ლელო-ლოკომოტივი 20:14 - "ლელომ" ლიდერობა შეინარჩუნა

AutoSharing Option
"ლელოსა" და "ლოკომოტივის" დაპირისპირებას, შესაძლო იყო, სატურნირო ცხრილის ახალი ლიდერი გამოევლინა.

გამარჯვების შემთხვევაში რკინიგზელები საგრძნობლად დაწინაურდებოდნენ, თუმცა, ლიდერი ქუთაისის "აია" იქნებოდა. ასე არ მოხდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა "ლოკომოტივი" დაამარცხა - 20:14 და ლიდერობა შეინარჩუნა.

ლელოელებმა პირველი ტაიმის 35 წუთი აღმავლობით ჩაატარეს და მეტოქეს 17 ქულა აართვეს. განსაკუთრებით ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ჩემპიონების შესანიშნავი თამაში დაცვაში. კარგად ორგანიზებული და აგრესიული დაცვის ხაზის მეშვეობით, "ლელო" მეტოქეს იერიშის წამოწყებისა და განვითარების საშუალებას არ აძლევდა.

ანგარიში "ლელომ" მე-14 წუთზე გახსნა. მეტოქის 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან საკუთარი
დერეფნის მოგების შემდეგ გუნდის კაპიტანმა გიორგი კაჭარავამ ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე, ხაზზე გაათამაშა.

შეტევაში დროულად ჩაერთო ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი, რომელმაც ცრუ მანევრით ერთბაშად სამი მოწინააღმდეგე ჩამოიტოვა და ლელოში შეაღწია. მერე გარდასახვაც თვითონ გაიტანა და თავისიანები დააწინაურა - 7:0.

მომდევნო 15 წუთში მეტოქეებმა თითო საჯარიმო გაცვალეს და თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. ტაიმის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე "ლელომ" ბრწყინვალე კონტრშეტევა განახორციელა.

ბურთს მოედნის საკუთარ ნახევარზე გარემარბი ლექსო გუგავა დაეუფლა. მან დროულად შენიშნა მეტოქის მოშიშვლებული ზურგი და ბურთი ფეხით იუველური სიზუსტით გადაკიდა.

მას ყველაზე უმალ მესამეხაზელმა ბაჩანა კოლელიშვილმა მიუსწრო, მოხდენილი მოძრაობით იქვე მიმყოლი მოწინააღმდეგის ორი მორაგბე უსაქმოდ დატოვა და ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. ყიასაშვილს, რომელიც მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გარდასახვა არ გასჭირვებია.

ერთ წუთში ლელოს ავტორი მატჩის არბიტრმა განზრახ ბინძური თამაშისთვის გაასინბინა, რისთვისაც "ლოკომოტივმა" მეტოქე ლელოთი დასაჯა.

რკინიგზელებმა საჯარიმო აუტში გადაიტანეს. დერეფნის მოგების შემდეგ თამაში რაკში გადავიდა. მორკინალების რამდენიმე მოკლე დარტყმის შედეგად ლელოელებს მარცხენა ფრთა დაუცველი დარჩათ, რითაც კარგად ისარგებლა გიორგი გეგიამ და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ფულბეკმა ბექა წიკლაურმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 8:17. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ლოკომოტივი" უფრო აქტიური იყო, თუმცა მონაგარს მხოლოდ ორი საჯარიმო შემატა, რაზეც "ლელომ" ერთით უპასუხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მიითვალა - 20:14.

ლელო-ლოკომოტივი 20:14
ლელო (15-9) ყიასაშვილი, გუგავა, კოპაძე, ცერცვაძე, ნიჟარაძე, მჭედლიშვილი, კაჭარავა. (1-8) სანიკიძე, ბელქანია (ლომთაძე 67), პატარაია (მელიქიძე 54), ნიკოლაიშვილი, ქოიავა, სურგულაძე, კოლელიშვილი (მძინარიშვილი 77), ჭყოიძე.
2ლ: ყიასაშვილი, კოლელიშვილი. 2ს,2გ: ყიასაშვილი
სინბინი: კოლელიშვილი.
ლოკომოტივი (15-9) წიკლაური, ბიწაძე, ჭურღულია, კავთიძე, ჟამუტაშვილი, ჭინჭარაული, ზაბახიძე. (1-8) ელოშვილი, გენებაშვილი, ზარიძე (ბალიაშვილი 67), ხოლუაშვილი, გეგია (რ, სამხარაძე 53), ახვლედიანი (ბეკოშვილი 75), ბერიშვილი, კიკვიძე (გასვიანი 53).
ლ: გეგია. 3ს: წიკლაური.
მსაჯი: ნიკოლოზ ამაშუკელი

ყოჩები-ხარები 27:14
ყოჩები: 3ლ - გოგოლაშვილი (2), შენგელია. 3გ,ს,ა: სოხაძე.
ხარები: 2ლ - ნათელაშვილი (2). 2გ: ბასილაია.

აკადემია-ბათუმი 15:12
აკადემია: 5ს - მელაძე, დავითაშვილი (4)
ბათუმი: 4ს - ჩუბინიძე (3), კალანდაძე. სინბინი: კელენჯერიძე

ტურის სხვა მატჩები:
არმია-ჯიქები 18:18 - "ჯიქების" კიდევ ერთი გმირობა [PHOTO]
აია-არმაზი 28:3 - "აიას" დამაჯერებელი გამარჯვება

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 5 4 0 1 +69 19
2. აია 5 4 0 1 +38 19
3. ყოჩები 5 3 1 1 +33 15
4. არმაზი 5 2 0 2 +15 14
5. ლოკომოტივი 5 3 0 2 -3 13
6. არმია 4 2 1 1 +27 11
7. ჯიქები 5 1 2 2 -2 10
8. აკადემია 4 1 0 3 -52 5
9. ბათუმი 4 0 0 4 -59 1
10. ხარები 4 0 0 4 -66 1

VI ტური
აია-ყოჩები, არმაზი-არმია, ჯიქები-ლელო, ლოკომოტივი-აკადემია, ბათუმი-ხარები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული