საქართველოს ჩემპიონატი: "აიამ" მოგება გაიხსენა

AutoSharing Option
მეორე ტურში სტუმრად "არმიის" დამარცხების შემდეგ ქუთაისურ გუნდს მოულოდნელი ჩავარდნა დაეწყო. მომდევნო სამი მატჩიდან მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა ორი წააგო და ერთი ფრედ ითამაშა.

"აიას" უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდა, ამ დაპირისპირებაში მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა ეზრუნა.

შეხვედრა საინტერესო და დინამიური გამოდგა. თავიდან უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ. "არმაზის" მგეზავმა დავით კიკნაძემ დაახლოებით 40 მეტრიდან საჯარიმო ზუსტად დაარტყა და სტუმრები დააწინაურა - 3:0.

დავით ვართანიანის გუნდმა რამდენიმე მწვავე შეტევაც განახორციელა, მაგრამ ქუთაისელებმა თავი კარგად დაიცვეს, მალე კი თავადაც
გააქტიურდნენ და გაგა სინაურიძემ თავისიანები ზედიზედ ორი საჯარიმოთი წინ გაიყვანა - 6:3.

შეხვედრა ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა, თუმცა ტაიმის ბოლო ათ წუთში მასპინძლებმა იძალეს და "არმაზს" ორი ლელო გაუტანეს - ქუთაისელთა მარჯვენაფლანგელის, გიორგი აბრამიძის გარღვევის შემდეგ გელა შალამბერიძემ შეძლო სტუმართა ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება.

ბესიკ ხამაშურიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და "აია" წინ გაიჭრა - 13:3. შესვენებამდე ქუთათურები კიდევ უფრო დაწინაურდნენ. ხამაშურიძისა და გიორგაძის შეგირდები შერკინების შემდეგ მოლით მიაწვნენ, წარმოქმნილი ზედახორიდან მეტოქეს ლევან თხელიძე დაუსხლტა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში, გვერდით ხაზთან ახლოს დაამიწა.

ხამაშურიძემ გარდასახვა კვლავ ზუსტად დაარტყა და ქუთაისელები შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით წავიდნენ - 20:3.

მასპინძლებისთვის მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, სინაურიძემ ჯარიმა გაიტანა და თავისიანები 20 ქულით დააწინაურა - 23:3. თითქოს ამას "არმაზი" საბოლოოდ უნდა გაეტეხა. თბილისელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი მარცხს არ შეეგუენ და მასპინძლებს, რომლებიც უკვე პრემიალურ ქულებზე ფიქრობდნენ, საქმე ძალიან გაურთულეს.

ქუთაისელებმა "არმაზის" ორი მწვავე შეტევა ზედ ჩათვლის ხაზთან შეაჩერეს, თუმცა მესამე ჯერზე მათ იერიშს ვეღარ გაუძლეს. შერკინების შემდეგ სტუმრები მოლით მიაწვნენ და სტუმართა კვაჭმა გიორგი სოსელიამ ურთულეს ვითარებაში მოახერხა ლელოს გატანა. კიკნაძემ გარდასახვა ვერ გამოიყენა, ბურთი ხარიხას მოხვდა.

რამდენიმე წუთში სოსელიამ იმავე სტილში კიდევ ერთი ლელო მიითვალა, თუმცა კიკნაძეს გარდასახვა ამჯერადაც გაუცუდდა - 23:13. დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ორივე გუნდი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მსაჯობით უკმაყოფილო იყო. თემიდის მიმართ პრეტენზიები მეორე ნახევარშიც გაგრძელდა, თუმცა ეს ყოველივე რაიმე ინციდენტში არ გადაზრდილა.

ამ დაძაბულ ფონზე გადამწყვეტი გიორგი აბრამიძის ლელო გამოდგა, რომელიც ფლანგზე მეურვეებს სწრაფად დაუსხლტა და მისი შეჩერება ვეღარ მოახერხეს - 28:13.

მიუხედავად იმისა, რომ "არმაზი" მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, სტუმართა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა. უკანასკნელ წუთზე მინაშვილმა მასპინძლებს მესამე ლელო გაუტანა, რასაც კიკნაძემ ზუსტი გარდასახვა მიაყოლა და ნოდარ რობიტაშვილის სასტვენის ხმაც იქვე გაისმა - 28:20. დაძაბულ ბრძოლაში "აიამ" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.

აია-რმაზი 28:20
აია (15-9): ხამაშურიძე, აბრამიძე, კვერნაძე, კუხიანიძე, გოშაძე (ფრუიძე 50), სინაურიძე (ზიბზიბაძე 71), გოგია (როხვაძე 50); (1-8) რატიაშვილი, მატკავა (ხელაძე 48), ულუმბელაშვილი (წაქაძე 48), რევიშვილი, შალამბერიძე, ყურაშვილი, შაშიაშვილი (დგებუაძე 67), თხელიძე
3ლ: შალამბერიძე, თხელიძე, აბრამიძე. 3ს: სინაურიძე. 2გ: ხამაშურიძე
სინბინი: როხვაძე
არმაზი (15-9): ჩხაიძე (მაისურაძე 54), ხუციშვილი, მაჩხანელი, კაიფაჯიანი, პინაიშვილი (ბროძელი 55), კიკნაძე, მისრიაშვილი; (1-8): ესართია (ჯიბლაძე 50), სოსელია, ბუკია, ჯიშკარიანი, ჭელიძე, კანდელაკი, მინაშვილი, თიგიშვილი
3ლ: სოსელია (2), მინაშვილი. ს.გ: კიკნაძე
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი

VI ტური
ილიაუნი ჯიქი-ყოჩები 17:6
ბათუმი-აკადემია 25:12
არმია-ხარები 24:12

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1. ლელო 6 5 0 1 +91 24
2. არმია 6 5 0 1 +44 22
3. ჯიქები 6 4 0 2 +31 19
4. არმაზი 6 4 0 2 +26 17
5. აია 6 3 1 2 -2 15
6. ლოკომოტივი 6 2 1 3 +8 14
7. ხარები 5 2 0 3 -21 9
8. ბათუმი 5 2 0 3 -26 5
9. აკადემია 6 1 0 5 -89 5
10. ყოჩები 6 0 0 6 -62 3

VII ტური
ლელო-ილიაუნი ჯიქი, ლოკომოტივი-არმაზი, ხარები-აია, აკადემია-არმია, ყოჩები-ბათუმი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი: "ლელომ" ლიდერობა შეინარჩუნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული