მზარდი საქართველო VS ქროშეიზი - მორაგბეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს, 3 ივნისს, რუსთავის სარაგბო სტადიონზე "მზარდი საქართველოს ნაკრები" და უელსური "ქროშეიზი" (უელსის ჩემპიონატის ნაკრები) ორმატჩიანი სერიის პირველ ასპარეზობას გამართავენ.

სერიას ქართველი და უელსელი მსაჯები გაუძღვებიან. სერიის პირველ დაპირისპირებაში უელსელი რეფერი ნილ ჯეიმს ჰენესი იმსაჯებს. ამ უკანასკნელმა 2015 წლის 14 მარტს თბილისში საქართველო-რუსეთის მატჩი განსაჯა.

თამაშის წინა დღეს ორივე გუნდმა რუსთავის სარაგბო სტადიონზე წინასამატჩო პრესკონფერენცია და კაპიტნის ვარჯიში გამართა.

ლუი თონქინი, "ქროშეიზის" მთავარი მწვრთნელი:
"ეს გუნდი იმავე პრინციპით დაკომპლექტდა, რომელი გუნდის წინააღმდეგაც თქვენ უელსში ითამაშეთ, მაგრამ ამჯერად სულ სხვა შემადგენლობა
ჩამოვიყვანეთ. ჩვენთან თამაშობენ უელსის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეები და საქართველოშიც უძლიერესი რაზმით ჩამოვედით.

ჩვენ წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით და თამაშებს ვმართავთ. საქართველოში წამოსვლამდე უელსის 20-წლამდელთა ნაკრებს ვეთამაშეთ, რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებოდა.

საქართველოს შესახებ ბევრი ინფორმაცია გვაქვს. ვნახეთ ეროვნული და "მზარდი საქართველოს ნაკრების" თამაშები, ასევე, დავაკვირდით თქვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებს "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე". ვიცით, რომ ძლიერი შერკინება გყავთ და შემადგენლობაც ამის გათვალისწინებით შევარჩიეთ".

"მზარდი საქართველოს" ნაკრებში ერთი სიახლეა. 20-წლამდელთა ალაფის დროს მიღებული კისრის ტრავმა გაუმიზეზდა შერკინების კვაჭ ბადრი ალხაზაშვილს (ლელო). მის ჯეროვან რეაბილიტაციას ათი დღე სჭირდება. ამიტომ ლევან მაისაშვილმა მისი დასვენება გადაწყვიტა, ხოლო ალხაზაშვილის ნაცვლად შეკრებაზე გიორგი თედორაძეს (თი ბი სი) უხმო.

ლევან მაისაშვილი, "მზარდი საქართველოს" მთავარი მწვრთნელი:
"ამ თამაშისთვის მზადებაში ხელი გაურკვევლობამ შეგვიშალა. უელსიდან გვაცნობეს, რომ 21-წლამდელთა ნაკრებთან უნდა გვეთამაშა და მორაგბეთა შერჩევა ამის გათვალისწინებით დავიწყეთ. ბირთვი ის გუნდი უნდა ყოფილიყო, რომელმაც პორტუგალიაში "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" ითამაშა და მეც ლისაბონში მიმავლინეს.

მერე აღმოჩნდა, რომ უელსი კაცთა გუნდით ჩამოდიოდა, რაც პორტუგალიაში შევიტყვეთ და სელექციაშიც ცვლილება შევიტანეთ. თუმცა, გუნდის მოსამზადებლად დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა.

მართალია, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დავიმატეთ, მაგრამ მაინც ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლის საშუალო ასაკიც 23 წელიწადია. გამოძახებულთა შორის არიან ეროვნული გუნდის მოთამაშეებიც. მაგალითად, გივი ბერიშვილი და ჯაბა ბრეგვაძე. ამ უკანასკნელმა ტრავმა ახლახან მოირჩინა და ამჯერად ჩვენთან ითამაშებს. შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოგვიწია, რაც ტრავმებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, ეროვნული გუნდის ზოგიერთ კანდიდატს დასვენების საშუალება მივეცით.

ბადრი ალხაზაშვილმა ვარჯიშზე კისრის ტრავმა მიიღო, რის გამოც 10 დღე გაუცდება, შესაბამისად, ვერ დაგვეხმარება და მის ნაცვლად 20-წლამდელებიდან გიორგი თედორაძეს დავუძახეთ. ვერ დაგვეხმარება ოთარ გიორგაძე, რომელიც ტრავმის მოშუშებას ვერ ახერხებს და დავით პაპავაძეს ვუხმეთ. ტრავმა უკანა ხაზის რამდენიმე მოთამაშესაც აწუხებს. თუმცა შემადგენლობა მაინც ოპტიმალურია.

ვუერთდებით გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ჩვენი თამაშიც ამას მიეძღვნება. ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და მით უმეტეს, ძალადობა ქალთა წინააღმდეგ. ჩვენი ვალია, რომ არ ვიყოთ გულგრილები ასეთი მოვლენების მიმართ. ამ ყველაფერთან რაგბის ფასეულობები პირდაპირ კავშირშია და თაობები ისე უნდა აღვზარდოთ, რომ მსგავსი აქციების გამართვა საჭირო აღარ გახდეს".

Sportall.Ge
ფოტოზე: გივი ბერიშვილი და ლევან მაისაშვილი პრესკონფერენციაზე

გივი ბერიშვილი, "მზარდი საქართველოს" ნაკრების კაპიტანი:
"ცოტა დრო გვქონდა, თუმცა, ვფიქრობ, თამაშისთვის სათანადოდ მოვემზადეთ, რაც მწვრთნელების დამსახურებაა. მათ ისე დაგეგმეს ვარჯიშები, რომ მცირე დროში დიდი სამუშაო გავწიეთ.

უელსელებთან თამაში იქნება დაძაბული. ჩვენ წინააღმდეგ გამოცდილი გუნდი იდგება. თუ შევძელით მწვრთნელების მითითებების მოედანზე გადატანა, ყველაფერი კარგად იქნება.

პირველად ვარ გუნდის კაპიტანი და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მოხარული ვარ ასეთი ნდობისთვის და ვეცდები, მწვრთნელების იმედები გავამართლო".

საქართველოს ნაკრები
15. ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები), 14. ირაკლი გეგენავა (ყოჩები), 13. გიორგი ფრუიძე (აია), 12. გიორგი ტალახაძე (ლელო), 11. იოსებ კიკვაძე (აია), 10. მამუკა ნინიძე (ჯიქი), 9. ვაჟა ხუციშვილი (ხარები). 1. არჩილ ბეჟიაშვილი (ლოკომოტივი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები), 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლა სეინი), 5. სანდრო ქოიავა (ლელო), 6. გივი ბერიშვილი (ლელო), 7. დაჩი კოპაძე (ლელო), 8. ვახტანგ მირიანაშვილი (არმაზი).

16. გიორგი თედორაძე (თიბიესი), 17. ირაკლი მირცხულავა (ტარბი), 18. ზურაბ ჯულაყიძე (ლელო), 19. გურამ შენგელია (ჯიქი), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (კარკერენი), 21. სანდრო მინდიაშვილი (ლელო), 22. რეზო ჯინჭველაშვილი (აია), 23. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 24. დავით პაპავაძე (ჯიქი).

რაგბის კავშირის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული