საზაფხულო სეზონს "მზარდი საქართველო" უელსელებთან მატჩებით გახსნის

AutoSharing Option
ფოტოზე: მზარდი საქართველო-ინგლისის საგრაფოები
თბილისის თასის წლევანდელ გათამაშებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში რაგბის საზაფხულო სეზონს "მზარდი საქართველოს" ნაკრები გახსნის.

შარშან გუნდმა ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს უმასპინძლა, ხოლო წლეულს ორმატჩიან სერიაში უელსურ "ქროშეიზს" დაუპირისპირდება (უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტის 15-ეული). მატჩები 3 და 6 ივნისს რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება.

"ტრადიციულად, ზაფხულში "მზარდი საქართველო" ორ თამაშს მართავს, რომელიც წინ უსწრებს თბილისის თასს. ეს არის კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება იმისა, რომ ჩვენი უახლოესი რეზერვი შევამოწმოთ საქმეში.

"ქროშეიზი" საკმაოდ ძლიერი გუნდია. პრაქტიკულად, უელსის შიდა ჩემპიონატის ნაკრებია
და, ცხადია, ჩვენთვის სასარგებლო მეტოქე იქნება.

ვფიქრობ, ორი ძალიან საინტერესო მატჩი გველის. სამწუხაროდ, თბილისის სარაგბო სტადიონებზე ივნისის ტურნირისა და ნაკრების მსოფლიო შეკრებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, ორივე თამაში რუსთავში გაიმართება.

ვფიქრობ, რაგბის ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად, თბილისიდანაც ბევრი ქომაგი ჩავა და ისიამოვნებს მაღალი დონის რაგბით", - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

"საქართველო ამაყი ქვეყანაა, სადაც რაგბის თამაშობენ. გარდა იმისა, რომ დაგეგმილი მატჩები ჩვენს ორ ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს, აღნიშნული ტურნე წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას მეორე დონის სარაგბო ქვეყნებში რაგბის განვითარებისათვის ხელის შესაწყობად.

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ ტურნეში უელსის ღირსებას "ქროშეიზი" იცავს და მოუთმენლად ველით მომავალ ორ თამაშს", - დასძინა უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დენის გეთინმა.

საქართველოში გუნდს უელსური "ქარმართენ ქუინზის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუი თონქინი უხელმძღვანელებს:

"საქართველოს ეს ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია. განსაკუთრებით, ძლიერი შერკინება ეყოლებათ. ისინი ნამდვილად არაფერს დაგვითმობენ. ჩვენც ძლიერი ფორვარდებით მივემგზავრებით, რომელთა ძირითად ბირთვს უელსის პირველობის ფინალისტი კლუბების, "პონთიფრიზისა" და "ებოუ ვეილზის" მორაგბეები წარმოადგენენ.

თუმცა "ქროშეიზის" სტილსა და ტრადიციებს რომ არ ვუღალატოთ და შესაბამისად, ღია, ლაღი და სწრაფი რაგბი ვითამაშოთ, გუნდში რამდენიმე კარგ მორბენალსაც ვუხმეთ.

მართალია, ძალიან რთული იქნება 26 მოთამაშით ოთხ დღეში ორი მატჩის ჩატარება, მაგრამ ამ ტურნეში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია. მოთამაშეები და მენეჯმენტი მოუთმენლად ველით საქართველოში ჩასვლას", - თქვა მან თბილისში გამომგზავრების წინ.

"მზარდი საქართველო" შეიკრიბა
ორმატჩიანი სერიისათვის მოსამზადებლად "მზარდი საქართველო" 27 მაისს შეიკრიბა, რომელიც "შევარდენის სანაკრებო ბაზასა" და მარტყოფის სარაგბო სტადიონზე ივარჯიშებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდში "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფიდან" დაბრუნებული შვიდი მორაგბე გამოიძახა.

გუნდის შემადგენლობაში ვიხილავთ "ბორჯღალოსან" ჯაბა ბრეგვაძეს, რომელსაც მიღებული ტრავმის შედეგად წელიწადზე მეტია, რაც ნაკრების კვართი არ მოურგია.

სერიისთვის მაისაშვილმა ასევე ვაჟა ხუციშვილს, გივი ბერიშვილსა და ირაკლი მირცხულავას უხმო. ეს უკანასკნელი გუნდს 30 მაისს შეუერთდება.

"ტრადიციულად, საზაფხულო სეზონს "მზარდი საქართველო" ხსნის. სერიისთვის მზადებისას იყო ერთი უხერხული მომენტი - ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ პირველი თამაში უნდა გვეთამაშა 21 წლამდე ასაკობრივი ზღვრით.

შესაბამისად, სელექციის კუთხითაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით ალაფზე 20-წლამდელების თამაშს და ძირითადად, პირველი თამაშისთვის ამ ბიჭებისგან ვაპირებდით გუნდის დაყენებას, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ უელსელებმა კაცთა გუნდით გადაწყვიტეს ჩამოსვლა და ჩვენც ახლა სხვა მოთამაშეების გამოძახებაც გადავწყვიტეთ.

უელსელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს იღონებენ სერიის მოსაგებად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი მოთამაშე გამოჩნდეს და უფრო გაფართოვდეს ეროვნული ნაკრების სასელექციო სია. სწორედ ეს დანიშნულება აქვს ამ ნაკრებს და სერია ამ მიზანს ემსახურება.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ჩვენ აუცილებლად მოსაგებად ვითამაშებთ", - თქვა ლევან მაისაშვილმა.

ქროშეიზი:
შერკინება: ლუის სმაუთ (კარდიფი),ჯონ ლავენდერ (ებოუ ვეილ), რიჩარდ ვილქს (ბედვასი), ჰიუ დაუდენ (პონთიპრიზი), როს დევისი (დონქასთერი), ქირონ ჯენქინს (პონთიპრიზი), დემიენ ჰად (ებოუ ვეილი), ედამ ბრაუნ (ნიუპორტი), ეშლი სვით (ეოუ ვეილ), დენ გოდფრი (პონთიპრიზი), დერი მეთრავერს (ბედვასი), შონ მაილზ (ჰლანდოვერი), ედ სიგერი (მოუზლი), რის შელარდ (პონთიპრიზი).
უკანა ხაზი: გევინ დეისი (პონთიპრიზი), გერენთ ოდრისქოლი (ნიუპორტი), ჯემი დევისი (ნისი), ელიოტ ფრუენ (ნიუპორტი), პატრიქ თეფლეი (ბედფორდ ბლუზი), ჰლივარქ აფ მირჰდინ (ნიუპორტი),დავიდ ლოქიარ (პონთიფრიზი), მეთიუ ჯეკობზი (ჰლანდოვერი), დევიდ ლენგდონი (ებოუ ვეილი), ქიარან მიქ (ნიუბრიჯი), თომ ჯეიმზ (ნისი), ჯასთინ ჯეიმზ (ჰლანდოვერი).

მზარდი საქართველო:
შერკინება: ზურაბ ჯულაყიძე (ლელო), არჩილ ბეჟიაშვილი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ჯაბა ბრეგვაძე (ბოლნისის ყოჩები), ბადრი ალხაზიშვილი (ლელო), ნოდარ ჭეიშვილი (ლა სეინი), სანდრო ქოიავა (ლელო), ოთარ გიორგაძე (აია), დაჩი კოპაძე (ლელო), გურამ შენგელია (გორის ჯიქი), მიხეილ გაჩეჩილაძე (კარკერანი), ვახტანგ ამირანაშვილი (არმაზი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი).
უკანა ხაზი: ირაკლი სვანიძე (გორის ჯიქი), იოსებ კიკვაძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (ბოლნისის ყოჩები), ანზორ სიჭინავა (აკადემია), გიორგი ფრუიძე (აია), გიორგი ტალახაძე (ლელო), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), რეზი ჯინჭველაშვილი (აია), მამუკა ნინიძე (გორის ჯიქი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), სანდრო მინდიაშვილი (ლელო).

რაგბის კავშირის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული