის, რომ მთელი საქართველო ბედნიერია - ამაზე დიდი რა უნდა იყოს ამქვეყნად?.. ალბათ, არაფერი.

აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის საქართველოს მთავრობას, სპონსორებს და საქველმოქმედო ფონდ "ქართუს". მადლობას ვუხდი მთელ ქართულ მედიას, რომელიც მუდამ ჩვენ გვერდში დგას - ყველა ჟურნალისტს, ვინც გაზეთებში, ვებგვერდებსა თუ ბლოგებში წერს; ტელეჟურნალისტებს, წამყვანებსა და პროდიუსერებს, რომლებიც საინფორმაციო გამოშვებებში, სპორტულ თუ სხვა თოქ-შოუებში მუდამ აშუქებენ ჩვენს წარმატებებს - ეს მათი გამარჯვებაც არის.

აქვე არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო - რბილად რომ ვთქვა, მე და ქართული რაგბის ქომაგებს გაგვიკვირდა, რომ ასეთი დონის ტურნირი არცერთმა ქართულმა არხმა არ გადმოსცა.

ჩვენ დღეს ისტორიის ერთი დიდი ფურცელი გადავშალეთ. ელიტაში ვართ! მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უკვე უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. რამდენიმე დღე გავიხაროთ, ამის ღირსები ნამდვილად არიან ბიჭები, მწვრთნელებიც და ჩვენ ყველა, მაგრამ ეს სიხარული ეიფორიაში არ უნდა გადაიზარდოს.

უნდა დავიწყოთ თავიდან შრომა, რადგან მოპოვებულს შენარჩუნება უნდა. მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ, სადაც სრულიად სხვა სტანდარტებია. იქ წარმატების მისაღწევად ბევრად მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასეც იქნება.

დიდი დღეა ქართული რაგბისთვის! დიდი დღეა ჩვენი სამშობლოსათვის და ვულოცავ ყველას, სულით და გულით! ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.

ბოლოს ერთსაც გეტყვით - რამდენიმე წუთის წინ დამირეკა ჩვენმა დიდმა მეგობარმა, მსოფლიო რაგბის საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკ იგანმა, რომელმაც უბრალოდ კი არ მომილოცა მოგება, არამედ იყო აღფრთოვანებული ქართველი მორაგბეების თამაშით და თამაშის ხარისხით.

ასევე მითხრა, რომ მის გვერდით იჯდა შოტლანდიის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ლეგენდა ჯონ ჯეფრი, რომელიც ასევე ვერ მალავდა თავის აღფრთოვანებას.

მერწმუნეთ, რომ ამ ადამიანების შეფასება ძალიან ძვირად ფასობს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა სიძნელეების გადალახვა გვიწევს არა მარტო ჩვენთან, არამედ გარეთაც. ის, რაც ვიღაცისთვის არის ადვილი, ჩვენთვის ათმაგად ძნელია. როდესაც ისინი, ვინც მსოფლიო რაგბიში პოლიტიკას ქმნიან, ხედავენ ამას, აფასებენ და რაც იშვიათად ხდება, აღფრთოვანებულნიც არიან და ამას არ მალავენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

წყარო: rugby.ge

ასევე იხილეთ:
საქართველო-კანადა 49:24 - ჩვენი ნაალაფები ახალგაზრდული ალაფია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 26 /
ცრემლებს ვერ ვიკავებ სიხარულისაგან.გაგიმარჯოთ მორაგბეებო!ძველებო და ახლებო!იმათაც გაუმარჯოს ხვალ რომ დაიწყებენ რაგბიში ვარჯიშს!დომენტიე და რეზიეც ამაყები არიან 87 წუთი მაგრად ვეთამაშეთ პოლონეთს გუშინ.
batonchik
12:00 14-06-2015
0
რაგბისტებიან- მესვეურებიანად მადლობა დიდი კაცებო!!!
g.v.g.
16:46 04-06-2015
0

სიახლეები პოპულარული