საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტურის წინ

AutoSharing Option
საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა: მოქმედმა ჩემპიონმა "ლელომ" მოულოდნელი მარცხი იწვნია გასული სეზონის აუტსაიდერ "ყოჩებთან", მძიმე გამარჯვებებს მიაღწიეს გათამაშების ფავორიტებმა "არმიამ" და ქუთაისის "აიამ".

მეორე ტურიც არანაკლებ საინტერესო უნდა გამოდგეს და რამდენიმე უაღრესად საინტერესო მატჩის მომსწრე უნდა გახდეს სტადიონზე მისული გულშემატკივარი.

* * *
ტურის ცენტრალურ მატჩში ცხრილის სათავეში დამკვიდრებული "არმაზი" ავჭალის სარაგბო ბაზაზე თემურ ბენდიაშვილის გაწვრთნილ "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

სეზონის სტარტზე რკინიგზელებმა უმძიმესი ბრძოლა გადაიტანეს "ჯიქებთან" და ბოლო წუთებზე გამოგლიჯეს მეტოქეს გამარჯვება, თუმცა დღეს
მათ საკუთარი ძალების სრული მობილიზება ჰმართებთ, რათა უაღესად გაძლიერებულ "არმაზთან" წარმატებას მიაღწიონ.

თავის მხრივ დავით ვართანიანის გაწვრთნილმა გუნდმა "ბათუმის" წინააღმდეგ ყოველმხრივ გამართული რაგბი აჩვენა, რაც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ორივე გუნდს წარმატებაზე ფიქრის თანაბარი შანსები აქვთ.

შესაძლოა სწორედ "ლოკოსთან" დაპირისპირებაში დებიუტი ქონდეს საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს - ჰავბეკ ირაკლი აბუსერიძეს.

* * *
"შევარდენზე", თბილისურ დერბიში ერთმანეთს "ლელო" და "აკადემია" დაუპირისპირდებიან.

გასულ ტურში ნაწვნევი მწარე მარცხის შემდეგ მოქმედ ჩემპიონებს რეაბილიტაცია ჰმართებთ საკუთარი გუულშემატკივრის წინაშე და მათი მთავარი მიზანი ბონუს ქულით მოპოვებული გამარჯვება იქნება, თუმცა თავის მხრივ "აკადემიკოსებიც" არაფრის დათმობას არ აპირებენ, გასულ ტურში მათ თავდაუზოგავად იბრძოლეს "არმიის" წინააღმდეგ და ახლაც სანახაობრივი რაგბის თამაშს შეეცდებიან.

ორივე გუნდის შემადგენლობაშია დანაკლისი: "ლელოს" ძირითადი მგეზავი ლაშა ხმალაძე დააკლდება საზარდულის ტრამვის გამო, ხოლო "აკადემიას" ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი - მხტომელი საბა შუბითიძე.

* * *
ბათუმში, ანგისას სტადიონზე თემურ მგელაძის გაწვრთნილი "ბათუმი" ქუთაისის "აიას" უმასპინძლებს და შეეცდება პირველი ქულები მოიპოვოს მიმდინარე ჩემპიონატში.

საკმაოდ მძიმე თამაში უნდა გამოვიდეს, თუმცა ფავორიტები მაინც იმერლები არიან. უკანა ხაზი ქუთათურებს გაცილებით უფრო წარმომადგენლობითი ჰყავთ და შეუძლიათ ეს სათავისოდ გამოიყენონ, თუმცა მათი შერკინება შედარებით ახალგაზრდა და გამოუცდელი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული და მასპინძლებმა ეს ფაქტორი შესაძლოა საკუთარ კოზირად აქციონ.

* * *
15 სექტემბერს რუსთავში "ხარები" ახალაშენებულ ბაზაზე გასული სეზონის ვერცხლის მედალოსან "არმიას" მიიღებენ და შეეცდებიან მცირე სენსაცია მოახდინონ და ფავორიტად მიჩნეული მეტოქეები დაამარცხონ.

ტრადიციულად "ხარები" მძლავრი და მობილური შერკინების წყალობით შეეცდებიან უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ "არმიას" ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული შემადგენლობა ყავს და რეალურად ძალუძს ლაღი და გაშლილი თამაში მოახვიოს მეტოქეს თავს.

* * *
ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ გასული ტურის ორი ყველაზე სიმპათიური გუნდი წარსდგება: "ჯიქები" - "ბოლნისის ყოჩების" წინააღმდეგ.

გიორგი ამირხანაშვილს ძალიან ახალგაზრდული და საინტერესო გუნდი ჰყავს, რომელთაც გასულ ტურში საკმაოდ ბევრ ასპექტში დაჯაბნეს უაღესად გამოცდილი "ლოკომოტივი, ხოლო "ყოჩებმა" 6 ქულიანი სხვაობით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ "ლელოს მატჩის მეორე ნახევარი 26:0 მოუგეს და პირველი სენსაციის ავტორებიც გახდნენ.

ბოლნისელებს ხელის ტრავმის გამო დიდი ხნით გამოაკლდათ გარემარბი ირაკლი გეგენავა, საეჭვოა მარბიელი ჯაბა მალაღურაძის თამაშიც.

უმაღლესი ლიგა. II ტური
14 სექტემბერი
აკადემია-ლელო 17:00 (შევარდენი)
ლოკომოტივი-არმაზი 16:00 (ავჭალა)
ბათუმი-აია 17:00 (ანგისა)

15 სექტემბერი
ხარები-არმია 17:00 (ახალი)
ჯიქები-ბოლნისის ყოჩები 17:00 (შევარდენი)

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული