აია-ლოკომოტივი 12:15 - სინაურიძე-წიკლაურის დუელი

AutoSharing Option
"აიასა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირებას მრავალწლიანი ისტორია აქვს და ამ გუნდების შეხვედრა ყოველთვის უშეღავათო ბრძოლაში მიმდინარეობდა. გამონაკლისი 22 სექტემბერს გამართული მატჩიც არ ყოფილა.

წვიმისა და სველი მოედნის მიუხედავად, გუნდებმა მაქსიმუმი გაიღეს და ბოლომდე იბრძოლეს. თანაბარ პაექრობაში "ლოკომოტივს" უფრო გაუმართლა და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

თამაშის დებიუტში "აია" ხელდახელ თამაშს შეეცადა, მაგრამ მორაგბეებს სველი ბურთის დამორჩილება უჭირდათ და ზოგჯერ ხელიდანაც უცურდებოდათ. მასპინძლებმა თამაში მალე
დაალაგეს და შეტევებში გადავიდნენ. სინაურიძემ საკმაოდ შორიდან მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან ახლოს აუტში გადაკიდა ბურთი. ქუთათურებმა აუტი მოიგეს და მეტოქეს ხელდახელ შეუტიეს. ქუთაისელთა მგეზავმა გაგა სინაურიძემ კარის წინ მოიხელთა ბურთი და უმალ არეკნი დაარტყა, რომელმაც ძელებს შორის გაიარა - 3:0.

თემურ ბენდიაშვილის შეგირდებმა მწვავე შეტევით უპასუხეს, ლელოსთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ ქუთათურები დაცვაში კვლავ კარგად გაისარჯნენ და შეტევა მოიგერიეს. საპასუხო იერიშისას კი სინაურიძემ კვლავ ზუსტად დაარტყა არეკნი და ანგარიში გაზარდა - 6:0.

ამაზე თბილისელებმა ბექა წიკლაურის ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს - 3:6.

ტაიმის შუაწელში ბესიკ ხამაშურიძისა და კობა გიორგაძის შეგირდებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს. ქუთათურები ლელოს გატანასთან ახლოს იყვნენ, სამფაზიანი შეტევის შემდეგ სტუმრები დაჯარიმდნენ და მასპინძლებმა შეტევის გაგრძელებას კარში დარტყმა ამჯობინეს, თუმცა არ გაუმართლათ - სინაურიძემ ჯარიმიდან ბურთი ძელს გაარტყა.

ამის გამო მასპინძლები მალევე დაისაჯნენ, ლოკომოტიველთა ფულბეკმა წიკლაურმა მორიგი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა - 6:6. იქვე მან კიდევ ერთი საჯარიმო შეასრულა, მაგრამ ამჯერად შორი მანძილიდან ბურთი კარებამდე ვერ უწია.

ამასობაში სტუმართა სახიფათო იერიშის წესების დარღვევით შეჩერებისთვის ქუთაისელთა ახალგაზრდა ჰავბეკი თემურ თუთბერიძე გაასინბინეს. წიკლაურმა კი ამ ეპიზოდისას დანიშნული ჯარიმა სამ ქულად აქცია და "ლოკომოტივი" დააწინაურა - 9:6.

"აია" მოვლენების ასეთ განვითარებას არ შეეგუა და მეტოქეს შეუტია. სტუმრები თავიანთი ჩათვლის ხაზთან ახლოს დაჯარიმდნენ და ქუთაისელებმა შეტევის გაგრძელებას კვლავ კარში დარტყმა ამჯობინეს. სინაურიძემ ჯარიმა ზუსტად დაარტყა და ტაიმიც იქვე მორჩა - 9:9.

მეორე ტაიმიც უშეღავათო ბრძოლით დაიწყო. წიკლაურს კვლავ შეეძლო ლოკომოტიველთა დაწინაურება, მაგრამ ჯარიმა გაუცუდდა. ამას ქუთაისელთა სწრაფი შეტევა მოჰყვა, თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ დავით ლოსაბერიძემ ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედანზე დაამიწა, თუმცა ქუთაისელთა ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა - ირლანდიელმა არბიტრმა გარი კონვეიმ წინ პასი დააფიქსირა და ლელო არ ჩათვალა, რამაც ქუთაისელთა აღშფოთება გამოიწვია.

ნირწამხდარმა "აიამ" შეტევა განაახლა და იქვე ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღო. სინაურიძეს მიზანმა არ უმტყუნა და ქუთაისელები კვლავ დაწინაურდნენ - 12:9.

ტაიმის მეორე ნახევარი მასპინძლებისთვის "დათარსული" გამოდგა. ჯერ იყო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ლოსაბერიძე გაასინბინეს, შემდეგ სინაურიძემ კარგი პოზიციიდან არეკნი ვერ გაიტანა.

ქუთაისელები მდგომარეობას ვეღარ ამწვავებდნენ და თანდათან უპირატესობა "ლოკომოტივის" ხელში გადავიდა. მატჩის გმირმა ბექა წიკლაურმა დარჩენილ დროში ორი ჯარიმა გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური
აია-ლოკომოტივი 12:15
აია (15-9) კიკვაძე (აბრამიძე 47), კვერნაძე, ფრუიძე, ლოსაბერიძე, შაშიაშვილი, სინაურიძე (ჯინჭველაშვილი 71), თუთბერიძე (როხვაძე 70); (1-8) რატიაშვილი, მატკავა (ტორაძე 69), ულუმბელაშვილი (ჩხიკვაძე 58), შალამბერიძე, ჯიმშიტაშვილი (ჩიტეიშვილი 41), რევიშვილი, დანგაძე (ცირეკიძე 73), ყურაშვილი
2ს,2ა: სინაურიძე
სინბინი: თუთბერიძე, ლოსაბერიძე
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, შიოშვილი (კობერიძე 77), ქავთარაძე (ვასაძე 75), კავთიძე, ჟამუტაშვილი, ჭინჭარაული, ზაბახიძე; (1-8) ელოშვილი (გასვიანი 65), გენებაშვილი, ბალიაშვილი, ხოლუაშვილი, გეგია, ახვლედიანი, ჩიტიძე, თხელიძე
5ს: წიკლაური
მსაჯი: გარი კონვეი (ირლანდია)

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული