"უმცროსი ბორჯღალოსნები": ჯერ კლერმონი, მერე ლისაბონში

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელები საფრანგეთის ქალაქ კლერმონში გაემგზავრნენ, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის საწვრთნელ შეკრებას გაივლიან. შეკრების მსვლელობისას "უმცროსი ბორჯღალოსნები" ორ ერთობლივ ვარჯიშს და ერთ მატჩს გამართავენ "კლერმონის" თანატოლთა გუნდთან.

შეკრების შემდეგ, 12 მარტს, 18-წლამდელები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაემგზავრებიან და ტურნირისთვის მზადებას ადგილზე განაგრძობენ. "რაგბი ევროპის" 18-წლამდელთა ჩემპიონატი კი 17 მარტს დაიწყება და 27 მარტამდე გასტანს.

შეგახსენებთ, "უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონები არიან. შარშან მათ ფინალში წააგეს საფრანგეთის ნაკრებთან, იქამდე კი მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში, შესაბამისად, ირლანდიასა და იტალიას სძლიეს.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს
ირლანდიის, ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის ასაკობრივმა ნაკრებებმა. შესაბამისად, ელიტდივიზიონიდან მხოლოდ საფრანგეთი, საქართველო და პორტუგალია დარჩა, ხოლო გათამაშებას რუმინეთი, რუსეთი, გერმანია, ესპანეთი და ბელგია დაემატნენ.

ტურნირი, ტრადიციულად,  სამ ეტაპად - მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, და ფინალი - გაიმართება. განთესვის შედეგად მეოთხედფინალში ჩვენი 18-წლამდელები რუმინელ თანატოლებს ეთამაშებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში პორტუგალიისა და გერმანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.

18-წლამდელებს შეკრებაზე 20-წლამდელების სამხრეთამერიკული ტურნედან დაბრუნებული გელა აფრასიძე შეუერთდებათ. კლერმონშივე გუნდს ზურაბ საბელე, ქართული წარმოშობის "ბორდოს" გარემარბი დაემატება. ის საქართველოშია დაბადებული, რომლის ოჯახიც საცხოვრებლად საფრანგეთში გადასახლდა. შეკრებაზე ინგლისში ვითგიფტის კოლეჯში მოთამაშე მხტომელი ლაშა ჯაიანიც ჩავა.

გიორგი მაისურაძე, ფიზმომზადების მწვრთნელი:
"კლერმონში,  ძირითადად, სათამაშო ელემენტების დახვეწაზე ვიმუშავებთ. ფიზიკური კონდიციები კი, რაც მიღწეული გვაქვს, ის უნდა შევინარჩუნოთ. დიდი მნიშვნელობა ექნება, რამდენად სწორად დავგეგმავთ დასვენება-აღდგენით პროცესს".

დავით ჩავლეიშვილი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"კლერმონის ასაკობრივ გუნდთან ერთი საკონტროლო მატჩი გვექნება, რომელიც, ალბათ, ძალიან სასარგებლო გამოვა. გუნდი ძირითადად დალაგებულია, თუმცა არის მცირე ხარვეზები, რომლებიც დასახვეწია.

წინა წლებში იმ გუნდებთან, რომლებსაც უნდა ვეთამაშოთ, საფრანგეთის გარდა, მოგება არ გაგვჭირვებია. წლეულს ვნახოთ, ალბათ, სიტუაცია განსხვავებული იქნება. მასპინძლებს, პორტუგალიელებს ეყოლებათ კარგი გუნდი. ვფიქრობ, რუმინეთთანაც მძიმე მატჩი გველის. მათ პატარა ჩავარდნა ჰქონდათ, თუმცა უკვე ახალი თაობა წამოვიდა და ნელ-ნელა უმატებენ. საფრანგეთზე აღარაფერს ვამბობ. იქამდე ჯერ უნდა მივიდეთ. ჩვენი გუნდის მაქსიმუმი ამ ტურნირზე ფინალში გასვლაა".

ლაშა ჯაიანი, მეორეხაზელი:
"ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში თამაში. იმის გამო, რომ ინგლისში ვარ, გუნდთან დიდხანს ვარჯიში, ერთად ყოფნა ვერ შევძელი, მაგრამ ძალიან ვინდომებთ, ბიჭებმაც თბილად მიმიღეს და, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გამოგვდის". 

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაშვილი, ჯემალ შათირიშვილი (ორივე-ლოკომოტივი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), ლუკა აზარიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, ლევან პაპიძე (სამივე-ლელო).
მეორე ხაზი: გიგა გრიგალაშვილი (ლელო), ლაშა ჯაიანი (ვითგიფთის კოლეჯი), არსენ მაჩალაძე (აია).
მესამე ხაზი: თენგიზ გიგოლაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი (თიბიეს), ნიკოლოზ თეზელაშვილი (ყოჩები), სანდრო კალმახელიძე (არმია), ბექა საღინაძე (ლელო), თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა).
#9: ელგუჯა კიკვაძე (აია), იოსებ ხეტაშვილი, გელა აფრასიძე (ორივე-ლელო)
#10: საბა ხურცილავა (ლელო), თენგიზ პერანიძე (სართიჭალა)
#12-13: გიორგი გობეჯიშვილი (აია), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ლუკა მარგიანი (აკადემია), კოტე ხამაშურიძე (სართიჭალა)
#11-14: ივანე კალანდაძე (ლელო), არდაშ დარბოევი, გიორგი კილასონია (არმია), ზურაბ საბელე (ბორდო)
#15: გიორგი ნარიმანიძე (ხარები), ბექა მამუკაშვილი (ლელო)

ევროპის ჩემპიონატი. მეოთხედფინალი
18 მარტი
საქართველო-რუმინეთი
საფრანგეთი-ესპანეთი
პორტუგალია-გერმანია
რუსეთი-ბელგია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული