worldrugby.org: ქართული რაგბი საიმედო ხელშია

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უკვე არგენტინაშია და მომავალი ოთხი საწვრთნელი მატჩისთვის, მასპინძლებისა და ურუგვაის ახალგაზრდულ ნაკრებებთან, ინტენსიურად ემზადება. ამასობაში კი, მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა ვებგვერდმა www.worldrugby.org-მა ჩვენს ახალგაზრდულ გუნდს ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ წერილიდან: 

"ქართულ რაგბის ნამდვილად დასამახსოვრებელი 2015 წელი ჰქონდა. "ბორჯღალოსნებმა" 2019 წლის მსოფლიოს თასზე ავტომატურად თამაშის უფლება მოიპოვეს, 18-წლამდელთა ნაკრებმა ახალგაზრდული რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" კი, ისტორიაში პირველად, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფაზე გაიმარჯვეს.

შარშან გამართულ ალაფაში მიღწეულმა წარმატებამ "უმცროს ბორჯღალოსნებს" მანჩესტერში გასამართ 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზური
მოუპოვა და ივნისში ამჟამინდელ ჩემპიონ ახალ ზელანდიას, ირლანდიასა და უელსს დაუპირისპირდებიან.

მთავარი მწვრთნელის, ილია მაისურაძის განცხადებით, ეს მათთვის უდიდესი პატივი, დიდი გამოწვევები და კარგი შესაძლებლობაა.

"ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოში უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ თამაში", - ამბობს მაისურაძე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 21 კეპი აქვს მოხვეჭილი, მათ შორის კი, 2007 წლის მსოფლიოს თასზე, როდესაც ირლანდიასთან ყველაზე მცირე სხვაობით დამარცხდა საქართველო.

"ჩვენი გამოწვევაა, ასეთ გუნდებს კარგი თამაში ვაჩვენოთ, მაქსიმალურად დავიხარჯოთ და ამ თამაშებიდან ის გამოცდილება მივიღოთ, რაც მომავალში მოთამაშეთა განვითარებას შეუწყობს ხელს იმ შესაძლებლობის მოსაპოვებლად, რასაც "ბორჯღალოსანთა" რიგებში თამაში ჰქვია.

ასევე მთავარი გამოწვევაა შარშანდელი ალაფის შემდეგ უკეთესი დონის რაგბის ჩვენება და ძირითადი უნარ-ჩვევების გამყარება, რადგანაც მჯერა, რომ რაც უფრო მაღალ დონეზე თამაშობ, ძირითადი უნარები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

კიდევ ერთი გამოწვევაა, გუნდი უკეთესად მოვამზადოთ ბობოლების წინააღმდეგ სათამაშოდ, როგორებიც ჩვენს ჯგუფში მოასპარეზე გუნდები არიან (ახალი ზელანდია, უელსი, ირლანდია). ვეცდებით, ამ მატჩებიდან საუკეთესო მივიღოთ, დავინახოთ, როგორ იმუშავა ჩვენმა მომზადებამ, თამაშის რა ნაწილია კარგი და რა ნაწილს სჭირდება უფრო მეტი დახვეწა".

ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მაისურაძე გუნდთან ერთად 4 მატჩის გასამართად სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა - ორი არგენტინასთან იქნება (20 და 24 თებერვალი) და ორიც ურუგვაისთან (29 თებერვალი და 4 მარტი).

"სამხრეთამერიკული ტურნე ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია"  - ამბობს მაისურაძე, რომელიც 2015 წლის მსოფლიოს თასის დროს მილტონ ჰეიგთან ერთად "ბორჯღალოსნებს" წვრთნიდა.

"ვეცდებით, რომ საუკეთესო გუნდი შევკრათ საუკეთესო თამაშის საჩვენებლად. შარშან ურუგვაისთან ვითამაშეთ და ვიცით, რომ მათ საკმაოდ სწრაფი, აგრესიული და მობილური გუნდი ჰყავთ. ეს თამაში მოვიგეთ, აგრამ ეს გასულ წელს იყო, წარსულია და ამჯერად მომავალზე უნდა ვიზრუნოთ.

არგენტინა ძალიან კარგი სარაგბო ქვეყანაა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და, ვფიქრობ, მათი თამაშის სტილი ჩვენს მოსამზადებელ გეგმას სრულიად ეთანხმება.

არგენტინა ჩვენზე უკეთესი გუნდია, მათ ძლიერი ფორვარდები, აგრესიული დაცვა, სწრაფი უკანა ხაზი ჰყავთ, რაც ძალიან კარგია, რადგანაც გვინდა საუკეთესოს შევეჯიბროთ. როდესაც საუკეთესოს ეთამაშები, მაშინ ყველაზე კარგად აღმოაჩენ შენს ძლიერ და სუსტ მხარეებს.

ამ ტურნეზე მინდა, ბიჭებისგან პასუხისმგებლობის გრძნობა დავინახო, მათ მიერ იმის გააზრება მინდა, რომ საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში პირველად ასპარეზობს და მჭირდება მათი მუდმივი განვითარება, რათა საუკეთესო ფორმაში იყვნენ, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად - ეს გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. როდესაც მანჩესტერში ჩავალთ ჩვენ ძლიერი ხასიათი გვჭირდება და გვინდა, რომ მთელი გუნდი ერთი კონკრეტული მიზნის ირგვლივ იყოს გაერთიანებული, რადგანაც მოედანზე დიდი სირთულეები ჩნდება და მთავარი, რაც მათ გააერთიანებს, სწორედ ეს იქნება".

მაისურაძე კმაყოფილებას გამოთქვამს ვასილ ლობჟანიძესთან დაკავშირებით, რომელიც 20-წლამდელთა ალაფის დროს გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო და რომელიც გასულ მსოფლიოს თასზე ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბის სახელით შევიდა. ის ამ გუნდსაც შეურთდება მანჩესტერში.

"ეს მთლიანად ახალგაზრდული რაგბისთვის ძალიან კარგი მოვლენაა", - აცხადებს მაისურაძე ლობჟანიძის მიღწევებზე. მსოფლიოს თასზე ლობჟანიძე ნომინირებული იყო, როგორც "წლის აღმოჩენა" და მას უკვე 12 კეპი აქვს მოპოვებული საქართველოს ნაკრებში.

"ვასილისთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო შარშანდელი ალაფა. ასაკობრივ ნაკრებში მისმა ასპარეზობამ კარგი გამოცდილება მისცა და "ბორჯღალოსნებში" მოსახვედრად მოამზადა მსოფლიოს თასისთვის. ეს ყველაფერი ძალიან დიდი მოტივაციაა ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რადგანაც ისინი ხედავენ, რომ თუ ბევრს შრომობ და გაქვს ნიჭი, ყოველთვის შეგიძლია უმაღლეს დონეზე ასვლა.

ჩვენთვის შეუფასებელია ასეთი მოთამაშის ყოლა გუნდში, რომელმაც ეროვნული ნაკრების სახელით მსოფლიოს თასზე უდიდესი გამოცდილება მიიღო".

20-წლამდელთა ნაკრებში ლობჟანიძე ერთადერთი არ არის, ვინც "ბორჯღალოსნის" ტიტული მოიპოვა - ბექა გორგაძე, გიორგი მელიქიძე და რეზო ჯინჭველაშვილიც ამ კატეგორიის მორაგბეები არიან.

"ქართული ასაკობრივი ნაკრებები ვითარდებიან. შარშან 18-წლამდელებმა და 20-წლამდელებმა არაჩვეულებრივი თამაში გვაჩვენეს. ქართული კლუბებიც წინ მიიწევენ და უკეთეს ახალგაზრდებს ვზრდით. რაგბის ქართულმა ეროვნულმა აკადემიამ უკვე დაიწყო მუშაობა და მალე უკეთესი მოთამაშეები გვეყოლება. ასე რომ, ვფიქრობ, ქართულ ახალგაზრდულ რაგბიში ყველაფერი კარგად მიდის და კარგ ხელშია.

ფაქტია, რომ მომავალი უფრო ნათელი ჩანს ახლა, ვიდრე ოდესმე", - დასძინა ილია მაისურაძემ.

რთულია,  შორიდან ეს ყველაფერი შეაფასო, მაგრამ როგორც ერთ-ერთი ქართული სპორტული გაზეთი "ლელო" იუწყება (გამოკითხვა Sportall.ge-მ მკითხველებს შორის ჩაატარა), ქომაგების გამოკითხვის შედეგად საქართველოში რაგბი ნომერ პირველ სახეობად 50,3%-მა დაასახელა, ფეხბურთი კი მხოლოდ 30%-მა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალიც არის ან ფეხბურთს ვინ მისცა 30
პროცენტი მიკვის ამ ხალხის ფეხბურთს 5 პროცენტზე მეტიც არ ეკუთვნის
misha
20:22 22-02-2016
0

სიახლეები პოპულარული