"ჩვენი მორაგბეები მოედანზე გასვლისას თასს ისე უყურებდნენ, როგორც ზვიგენი სისხლს"

AutoSharing Option
ფოტოზე: ილია მაისურაძე შეგირდებებს მითითებებს აძლევს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა "მსოფლიოს ახალგზარდულ ალაფზე" პირველად შეძლო გამარჯვების მოპოვება, რის გამოც ელიტაში თამაშის უფლება მიიღო.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" მომავალ წელიწადს მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ პლანეტის 12 საუკეთესო გუნდს შორის. ეს შეჯიბრება ინგლისში გაიმართება.

ცხადია, ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რომელიც თავდაუზოგავი შრომისა და ბრძოლის ფასად მოვიდა.

პორტუგალიის დედაქალაქში გამართული შეჯიბრების პერიპეტიებსა და მომავლის გეგმებზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ილია მაისურაძეს ვესაუბრეთ.

- რა მნიშვნელობა აქვს ამ გამარჯვებას ქართული რაგბისთვის. გთხოვთ, გააკეთოთ მოკლე
ანალიზი, რა სარგებლობა შეუძლია მოიტანოს ჩვენი ახალგაზდა მორაგბეების ასპარეზობამ პლანეტის უძლიერესი სარაგბო ქვეყნების თანატოლებთან?

- ჩვენ ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა. ცნობილია, რომ 2017 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება. არ გვინდოდა, ელიტაში მხოლოდ მასპინძლის სტატუსით გვეასპარეზა. საჭირო იყო, იქ თამაშის უფლება ბრძოლაშიც მოგვეპოვებინა.

ამდენად, მინიმუმ ორი წელიწადი მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებთა ფერხულში ვიქნებით. ამ ორ წელიწადში მორაგბეები და მწვრთნელები უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, პროგრესსაც მიაღწევენ.

20-წლამდელი მორაგბეები ეროვნული ნაკრების კარიბჭესთან დგანან და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გავლილი პრაქტიკა ძალიან წაადგებათ. ამასთან ერთად, ამ გამარჯვებას სხვა, ემოციური დატვირთვაც ჰქონდა. გავახარეთ ქართველი გულშემატკივარი. ამ ბიჭებმა თავისი მეგობრობით და ერთად დგომით ისტორია შექმნეს. ამ ასაკში ეს ყველაზე დიდი რამ არის, რაც შეიძლება გააკეთო.

- ჩვენი ნაკრების თამაშებში გამოჩნდა, რომ შერკინება და უკანა ხაზი დაბალანსებულად ირჯებოდა. გუნდი მარტო მორკინალების აქტიური შრომის ხარჯზე არ გადიოდა ფონს. სტატისტიკაც საინტერესოა. ქართველი მორაგბეების მიერ გატანილი 20 ლელოდან 13 სწორედ უკანახაზელებმა მიითვალეს. თუ გაჩნდა ინტერესი ჩვენი ამ ამპლუის მოთამაშეების მიმართ?
- ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უდავოდ ნიჭიერი თაობაა. მათთან პირველი წელიწადი არაა, რაც ვმუშაობთ. ისინი ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში შევკრიბეთ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე მათგანმა სერიოზული პროგრესი განიცადა. ამასთან ერთად, გუნდს საერთაშორისო ტურნირების თამაშის გამოცდილებაც დაუგროვდა, ანუ ზრდისა და განვითარების ყველა ეტაპი გავიარეთ.

ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს ჩემმა ასისტენტებმა ლადო კილასონიამ და ზურა ამონაშვილმა. შემუშავებული გვქონდა განვითარების სპეციალური პროგრამა. შესაბამისად, მზადების პროცესი იყო საკმაოდ გრძელი და რთული.

ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენმა მგეზავმა რეზო ჯინჭველაშვილმა მოახერხა თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა. მან ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა წინ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ შესანიშნავი მგეზავი გვყავს. ის კარგად უძღვებოდა მატჩს, შერკინების მიერ მოპოვებულ უპირატესობას არ ანიავებდა და სწორი გადაწყვეტილების მიღებით შეტევას კიდევ უფრო ამწვავებდა, რაც ლოგიკურ დასასრულამდე მიდიოდა.

მიმაჩნია, რომ საუკეთესო უკანა ხაზი გვყავდა. სასიამოვნო იყო ის, რომ ჩვენი უკანახაზელების თამაში მრავალფეროვანებით გამოირჩეოდა და არ იყო სწორხაზოვანი. ცხადია, მათ მიმართ ინტერესი გაიზარდა, მაგრამ აქცენტი მაინც ფიჯელებზე აქვთ აღებული.

სამწუხაროდ, სტერეოტიპი, რომ ქართველები შერკინებაში არიან მხოლოდ მაგრები, ჯერ ისევ არსებობს. საჭიროა, ნავსი გავტეხოთ, დავამტკიცოთ, რომ ჩვენი უკანახაზელებიც არანაკლებ კარგი მოთამაშეები არიან. თუმცა, ეს ასე ერთბაშად არ მოხდება. ამას წლები და დიდი შრომა დასჭირდება.

Sportall.Ge

- "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" პირველი მატჩი ურუგვაის ნაკრებთან გვქონდა, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან იოლად მოვიგეთ. არადა, ეს ნაკრები შესანიშნავი გუნდი გამოდგა. ჩვენ გარდა ყველას მოუგო და მესამე ადგილზე გავიდა...
- ლისაბონში რომ ჩავედით, ურუგვაის ნაკრებზე ბევრი ქება მოვისმინეთ. მწვრთნელების წინასატურნირო შეხვედრაზე "მსოფლიოს რაგბიდან" მოვლენილი უელსელი სპეციალისტი გავიცანი. მან კარგად დაახასიათა ურუგვაელები. მითხრა, არგენტინას ორჯერ ეთამაშნენ და იმდენად კარგი წინააღმდეგობა გაუწიეს, "პუმებს" ევროპაში ჩამოსვლა და საკონტროლო მატჩების გამართვა აღარ დასჭირდათო.

ამაყობდა, სამხრეთ ამერიკაში უკვე ორი ერთნაირი დონის გუნდი გვყავსო. ცოტა არ იყოს, ამან შემაშინა. ურუგვაის ამ ფორმაციის ნაკრების თამაშის ვიდეოფირი არ გვქონდა. მხოლოდ შარშანდელ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" გამართული შეხვედრები ვნახეთ, მაგრამ ეს სრულ სურათს არ იძლეოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, თამაშის მთავარი აქცენტი შერკინებაზე გაგვეკეთებინა. თუ შევძლებდით თავიდანვე ბურთის მოპოვებაში ხელი შეგვეშალა და ფიზიკურადაც დავჩაგრავდით, შეიძლებოდა მერე მათი სუსტი წერტილების გამოცნობაც.

უნდა ითქვას, რომ შერკინებაში, მოლში და დერეფანში ადვილად მოვიპოვეთ უპირატესობა. ურუგვაელები ამას არ ელოდნენ. ჩვენ შევძელით, რომ სათამაშო უპირატესობა ქულებშიც აგვესახა და მერე მწვრთნელებს საშუალება მოგვეცა გარკვეული ცვლილებები გაგვეხორციელებინა.

- ამ შეხვედრაში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა...
- ჩვენ არაფერში გვჭირდებოდა ჩხუბი. როდესაც პირველ ტაიმს დიდი უპირატესობით იგებ, იმაზე ფიქრობ, რომ როგორმე თამაში წითელ-ყვითლებისა და ტრავმების გარეშე ჩაამთავრო. აბა, ჩხუბი რად გვინდოდა?

ურუგვაელები თავიდანვე ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი. არ იცოდნენ, ჩვენი თამაშისთვის რა დაეპირისპირებინათ და ამიტომ პროვოკაციებზე წასვლა დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდისას ბიჭებმა თავი ვეღარ შეიკავეს და ჩხუბი ატყდა. ამ ფაქტს ყველაზე ცუდი ის მოჰყვა, რომ ჩვენი გარემარბი იოსებ კიკვაძე დისკვალიფიკაციის გამო გამოგვაკლდა. ის უდავოდ უნიჭიერესი მოთამაშეა. სამწუხაროა, რომ მას საშუალება არ მიეცა ტურნირში ბოლომდე ეთამაშა. დარწმუნებული ვარ, ის ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა ჩვენს გუნდში.

- ჯგუფში ჩვენი გუნდის ყველაზე მთავარ კონკურენტად ფიჯის ნაკრები ითვლებოდა, რომელსაც, ერთი შეხედვით, თითქოს ასევე იოლად გავუმკლავდით...
- ფიჯის ნაკრების ორი თამაში გვქონდა ნანახი ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გუნდებთან. ავსტრალიელები მათ პირველ ტაიმში ღია რაგბი ეთამაშნენ, მეორეში კი თამაში დაუკეტეს, ძირითადად შერკინებით დაუპირისპირდნენ და, აი აქ გამოჩნდა მათი სუსტი წერტილები. ფიჯის შერკინებაში თამაში და მოლის შეჩერება უჭირდა. მათ რომ ხელდახელ ბურთაობაში ავყოლოდით, ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველი იქნებოდა.

ჩვენი მიზანი იყო, მათი პირველი და მეორე ხაზის მორაგბეებისთვის მინიმუმ თამაშის ხალისი წაგვერთმია. საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდანაც კი მოლით მოგვქონდა ბურთი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვერტყა ფეხით შორს ბურთი. მაქსიმუმ მოკლე, საბრძოლო დარტყმები უნდა გაგვეხორციელებინა, რის შემდეგაც მეტოქეს შეცდომის დაშვებას ვაიძულებდით.

ერთი სიტყვით, ის რაგბი უნდა გვეთამაშა, რაც არ სიამოვნებთ და არ უყვართ.

ბიჭებმა დავალება ზუსტად შეასრულეს და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ წარიმართა. ნათლად გამოჩნდა, რომ თუ ფიჯელებს ბურთს მივცემდით, ისინი მას დიდხანს არ თმობდნენ, ძალიან სახიფათოდ გვიტევდნენ. ისინი ოფლოუდების ოსტატები არიან და ამიტომ ჩვენი მიზანი იყო, დაცვის ჯაჭვი არ გაწყვეტილიყო. ბოჭვის არეში კი ორი კაცი უნდა მისულიყო. პირველის ბოჭვის შემდეგ, მეორეს მეტოქესთვის ბურთის გადაწოდების საშუალება არ უნდა მიეცა. ეს ყველაფერი ბიჭებმა კარგად შეასრულეს.

თამამად შეიმიძლია ვთქვა, რომ ამ მატჩში გუნდმა საუკეთესო ხარისხის დაცვა ითამაშა, რაც კი ოდესმე უთამაშია. ამან ძალიან გამახარა და ტურნირის მოგების იმედი გამიათკეცა.

- რასაც ვერაფრით ვიტყვით ჯგუფურ ტურნირის ბოლო მატჩზე პორტუგალიის ნაკრებთან...
- ამ გუნდთან სამჯერ გვქონდა მოგებული. ბოლოს 44:14 დავამარცხეთ. ცხადია, ბიჭები ფსიქოლოგიურად შევამზადეთ. ვეუბნებოდით, რომ იოლი თამაში არ იქნებოდა. მათაც ასეთივე განწყობა ჰქონდათ, მაგრამ გულის სიღრმეში, ალბათ, მაინც ფიქრობდნენ, რომ იოლად მოვიგებდით.

არ მიყვარს მსაჯზე ლაპარაკი, მაგრამ იმ არბიტრმა, ვინც ეს მატჩი განსაჯა, უბრალოდ, რაგბის წესები არ იცოდა. ერთი სიტყვით, პორტუგალიის დასამარცხებლად ჩვენი გუნდის ცუდი თამაშიც საკმარისი აღმოჩნდა.

- ფინალში რომელ გუნდთან ჯობდა თამაში, კანადასთან თუ ტონგასთან?
- ფინალში მეტოქე ვინ იქნებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ჩვენ უკვე ვიცოდით, რა უნდა გვეღონა, როგორ უნდა გვეთამაშა. მზად ვიყავით მენტალურად, ფიზიკურად და ტაქტიკურადაც. ამ ტურნირზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სწორი სტრატეგია ავირჩიეთ. ცოტას ვვარჯიშობდით, დღეში 30 წუთს. გაცილებით ბევრ დროს კი ვიდეო ანალიზს ვუთმობდით.

ბიჭები ცდილობდნენ შენიშვნები გამოესწორებინათ, ახერხებდნენ კიდეც. ისინი, როგორც მოთამაშეები გაზრდილები არიან და ჩვენს მითითებებს ალღოს იოლად უღებდნენ. ჩვენი, მწვრთნელების მოვალეობაც ისაა, რომ სუსტი წერტილები დაინახონ გუნდის თამაშში და მის აღმოფხვრაზე იზრუნონ. ცოტა ვარჯიშმა კი ის სარგებლობა მოგვიტანა, რომ მორაგბეებს ენერგია შევუნარჩუნეთ.

ძალიან დიდი წვლილი შეიტანა მოთამაშეების ფიზმომზადებაში მწვრთნელმა ირაკლი ჭყონიამ. შესანიშნავად იმუშავა სამედიცინო შტაბმა, რომელმაც რამდენიმე დაშავებული მორაგბე ძალიან სწრაფად დააყენა ფეხზე. ამან დიდი როლი ითამაშა საბოლოო გამარჯვებაში.

ფინალში კანადის ნაკრების თამაში დეტალურად გვქონდა გაშიფრული. 20-25 წუთის შემდეგ ისინი ვეღარ სუნთქავდნენ, რასაც ვერაფრით ვიტყვი ჩვენს ბიჭებზე. ენერგია თითქოს უზღვავი ქონდათ. ამაყი ვარ ჩვენი მორაგბეებით. მოედანზე რომ გადიოდნენ, თასს გახედეს. ისე უყურებდნენ, როგორც ზვიგენი სისხლს. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ კანადას არაფერს დაუთმობდნენ.

Sportall.Ge

- მომავალ წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ გუნდიდან ბევრი ვერ ითამაშებს?
- 26 კაციდან 14-ს მოუწევს თამაში. მორკინალები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა ითამაშებს.

ამასთან ერთად, არის რამდენიმე მორაგბე, რომლებიც მოსამზადებელ პერიოდში გუნდთან ერთად იყვნენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო პორტუგალიაში წამსვლელთა შორის ვერ მოხვდნენ. ასევე, 18-წლამდელთა იმ გუნდიდან, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, რამდენიმე მორაგბეს დავიმატებთ.

მართალია, გვაქვს პრობლემური სათამაშო პოზიციები, მაგრამ წინ მთელი წელიწადია და ყველაფერს ვიღონებთ, რომ ხარვეზები დროულად აღმოვფხვრათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შესწორება ავტორს:
"მსოფლიოს ახალგზარდულ ალაფზე" პირველად შეძლო გამარჯვების მოპოვება, რის გამოც ელიტაში თამაშის უფლება მიიღო.
იგივე დონის გამარჯვება წარსულშიც ჰქონდათ ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს! გთხოვთ გადაამოწმოთ 1998 წლის ახალგაზრდა ბორჯღალოსნების მიღწევები :)
Giorgi
09:55 01-06-2015
0
პირველ რიგში ამ ბიჭებს ვულოავ, მერე რაგბის კავშირს და მერე ვისაც ეს მოგება გაუხარდა.

იმედია 18 წლამდელებიდან ბევრ კაცს ათამაშებს, მათ აუილებლად ჭირდებათ გამოცდილების მიღება 20 წლამდელთა მსოფლიოზე, 9 ნომერი ტანით პატარა იყო მაგრამ ძალიან მაგარი ბიჭია და იმედია ერთ დროს მთავარი ნაკრების 9 ნომერიც გახდება.
გიორგი
01:59 01-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული