სამხრეთაფრიკელები საქართველოს 27 აპრილს ეწვევიან და 7 მაისამდე დარჩებიან. თამაშები კი 29 აპრილს, 3 და 6 მაისსაა ჩანიშნული.
20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე "უმცროსი ბორჯღალოსნები" 31 მაისს არგენტინელ, 4 ივნისს სამხრეთაფრიკელ და 8 ივნისს ფრანგ თანატოლებს ეთამაშებიან და "ვესტერნ პროვინსის" გუნდთან გასამართი გასახურებელი თამაშები გუნდს დიდ სამსახურს გაუწევს.
7 წლის წინ
დაწყებული ურთიერთობა
საქართველოს რაგბის კავშირსა და "ვესტერნ პროვინსის" აკადემიას შორის დამეგობრების მემორანდუმი 2009 წელს გაფორმდა. 7 წლის წინ ამ ურთიერთობის დამყარებაში უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოს საპატიო კონსულმა სამხრეთ აფრიკაში ჟერარდ ვულმანმა და სრკ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, ხოლო მის გაგრძელებაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ელჩი ბექა დვალი. ამ ურთიერთობაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი მარიუს ჰეინსი.
სრკ-ს ხელმძღვანელობასთან რამდენიმე შეხვედრისა და აზრთა ურთიერთგაცვლის საფუძველზე, ამა წლის დეკემბერში საქართველოს "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის ოპერაციული დირექტორი, მთავარი მწვრთნელი ტროი ლი და დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთი აკადემიის ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ივან ვან ზული ეწვივნენ.
"2009 წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მაშინ სამხრეთ აფრიკაში 6 ნიჭიერი ქართველი მორაგბე გაემგზავრა, რომელთაგან ორი - მერაბ შარიქაძე და ლაშა ლომიძე დღეს "ბორჯღალოსნები" არიან. ამ მორაგბეების მაღალ დონეზე თამაში თავისთავად მეტყველებს "ვესტერნ პროვინსის" აკადემიასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
ამ შეთანხმების "გაცოცხლებაში" ძალიან დიდი როლი ითამაშა ბექა დვალმა, რომელმაც მარიუს ჰეინსთან დაგვაკავშირა და პირველი შედეგები უკვე სახეზეა", - ამბობს ლაშა ხურციძე, სრკ-ს აღმასრულებელი დირექტორი.
ქართველი ახალგაზრდები აფრიკულ აკადემიებში
"ვესტერნ პროვინსის" აკადემიასთან თანამშრომლობის განახლებამ პირველი შედეგები უკვე მოიტანა. "უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის" ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რომ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე მაღალი დონის მეტოქესთან რამდენიმე თამაში გაემართათ, თუმცა ეს ერთადერთი სიკეთე როდია, რომელსაც ამ მემორანდუმის "გაცოცხლება" მოიტანს.იგეგმება, რომ "ვესტერნ პროვინსის" აკადემიაში 18-21 წლის 2-3 ქართველი მორაგბე გაემგზავროს და იქ სამი თვე გაატაროს.
"საქართველოსა და სამხრეთ აფრიკაში რაგბი პოპულარული სპორტის სახეობებია და გვსურს თანამშრომლობის გაღრმავება. თბილისში რამდენიმე საკითხის განსახილველად ჩამოვედით, რომელთაგან უმთავრესი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან გასახურებელი თამაშების გამართვაა.
მეორე მხრივ, გვსურს, ჩვენს აკადემიაში სამი თვით ორი-სამი ქართველი მორაგბე მივიწვიოთ. აგვისტო-ოქტომბერში ისინი ჩვენთან იქნებიან და მნიშვნელოვნად დახვეწენ სარაგბო უნარებს.
"ვესტერნ პროვინსის" აკადემიაში სულ 30-მდე მორაგბე ირიცხება და მათ განვითარებაზე წარმატებული, ვეტერანი მორაგბეები ზრუნავენ. თითოეულ პოზიციაზე სამი-ოთხი სპეციალისტია მიმაგრებული და ისინი სხვადასხვა მიმართულებით, ინდივიდუალურად მუშაობენ. აკადემიაში 18-21 წლის ბიჭები ირიცხებიან და იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში, 17 წლის ახალგაზრდები აგვყავს", - გვიყვება ტროი ლი.
გარდა "ვესტენრ პროვინსის" აკადემიისა, ქართველ მორაგბეებს "ვესტ ქოუსთ" აკადემიაშიც შეეძლებათ სწავლება, რომლის ხელმძღვანელიც ივან ვან ზულია. ის ბიზნესმენია და საქართველოსთან დაკავშირებით სხვა ინტერესებიც აქვს. სუფთა სპორტული მიმართულებით, ვან ზული მზადაა, საქართველოს რაგბის აკადემიას მეთოდოლოგიის დახვეწაში დაეხმაროს, საქართველოში ჩამოიყვანოს მაღალი დონის სპეციალისტები და ქართველ მწვრთნელებს მასტერ-კლასები ჩაუტარდეთ.
"ჩვენი აკადემიის ინფრასტრუქტურით აფრიკელები კმაყოფილნი დარჩნენ, თუმცა მათი სწავლების მეთოდოლოგია და აფრიკელი სპეციალისტების კვალიფიკაცია ქართულ რაგბის ნამდვილად წაადგება.
ჩვენი სურვილია, რომ ჩავერთოთ "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის 7-კაცა რაგბის პროგრამებში, თუმცა ამ ეტაპზე უმთავრესი 20-წლამდელთა ნაკრების მომზადებაა. ამ მხრივ შეთანხმება მიღწეულია, აპრილ-მაისში აფრიკელები საქართველოში იქნებიან და ურთიერთთანამშრომლობის სხვა დეტალები ამ პერიოდში დაზუსტდება", - აცხადებს ლაშა ხურციძე.
წყარო: rugby.ge