საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. II ტური: "ლელოს" აკადემიური გამარჯვება

AutoSharing Option
პირველ ტურში "ბოლნისის ყოჩებთან" ნაწვნევი მწარე მარცხის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი "ლელო" "აკადემიასთან" გასამართ თბილისურ დაპირისპირებას უაღრესად მოტივირებული შეხვდა.

ლევან მაისაშვილის დამოძღვრილმა გუნდმა პირველი წუთებიდანვე აქტიურად შეუტია და მორკინალთა აგრესიული თამაშის ფონზე მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მალევე შეაღწია, სადაც აკადემიკოსებმა ოფსაიდის ხაზი დაარღვიეს - მოპოვებული საჯარიმო 3 ქულად ფულბეკმა გოდერძი ჯოგლიძემ აქცია.

ნომინალური მასპინძლები დროულად გამოფხიზლდნენ, მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ და ტერიტორიულ უპირატესობასაც დაეუფლნენ. რამდენჯერმე მშვენიერი შანსიც ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სცოდავდნენ, რისთვისაც მაღალი კლასის მეტოქემ ისინი, რაღა თქმა უნდა, დასაჯა.

მოქმედმა ჩემპიონებმა საკუთარი ნახევრიდან წამოიწყეს სწრაფი კონტრშეტევა, ჯოგლიძემ ერთი ცრუ მოძრაობით ერთდროულად ორი მოწინააღმდეგე მოატყუა მარცხენა ფლანგზე, შემდეგ ცენტრისკენ გადმოინაცვლა, სადაც იგი ივანე დავითაშვილმა შებოჭა, თუმცა "ლელომ" მშვენივრად ისარგებლა იმ ფაქტით, რომ მეტოქემ ვეღარ მოასწრო დაცვის ხაზის დალაგება და სწრაფად ჩათამაშებული ბურთი საბოლოოდ ლექსო გუგავამ დაამიწა ჩათვლის მოედანში - 8:0.

ტაიმის მიწურულს გუნდებმა თითო შედეგიანი საჯარიმო დარტყმა გაცვალეს და მატჩის პირველი ნახევარიც 11:3 დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტზე გიორგი ლომთაძემ ლელოთი კიდევ უფრო გაამყარა სტუმართა უპირატესობა, შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი ყიასაშვილმა კი წარმატებით შეასრულა გარდასახვა - 18:3.

რამდენიმე წუთში "აკადემიამ" დავითაშვილის ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხა და სხვაობა 12 ქულამდე დაიყვანა 6:18. შეხვედრაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია, იმატა ემოციურმა ფონმაც, რაც საბოლოოდ გუნდურ ჩხუბში გადაიზარდა. მთავარმა მსაჯმა ორივე გუნდიდან თითო მორაგბე გაასინბინა - "აკადემიიდან" გიორგი ჩაბრაძე, ხოლო "ლელოდან" ელგუჯა სურგულაძე.

ლევან მაისაშვილის გუნდმა ნელ-ნელა, მეთოდურად გაზარდა უპირატესობა. მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში "ლელომ" აუტი მოიგო, მშვენიერი მოლიც ააგორა და ნიკოლაიშვილი ბურთიანად შევიდა ჩათვლის მოედანში. ყიასაშვილმა ამჯერადაც ზუსტად გარდასახა - 25:6.

სტუმართა ჰავბეკმა გიორგი კაჭარავამ არ დააგდო საკუთარი გუნდის სათამაშო ტემპი, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე წარმატებით გადალახა მოწინააღმდეგეთა წინაღობა და მესამედ დაალელოვა მასპინძლები.

მატჩში გამარჯვებულის ბედი დიდი ხნის გადაწყვეტილი გახლდათ, თუმცა არა მუშტი-კრივში: 74-ე წუთზე მსაჯთან კამათის გამო 10 წუთით აკადემიელთა მარბიელი დავით ნიბლაძე გაასინბინეს, ამ მოვლენიდან ერთ წუთში კი სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა ხელმეორედ იხილა გუნდური ჩხუბი, რომელიც ორიოდე წუთს გაგრძელდა - არბიტრმა ამჯერად 3 მოთამაშე გაასინბინა (ქოპილაშვილი და მინდიაშვილი წითელი ბარათებით, ლომთაძე ყვითლით), თუმცა ამით საერთო სურათი არ შეცვლილა.

ყიასაშვილმა საკუთარი მონაგარი ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმის წყალობით კიდევ 3 ქულით გაზარდა. მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე ბაჩანა კოლელიშვილმა მეოთხე ლელო გაიტანა, ხოლო ფულბეკის მიერ შესრულებული კიდევ ერთი ზუსტი გარდასახვით საბოლოო შედეგიც დააფიქსირა - 42:6.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. II ტური
აკადემია-ლელო 6:42
აკადემია: (15-9):მაკაროვი, ჭუაძე (კალანდარიშვილი), წასიძე (მელაძე), მარგიანი (ჩაბრაძე), სიჭინავა, ი. დავითაშვილი, ქოპილაშვილი; (1-8) ღამბაშიძე (ფეიქრიშვილი), წვერავა, წაქაძე (მაზმიშვილი), ნებულიშვილი, ბერიკაშვილი (მაღლაკელიძე), ნიბლაძე, გოგოლაძე (ჩაჩუა), ლუარსაბიშვილი
2ს: დავითაშვილი
სინბინი: ჩაბრაძე, ნიბლაძე, ქოპილაშვილი

ლელო: (15-9): ჯოგლიძე (ყიასაშვილი), გუგავა, კოპაძე, ცერცვაძე (კორკელია), ნიჟარაძე, მჭედლიშვილი, კაჭარავა; (1-8): სანიკიძე (კვერნაძე), ლომთაძე, მელიქიძე (პატარაია), ქოიავა, ხორბალაძე, სურგულაძე (ჭყოიძე), კოლელიშვილი, ნიკოლაიშვილი.
ლ: გუგავა, ლომთაძე, ნიკოლაიშვილი, კაჭარავა, კოლელიშვილი; ს: ჯოგლიძე (2), ყიასაშვილი; გ: ყიასაშვილი (4).
სინბინი: სურგულაძე, მინდიაშვილი, ლომთაძე

ლოკომოტივი-არმაზი 7:21
ლოკომოტივი: ლ: თავბერიძე გ: წიკლაური
არმაზი: ლ: ბროძელი, მინაშვილი, გიგაური გ: კიკნაძე (3)

ბათუმი-აია 9:18
ბათუმი: 3ს: ოდიშარია
აია: ლ: რატიაშვილი, ლოსაბერიძე; გ: ჯინჭველაშვილი; ს: ჯინჭველაშვილი, სინაურიძე

ხარები-არმია 11:38
ხარები: ლ: მელიქიშვილი; ჯ: კიკნაძე (2)
არმია: ლ: გაბროშვილი (2), აფციაური, ნუცუბიძე, შკინინი გ: კობახიძე (5); ა: ბაირამაშვილი

ჯიქები-ბოლნისი ყოჩები 22:22
ჯიქები: ლ: ხარაზიშვილი; გ: ხარაზიშვილი; ს: ხარაზიშვილი (5);
ბოლნისი ყოჩები: ლ: გოგიშვილი, ბეგაძე, ქუშაშვილი; გ: სოხაძე (2); ს: სოხაძე

სატურნირო მდგომარეობა
არმია - 9ქ; 2. არმაზი - 9ქ; 3. აია -9ქ; 4. ბოლნისი ყოჩები - 6ქ; 5. ლელო - 5ქ; 6. ლოკომოტივი - 4ქ; 7. ჯიქები - 3; 8. ხარები - 1ქ; 9. ბათუმი - 0ქ; 10. აკადემია - 0ქ.

გიორგი ბარბაქაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული