დიდი 10. პლეი ოფი: ბრძოლები გორსა და რუსთავში

AutoSharing Option
ამ უქმეებზე გორსა და რუსთავში საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფის შესარჩევი და გასავარდნი ფინალები გაიმართება.

გასავარდნ ფინალში, ნომინალური მასპინძელი თბილისის "აკადემია" იქნება, რომელიც რუსთავის სარაგბო სტადიონზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის "ლელოს" დაუპირისპირდება. გორში კი, რეგულარული გათამაშების გამარჯვებული "ჯიქი" მეორეადგილოსან "ბათუმს" შესარჩევ ფინალში შეხვდება.

თბილისური გუნდების დაპირისპირება, წესით, "აკადემიას" მოედანზე უნდა გამართულიყო, მაგრამ რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს საასპარეზო არენად ნეიტრალური რუსთავი შეირჩა, თორემ მატჩის გამართვა, ცხადია, "ლელო არენაზეც" შეიძლებოდა.

აკადემიელებმა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიურპრიზი შემოგვთავაზეს. ჯერ იმით, რომ პლეი ოფში
გააღწიეს. მერე კი, ერთ-ერთი ფავორიტი ქუთაისის "აია" მისსავე მოედანზე დაამარცხეს და მოწინავე ოთხეულში ადგილი გაინაღდეს.

ახლა, "აკადემიას" არანაკლებ რთული ამოცანა აქვს გადასაჭრელი. მისი ამჟამინდელი მეტოქე "აიაზე" არანაკლები ფავორიტია. წესით აკადემიელებს ფსიქოლოგიური წნეხი მოხსნილი უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ უკვე იმაზე მეტი შეძლეს, ვიდრე მათგან მოელოდნენ. თუმცა, თავად "აკადემიის" მორაგბეები და მწვრთნელები შესაძლოა ასე სულაც არ ფიქრობენ და გულში მიზნად ჩემპიონობა აქვთ ამოჭრილი.

ერთი სიტყვით, რუსთავში სერიოზული ბრძოლაა მოსალოდნელი. "ლელო" მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულ გათამაშებაში მეოთხე ადგილზე გავიდა, მაინც ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტია. გუნდი შესანიშნავადაა დაბალანსებული და მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ჰყავს მივლენილი, მაინც სერიოზული ძალაა ნებისმიერი გუნდისთვის.

ეს პლეი ოფის მატჩშიც დადასტურდა, სადაც "ლელომ" ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი "ლოკომოტივი" დაამარცხა და დიდი სათამაშო უპირატეობა ჰქონდა. ამ მატჩში ლელოელებს ეროვნული ნაკრების ტრავმირებული ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი აკლდათ, რომელიც "აკადემიასთან", სავარაუდოდ, მოედანზე გამოვა.

რეგულარულ გათამაშებაში ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი "ლელომ" 19:13 მოიგო. მეორე წრეში კი "აკადემიამ" სრულფასოვანი რევანში აიღო - 29:13.

გორის "ჯიქმა" პირველად მოიგო რეგულარული გათამაშება. ეს ახალგაზრდული გუნდი ამ წარმატებისკენ წლებია ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს და ჩემპიონის ტიტულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

"ჯიქმა" რეგულარული გათამაშების 18 მატჩიდან 12 მოიგო, 5 წააგო და ერთიც ფრედ დაასრულა. მომავალ მეტოქეს, "ბათუმს" გორელებმა მხოლოდ ორი ქულით გაუსწრეს. აღსანიშნავია, რომ "ჯიქმა" ყველაზე მეტი საპრემიო ქულა მოიპოვა - 11. ცხადია, ამანაც მნიშვნელოვნად განაპირობა, რომ გუნდმა რეგულარული გათამაშება სატურნირო ცხრილის სათავეში დაასრულა.

პირველ წრეში "ჯიქმა" შინ წააგო "ბათუმთან" - 5:18. მეორე წრეში კი, სტუმრად რევანშის აღება შეძლო - 21:19. ამ სტატისტიკური მაჩვენებლებიდანაც კარგად ჩანს, რომ ამ შეხვედრაში წინასწარ გადაწყვეტილი არაფერია და რაგბის ქომაგს დიდი ბრძოლის მოლოდინი უნდა ჰქონდეს.

დიდი 10. დიდი 10. პლეი ოფი:
შესარჩევი ფინალი

29 აპრილი
ჯიქი-ბათუმი

გასავარდნი ფინალი
30 აპრილი
აკადემია-ლელო .

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული