საქართველოს ჩემპიონატი: "ხარებმა" ტალახში ვერ გაქაჩეს

AutoSharing Option
"აიასა" და "ხარების" შეხვედრა საშინელი ამინდის ფონზე წარიმართა.

კოკისპირული წვიმა, ქარი და ატალახებული მოედანი მატჩისთვის კარგ წინაპირობას ვერ ქმნიდა და მართლაც, ყოველივე ამან შეხვედრას მნიშვნელოვანი დაღი დაასვა.

თამაშის დაწყებიდან ცოტა ხანში მორაგბეები ისე "აიზილნენ" ტალახში, რომ მათი მაისურების გარჩევა შეუძლებელი გახდა. ბურთი წყლით გაიჟღინთა, დამძიმდა და მოთამაშეებს მისი დამორჩილებაც უჭირდათ.

ასეთ პირობებში გახსნილი და ლაღი თამაში შეუძლებელი იყო, ამიტომაც გუნდები ძირითადად შერკინების ხარჯზე, ძალისმიერი თამაშით ცდილობდნენ ფონს გასვლას.

შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. ტრიბუნაზე მყოფმა 200-მდე მაყურებელმა პატივი მიაგო "აიას" ლეგენდარული
მორაგბის, ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნას. თამაშის დაწყებისთანავე მასპინძლების უპირატესობა გამოიკვეთა.

არადა, ქუთაისელებს სხვადასხვა მიზეზით ცხრა წამყვანი მორაგბე აკლდათ. ნაწილი საქართველოს შვიდკაცა და ახალგაზრდულ ნაკრებებში იყო გამოძახებული, ნაწილი კი ტრავმის გამო ტოვებდა შეხვედრას.

თამაშის დაწყებიდან სამ წუთში კი ერთ-ერთი ორთაბრძოლისას თორნიკე ლომიძეს თავი გაუტყდა და შესაცვლელი გახდა.

მასპინძლები მეტოქეს მთელი ძალებით უტევდნენ. სულ ისინი 22-მეტრიან ზონასთან მოძრაობდნენ და ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ რუსთაველები თავს კარგად იცავდნენ და ქუთათურებს ჩათვლის მოედნის ხაზის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდნენ.

ზაზა ხუციშვილის შეგირდებმა 23-ე წუთი გაუძლეს ქუთაისელთა ზეწოლას, მაგრამ მასპინძელთა აქტიურობამ შედეგი მაინც გამოიღო.

რუსთაველები საკუთარ 22-მეტრიანი ზონის ხაზთან დაჯარიმდნენ. ქუთაისელთა მოთამაშე მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და ბურთი ლევან თხელიძეს გადააწოდა, რომელმაც რუსთაველთა დაბნეულობით ისარგებლა და მათ ჩათვლის მოედანზე უპრობლემოდ დაამიწა.

რუსთაველებმა ლელო კი გააპროტესტეს, მაგრამ ამაოდ... გაგა სინაურიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა და "აია" დაწინაურდა - 7:0. ამის შემდეგ კობა გიორგაძისა და ბესიკ ხამაშურიძის შეგირდები კიდევ უფრო გააქტიურდნენ.

მორიგი შეტევისას ქუთაისელებმა საკუთარი აუტი მოიგეს, მეტოქეს მოლით მიაწვნენ და გელა შალამბერიძემ ბურთი კარის ძელთან ახლოს დაამიწა. სინაურიძემ გარდასახვა კვლავ ზუსტად დაარტყა - 14:0.

ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძლებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს, ამჯერად თავი მესამეხაზელმა ბექა ყურაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც რიონისპირელთა მორიგი ძალისმიერი შეტევა დააგვირგვინა.

სინაურიძემ ამჯერად გარდასახვა ვერ გამოიყენა - 19:0. ტაიმი "აიას" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ქუთაისელები უკვე პრემიალურ ქულაზე ფიქრობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმი სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა.

სტუმრები უფრო თამამად ათამაშდნენ, მეტოქეს მთელი ძალებით შეუტიეს და შედეგი თამაშის განახლებისთანავე მოიმკეს.

ქუთათურები საკუთარი ლელოს ხაზთან ახლოს დაჯარიმდნენ. სტუმრებმა კარში არ დაარტყეს, მეტოქეს მოლით შეუტიეს და გიგა ქვლივიძემ ერთი ლელო გაქვითა. მიხეილ წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად ვერ დაარტყა - 5:19.

მასპინძლებს, რომლებსაც სათადარიგოთა სკამზე შემცვლელიც აღარ ჰყავდათ, დაღლა დაეტყოთ.

რუსთაველები კი კიდევ უფრო გააქტიურდნენ და მატჩის დასრულებამდე დარჩენილი დრო ქუთაისელთა ნახევარზე გაატარეს.

მათ რამდენჯერმე მიეცათ საჯარიმოს დარტყმის საშუალება, მაგრამ კარში დარტყმას ბურთის კიდეზე გადატანა და იქიდან სალელოვე შეტევის წამოწყებას ამჯობინებდნენ, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.

მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა. "აიამ" მძიმე ბრძოლაში შეძლო "ხარების" დამარცხება და რეგულარულ ჩემპიონატში მესამე ადგილიც გაინაღდა.

აია-ხარები 19:5
აია (15-9) კვერნაძე, გოშაძე, კუხიანიძე, თუთბერიძე, შაშიაშვილი, სინაურიძე, ხამაშურიძე; (1-8) ლომიძე (რატიაშვილი 3), მატკავა (ლომთაძე 47), ულუმბელაშვილი, შალამბერიძე, ჩიტეიშვილი, რევიშვილი, ყურაშვილი, თხელიძე
3ლ: თხელიძე, შალამბერიძე, ყურაშვილი. 2გ: სინაურიძე
სინბინი: ყურაშვილი, კუხიანიძე
ხარები (15-9) მჭედლიშვილი (წიკლაური 50), მელიქიშვილი, ღამბაშიძე, ნათელაშვილი, ბებიაშვილი, ჭაავა (ბასილაია 44), ვ.ხუციშვილი; (1-8) მაჭარაშვილი (ტყეშელაშვილი 53), აღაშვილი, ხაბაშვილი, ხარძიანი (ხელაია 60), ბალიაშვილი, ღამბარაშვილი, გოგიაშვილი, ქვლივიძე
ლ: ქვლივიძე
მსაჯი: ნოდარ რობიტაშვილი

XVI ტური
არმია-აკადემია 54:20
არმაზი-ლოკომოტივი 16:18
ბათუმი-ყოჩები 46:7

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არმია 16 14 0 2 +183 65
2. ლელო 16 13 0 3 +220 62
3. აია 16 11 2 3 +188 54
4. ჯიქები 16 9 0 7 +67 44
5. არმაზი 16 10 0 6 +28 43
6. ლოკომოტივი 16 6 2 8 +2 34
7. ბათუმი 16 6 0 10 -34 29
8. ხარები 16 4 0 12 -138 21
9. აკადემია 16 4 0 12 -274 18
10. ყოჩები 16 1 0 15 -242 7

XVII ტური
აკადემია-აია, ჯიქები-ბათუმი, ყოჩები-არმია, ხარები-ლოკომოტივი, ლელო-არმაზი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი: "ლელო" "ჯიქებთან" დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული