მზ.საქართველო-ქროშეიზი 17:24 - უხვლელოიანი, ტრავმიანი, საინტერესო

AutoSharing Option
ფოტოზე: ნოდარ ჭეიშვილმა ხაზი კიდევ ერთხელ გაჭრა
"მზარდი საქართველოს ნაკრებისა" და უელსის "ქროშეიზის" დაპირისპირება შესანიშნავი სანახაობა გამოდგა.

მატჩი გაეროს გენერალური მდივნის ინიციატივით დაწყებულ კამპანიას - "ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" მიეძღვნა. თამაშის დაწყების წინ რუსთავის სტადიონზე შეკრებილ ქომაგებს საქართველოში გაეროს წარმომადგენელმა, უელსის პარლამენტის წევრმა ქალბატონმა და საქართველოს პრეზიდენტის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ მიმართეს.

საკმაოდ ეფექტური გამოდგა ორი ქვეყნის ჰიმნების შესრულებაც. უელსის ჰიმნი ბენდის თანხლებით ბრიტანელმა რაგბის ვეტერანებმა შეასრულეს. საქართველოს ჰიმნი კი რუსთავის ხალხური სიმღერების გუნდმა იმღერა.

თამაში უელსელებმა აქტიურად დაიწყეს და ჩვენი
გუნდი მოედნის საკუთარი ნახევრიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. აშკარად ჩანდა, რომ ახლახან შეკრებილი, ჯერ კიდევ შეუთამაშებელი მორაგბეები ზედმეტად ნერვიულობდნენ. მე-11 წუთზე რაკში თამაშისას დავჯარიმდით, თუმცა უელსელთა მგეზავმა დევიდ ნანგდონმა საჯარიმო ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

"მზარდი საქართველოს ნაკრებმა" ნელ-ნელა თამაში დაალაგა და მეტოქის 22-მეტრიან ზონას პირველად მე-15 წუთზე მიუახლოვდა. უელსელებმა ჩვენი მორაგბეების მიძალება მოიგერიეს, მაგრამ ოთხ წუთში ქართველი მეორეხაზელის, ნოდარ ჭეიშვილის გარღვევას ვერაფერი მოუხერხეს. ჩვენი ორმეტრიანი მორაგბე ფეხებზე მყარად იდგა და მეტოქე მის წაქცევას ამაოდ ცდილობდა. უელსელთა ლელოდან 10 მეტრში კი სტუმრებმა თამაშის წესი დაარღვიეს და მგეზავმა მამუკა ნინიძემ საჯარიმოდან ანგარიში გახსნა - 3:0.

ამას უელსელთა შესანიშნავად გათამაშებული კომბინაცია მოჰყვა. ცენტრიდან თამაშის განახლების შემდეგ ბურთი მათი ნადავლი გახდა და მარცხნივ, გრძელ ფრთაზე სწრაფად, ხელდახელ ჩაათამაშეს. მერე შეტევის მიმართულება შეცვალეს და ჩვენს ჩათვლის მოედანში შუამარბი გევინ დესეი შეიჭრა. ნანგდონმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად გამოიყენა - 7:3.

ამის მერე თამაში ნელ-ნელა გათანაბრდა. ორივე გუნდი შეცდომებს ხშირად უშვებდა, რაც მათ მონაგარის გაზრდის საშუალებას არ აძლევდა. პირველი ტაიმის დამთავრებამდე რვა წუთით ადრე კი მოედნის ცენტრში ბრძოლისას ჩვენი გუნდის კაპიტანი გივი ბერიშვილი დაშავდა. მან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ფეხი მოიტეხა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თამაშის რამდენიმეწუთიანი წყვეტა სასარგებლო გამოდგა ჩვენი ბიჭებისთვის. მათ თითქოს კაპიტნის გამო შური იძიესო, პირველივე იერიში მალევე ლელოთი დაასრულეს. შესანიშნავად გაისარჯა მარცხენა ფრთაზე გიორგი ფრუიძე, რომლის გარღვევა ფარული გადაცემის შემდეგ გარემარბმა იოსებ კიკვაძემ განაგრძო. მან ფეხით ორიგინალურად გადასცა ბურთი მეორეხაზელ ნოდარ ჭეიშვილს, რომელიც ზედ ლელოს ხაზთან შებოჭეს. მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს. ჩვენი გუნდის მიძალება სტუმრებმა მხოლოდ წესის დარღვევით შეძლეს.

საჯარიმოდან ბურთი აუტში გადავიტანეთ. ხუთმეტრიანი დერეფანი სუფთად მოვიგეთ, მოლი შევკარით, დავძარით და ის იყო, ჩათვლის მოედანში უნდა შეგვეღწია, რომ უელსელებმა მოლი ჩაგვიქციეს. არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. ნინიძემ გარდასახა - 10:7. ასე დასრულდა მატჩის პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "მზარდი საქართველოს ნაკრებში" მალევე რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. მთლიანად შეიცვალა პირველი ხაზი.

შერკინების კვაჭი, ეროვნული ნაკრების წევრი ჯაბა ბრეგვაძე დიდი ხნის უთამაშებელია, თუმცა დერეფანში ბურთს შესანიშნავად აგდებდა და ჩვენი არც ერთი აუტი არ წაგვიგია. შეცვლაზე სათამაშოდ შევიდა მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ფულბეკი ირაკლი სვანიძე, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მატჩის აღმოჩენაა. შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, "ბორჯღალოსნებს" ექსტრა-კლასის ფულბეკი ეზრდება.

Sportall.Ge
ფოტოზე: ბურთით ირაკლი სვანიძე
მეორე ტაიმში, სამწუხაროდ, ტრავმებს თავი ვერ ავარიდეთ. დაშავებული ჭეიშვილის ნაცვლად მოედანზე გურამ შენგელია ერთი წუთის შესული იყო, მოლიდან ბურთი რომ გაიტაცა. მეტოქის ნახევარზე გადასულს იქ უელსელი დაუხვდა, რომელსაც უხერხულად შეეჯახა და მოედნიდან საკაცით გასაყვანი შეიქნა.

კიდევ უფრო უარესი შეემთხვა შეცვლაზე შესულ მგეზავს, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ლიდერ რეზო ჭეიშვილს. ის მოედნის ცენტრში დიდი სიჩქარით წამოსულ მეტოქეს ფეხებში შეუვარდა და წამოდგომა ვეღარ შეძლო. საბოლოოდ, ისიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთი სიტყვით, გუნდის შეუთამაშებლობას თან ტრავმიანობაც დაერთო. ცხადია, უელსელებმა ამით შესანიშნავად ისარგებლეს. საკუთარი ლელოდან ხუთ მეტრში შერკინებაში დავჯარიმდით. სტუმრებმა ბურთი აუტში დაარტყეს. დერეფანი უპრობლემოდ მოიგეს და მოლი შეკრეს, მძლავრი ბიძგებით ნელ-ნელა უკან დაგვახევინეს და ჩათვლის მოედანში შეაღწიეს. გარდასახვა ნანგდონმა ვერ გაიტანა - 12:10.

დანაკლისის მიუხედავად, ჩვენს გუნდს ბრძოლა არ შეუწყვეტია და მე-60 წუთზე ფულბეკმა ირაკლი სვანიძემ ისეთი ლელო გაიტანა, რომელზეც ნებისმიერი უმაღლესი კლასის მორაგბე მოაწერდა ხელს.

დერეფანი მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან მოვიგეთ. მერე ბურთი მარცხნივ გრძელ ფრთაზე გაიტანეს. იქ წარმოქმნილი რაკიდან ცხრა ნომერმა ვაჟა ხუციშვილმა შეტევის მიმართულება შეცვალა და მარჯვნივ ნინიძეს გადააწოდა. ამან მოედნის სიღრმიდან იერიშში სვანიძე ჩართო, რომელიც ორ უელსელს გაუსხლტა, დიდ სიჩქარეზე, მის წინ აღმართული მეტოქის ფულბეკი უსაქმოდ დატოვა და ლელო ძელებს შორის გაიტანა. ნინიძეს გარდასახვა არ გასჭირვებია - 17:12.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლევან გოგოლაშვილი უელსელების მარწუხებში
უელსელებმა შეცვლების განხორციელება დაიწყეს. თითქმის ყველა სათადარიგო თამაშში ჩართეს და დასვენებულმა სტუმრებმა ჩვენს გუნდს უპირატესობა საბოლოოდ წაართვეს. შედეგად, თამაშის დასრულებამდე მათ ორი უპასუხო ლელო გაგვიტანეს და შვიდი ქულის სხვაობით დაგვამარცხეს - 24:17.

ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა 6 ივნისს, ისევ რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. მატჩი 18 საათზე დაიწყება.

ტესტ-სერია. პირველი მატჩი
მზ.საქართველო-ქროშეიზი 17:24
მზ.საქართველო (15-9): გოგოლაშვილი (სვანიძე 41), გეგენავა, ფრუიძე, ტალახაძე, კიკვაძე, ნინიძე (ჯინჭველაშვილი 58, ნინიძე 70), ხუციშვილი. (1-8) ბეჟიაშვილი (მირცხულავა 45), ბრეგვაძე (თედორაძე 41, ბრეგვაძე 70) ხატიაშვილი (ჯულაყიძე 45), ჭეიშვილი (გაჩეჩილაძე 50), ქოიავა, ბერიშვილი (შენგელია 45, პაპავაძე 46), კოპაძე (ჭეიშვილი 70), მირიანაშვილი.
2ლ: საჯარიმო, სვანიძე. 2გ,ს: ნინიძე.
ქროშეიზი (უელ) (15-9): ოდრისკოლი (იაკობსი 42), ჯ. დევისი (მიკი 60), ლუკაიერი, დესეი, ფრევენი, ლანგდონი, ტ. ჯეიმზი (ჯ. ჯეიმზი 65). (1-8) სმუტი (დოუდენი 59), ვილკსი (ლაინდერი 58), ჯენკინსი (რ. დევისი 58), ჰუდი, ბრაუნი (სვიტი 65), სიგერი, შელარდი, გოდფრი.
4ლ: ვილკსი, დესეი, საჯარიმო, ფროვენი. 2გ: ლანგდონი.
მსაჯი: ნილ ჰენესი (უელსი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული