U20. ახალი ზელანდია VS საქართველო - უმკაცრესი გამოცდა მსოფლიოს ჩემპიონთან

AutoSharing Option
დღეს, 7 ივნისს, ინგლისურ მანჩესტერში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყება, რომელშიც პლანეტის 12 უძლიერესი 21 წლამდე მორაგბეთა ნაკრები იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები, რომელიც პირველად თამაშობს ამ დონის ტურნირზე, პირველ მატჩში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ახალი ზელანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში "ეი ჯეი ბელ სთედიუმზე" თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი წარმოადგენს.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ საბრძოლო რაზმი დაასახელა
და ოპტიმისტურად არის განწყობილი, რის საფუძველსაც ბიჭების ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა აძლევს.

"აკლიმატიზაციას დრო დასჭირდა და ამიტომ პირველი ორი დღე ძალების აღდგენას დავუთმეთ. შემდეგ კი მაქსიმალურად შევამცირეთ ვარჯიშების დრო, რათა ბიჭებმა დააგროვონ ენერგია. ახლა ჩვენი ამოცანაა, გავიმეოროთ ტაქტიკური მონახაზები და მაქსიმალურად დავასვენოთ ისინი.

ტურნირის რეჟიმი მნიშვნელოვნად განსხვავდება მოსამზადებელი პერიოდისგან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დეტალების დახვეწაზე მუშაობა, რათა ბიჭები თამაშამდე არ გადაიღალონ. პატარა დოზებით მიმდინარეობს უნარების და ჩვენი სისტემების, შეტევისა და დაცვის დეტალების დახვეწა, რაც მუდმივი პროცესია.

ვეთამაშებით მსოფლიო ჩემპიონს და ბიჭები ძალზე მოტივირებულნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ზელანდია მსოფლიო ჩემპიონია, არ მეგულება მწვრთნელი ან მოთამაშე, ვინც წინასწარ წასაგებად გადის მოედანზე. უპირატესობა, რა თქმა უნდა, მათ მხარეს იქნება, რაც ჩვენთვის კარგიც არის.

გავაკეთეთ ანალიზი, შეძლებისდაგვარად შევისწავლეთ მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები და ამის მიხედვით მოვემზადეთ. ვეცდებით, მაქსიმალურად დავუპირისპიროთ ჩვენი ძლიერი მხარეები და ვნახოთ, ბიჭები როგორ იმოქმედებენ კრიტიკულ სიტუაციებში. ამაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.

ამ თამაშში მნიშვნელოვანი იქნება, რომ გუნდმა ზედმიწევნით შეასრულოს დავალება შერკინებასა და დერეფანში, მოვიპოვოთ უპირატესობა ამ კომპონენტებში და მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი მოწინააღმდეგეს. ახალზელანდიელები ღია თამაშში ძალიან კარგები არიან. ამიტომ დრო და სივრცე უნდა შევუზღუდოთ და შეძლებისდაგვარად, არ უნდა მივცეთ მეტი სათამაშო დრო და მანძილი. ტექნიკურად ძალიან ძლიერები არიან და შეიძლება ერთი-ერთზე ბრძოლისას უპირატესობას მიაღწიონ. ბურთი უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი ტექნიკურად კარგად შევასრულოთ.

პირველ ხაზში რა შემადგენლობითაც დავიწყებთ თამაშს, მასზე არანაკლები პირველი ხაზი გვეყოლება მარქაფაში. მეორე და მესამე ხაზშიც უფრო მეტ იმპულსს შევიტანთ თამაშში. ბექა გორგაძე და გიორგი ჯავახია მეორე სუნთქვას შეგვმატებენ შეცვლაზე.

თავისი გამოცდილებით, თავდაჯერებით და უნარებით ვასილ ლობჟანიძე ძალიან ეფექტური იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ლობჟანიძე ძალიან კარგად ითამაშებს და გუნდს სათანადოდ წარუძღვება.

ცენტრში ძალიან ეფექტური დაცვის მოთამაშე და, ამავდროულად, ხაზის კარგი გამჭრელი გვყავს - სანდრო ილურიძე, ხოლო მეორე შუამარბი გიორგი კოშაძე, ძალიან კარგი მოაზროვნე მორაგბეა და ჩვენს გუნდში,  ფაქტობრივად, "ხაზის ტვინს" წარმოადგენს".

"საქართველოს პირველად ვეთამაშებით და ვიცით, რომ არ მოერიდებიან ფიზიკურ კონტაქტს, ძლიერად ითამაშებენ, შერკინებაში მაგრად მოგვაწვებიან და ალბათ, ისეთი თამაში მოგვიწევს, როგორც არგენტინის ან საფრანგეთის წინააღმდეგ.

ქართველები დიდები და ღონიერები არიან. შერკინებაში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მსგავსი თამაში გვექნება", - განაცხადა ყოფილმა "ოლ ბლექმა", ახალი ზელანდიის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სქოთ რობერთსონმა, რომელმაც სამატჩო რაზმში სუპერრაგბის ხუთი მოთამაშე დაასახელა.

საქართველო:
15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14. დავით მესხი (არმია), 13. გიორგი კოშაძე (ხარები), 12. სანდრო ილურიძე (აკადემია), 11. სანდრო მერკვილიშვილი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი). 1. ნიკა ნეფარიძე (კლერმონ), 2. ლაშა საჯაია (ჯიქი), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. დემურ ეფრემიძე (ყოჩები), 6. ირაკლი ცხადაძე (არმაზი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ბრივი), 8. ოთარ გიორგაძე (კლერმონ)
16. თორნიკე მატარაძე (აია), 17. გიორგი ხუროშვილი (არმაზი), 18. ლაშა ტაბიძე (ბორდო), 19. გიორგი ჯავახია (ლიონი), 20. ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), 21. გელა აფრასიძე (ლელო), 22. რატი შანიძე (ლელო), 23. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები)

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი
7 ივნისი
საქართველო-ახალი ზელანდია

11 ივნისი
საქართველო-უელსი

15 ივნისი
საქართველო-ირლანდია

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ვამაყობ ჩვენი ბიჭებით!!!!!
გულით და სულით თქვენთან ვართ მთელი საქართველო, გაიხარეთ და გამრავლდით!!!!
daviti
20:40 07-06-2016
0
ლინკი თუ იცით ვინმემ
zviadi
21:52 07-06-2016
0

სიახლეები პოპულარული