საქართველოს ჩემპიონატი მე-12 ტურის შეხვედრებით განახლდა. ქვეყნის ჩემპიონმა თბილისის "ლელომ" საკუთარ "ლელო არენაზე" "არმიას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით - 27:26 დაამარცხა.
"ლელოს" ამ შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი მორაგბე დააკლდა. გიორგი ჭყოიძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლაშა ხმალაძე, ალექსანდრე თოდუა და გელა აფრასიძე ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი და ამჟამად ტულუზთან ახლოს იმყოფებიან საწვრთნელ შეკრებაზე. ალბათ, სწორედ ამის ბრალი იყო, რომ "ლელომ" საწყის წუთებში თამაში ვერ დაალაგა.
"არმიას" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში შერკინებამ სტატიკურ მდგომარეობაში
წინდაწინ უნდა ითქვას, რომ ურჯუკაშვილი მატჩის საუკეთესო მექულე გამოდგა, არმიელთა ყველა, 26-ივე ქულა სწორედ მის ანგარიშზეა. 27-ე წუთზე "ლელო" უკვე რაკში თამაშისას დაჯარიმდა და ურჯუკაშვილმა ესეც გამოიყენა - 9:0.
ასეთ დასაწყისს, ცხადია, არავინ ელოდა. "ლელო" ამის შემდეგღა გააქტიურდა და საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა. ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა თავისიანებს პირველი სამი ქულა მოუტანა - 3:9.
ორ წუთში "არმიამ" მეტოქის 22-მეტრიან ზონაში დანიშნული შერკინება ისევ მოიგო. ჯერ მარჯვნივ, მოკლე ფრთიდან შეუტია, მერე მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გამოათამაშეს ბურთი და ლელოში ურჯუკაშვილმა შეაღწია. გარდასახვა მანვე დაარტყა და გაუცუდდა - 14:3.
"ლელო", ცხადია, დანებებას არ აპირებდა. მასპინძლებმა 39-ე წუთზე საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა ბურთი აუტში გადაიტანეს. დერეფნიდან მოლი ააგორეს და ჩათვლის მოედანში შეაღწიეს. ბოლოს ბურთით ხელში ელგუჯა სურგულაძე იყო. ყიასაშვილმა გარდასახა - 10:14.
ტაიმის მიწურულს ურჯუკაშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და "არმია" შვიდი ქულით დააწინაურა - 17:10.
შესვენების შემდეგ, საწყისი ათი წუთი ისევ არმიელების იყო. 50-ე წუთზე ურჯუკაშვილმა ისევ საჯარიმო დაარტყა - 20:10. სამ წუთში "ლელომ" პირველ ტაიმში გატანილი ლელოს იდენტური ლელო მიითვალა. ჩემპიონების მოლს "არმიამ" ვერაფერი მოუხერხა და თავი ისევ სურგულაძემ გამოიჩინა. ყიასაშვილმა გარდასახა - 17:20.
ამას ისევ ურჯუკაშვილის საჯარიმო მოჰყვა - 23:17, რაზეც 65-ე წუთზე "ლელომ" მრავალფაზიანი შეტევით უპასუხა და მარჯვენა ფრთაზე ყიასაშვილმა კიდესთან ახლოს ლელო გაიტანა. გარდასახვაც თვითონვე დაარტყა და თავისიანები მატჩში პირველად დააწინაურა - 24:23.
"არმიამ" კიდევ ერთხელ შეძლო ანგარიშში წინ გასვლა. ისევ ურჯუკაშვილის ზუსტი საჯარიმოს შემდეგ 26:24-ით უკვე არმიელები იგებდნენ. თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი სტუმრები მოედნის ცენტრთან ახლოს დაჯარიმდნენ. ყიასაშვილმა 48 მეტრიდან კარის ძელებს შორის გაატარა ბურთი და "ლელოს" გაამარჯვებინა.
დიდი 10. XII ტური
ლელო-არმია 27:26
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ჩიტიძე, ხეცურიანი, გავაშელიშვილი, თუთბერიძე, ბარკალაია, ახობაძე. (1-8) მარგალიტაძე (ჯულაყიძე 63), ლომთაძე, ქართველიშვილი (მჭედლიძე 63), ხორბალაძე (სიხარულიძე 41), ქოიავა, ბუბუტეიშვილი (საღინაძე 54), სურგულაძე, მაისურაძე.
3ლ: სურგულაძე (2), ყიასაშვილი. 3გ,2ს: ყიასაშვილი
სინბინი: ბარკალაია
არმია (15-9) გაბუნია, კალანდაძე, მერკვილიშვილი, ურჯუკაშვილი, მესხი (ჯიმშელაძე 48), ჭინჭარაული, დავითაშვილი (მახარაშვილი 60). (1-8) ხელია, მეკოკიშვილი, კელენჯერიძე, გიგაური, აზალაძე, კალმიძე, დაუშვილი, სპანდერაშვილი (რეხვიაშვილი 78)
ლ,7ს: ურჯუკაშვილი
სინბინი: მეკოკიშვილი
მსაჯი: შოთა თევზაძე
სხვა მატჩები
ბაგრატი-არმაზი 0:57
ლოკომოტივი-აკადემია 6:10
ყოჩები-ბათუმი 10:40
ჯიქი-აია 13:18
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 12 8 2 2 +72 41 5
2. ბათუმი 12 9 0 3 +136 40 4
3. აია 12 9 0 3 +48 39 3
4. ლოკომოტივი 12 8 1 3 +65 38 4
5. ჯიქი 12 6 1 5 +88 34 8
6. აკადემია 12 6 0 6 -2 28 4
7. არმია 12 5 0 7 -37 23 3
8. ბაგრატი 12 3 0 9 -169 17 5
9. არმაზი 12 3 0 9 -64 15 3
10. ყოჩები 12 1 0 11 -137 7 3.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"